როდის გადაწონის ეკონომიკის ზრდა ინფლაციას - კვირის პალიტრა

როდის გადაწონის ეკონომიკის ზრდა ინფლაციას

"გონივრული პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია წელიწადი საკმაოდ პოზიტიური შედეგებით დავასრულოთ“

მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც უპირველესად რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომს უკავშირდება, ემატება ჯერ კიდევ დაუსრულებელი პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც. ასეთ ვითარებაში როგორი იქნება საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა, რა პრობლემები შეექმნება ან არ შეექმნება რიგით მოქალაქეს და რაზე იქნება ეს დამოკიდებული, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- საქართველოს შიდასამომხმარებლო ბაზრის დაახლოებით 70% იმპორტზეა დამოკიდებული - ანუ იმპორტის მოცულობა ექსპორტისას აღემატება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სალდო შემცირდა - 2012 წელს ეს იყო დაახლოებით 760 მილიონი დოლარი, 2021-ში კი 211 მილიონამდე შემცირდა და მილიარდიანი ზღვარი პირველად გადავლახეთ - ცხადია, სალდო მაინც უარყოფითი გვაქვს. ხაზს ვუსვამ, საუბარია აგროსასურსათო პროდუქციაზე, რომელიც უშუალოდ მიმართულია საკვებზე მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. თუ მსოფლიოში პროცესები უარყოფითად ვითარდება, არასტაბილურობა პირდაპირ აისახება მოწოდების ინტენსივობასა და ფასებზე.

- ანუ რეალურად ორი ნეგატიური ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, რა გავლენას მოახდენს ეს მოსახლეობაზე?

- სამწუხაროდ, ასეა. პანდემიით გამოწვეულ მიზეზთა გამო, გაიზარდა იმ პროდუქციის წარმოების ხარჯები, რომლის იმპორტიორებიც ვართ და ამას დაემატა კიდევ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯების ზრდაც - ანუ ქართული ანდაზა რომაა, დამწვარზე მდუღარე დაასხესო, ის მდგომარეობაა. ორნიშნა ინფლაციაში კი ლომის წილი სწორედ გარენეგატიურ ფაქტორებს აქვს. ეს რომ არა, ჩვენ ინფლაციის მაჩვენებელი გვექნებოდა არა უმეტეს 4-5%-ის ფარგლებში. გარდა ამისა, საქართველო ასევე დიდწილად არის დამოკიდებული ენერგორესურსების იმპორტზე, რომელიც ჯამში 1,3 მილიარდ დოლარს აღწევს. შესაბამისად, მისი გაძვირება პირდაპირ ურტყამს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რადგან საბოლოოდ დომინოს პრინციპით აისახება სამომხმარებლო კალათის ღირებულებაზე.

მართალია, ჩვენ გარკვეულწილად უსაფრთხოების ბალიშიც გვაქვს შექმნილი გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შედეგად, აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, მაგრამ მხოლოდ გაზი ხომ არ გვჭირდება და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის სერიოზული იმპორტიორები ვართ. შესაბამისად, თითო ბარელი ნავთობის მხოლოდ 1 დოლარით გაძვირებაც კი, წელიწადზე გადაანგარიშებით, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ღირებულებას დაახლოებით 10 მილიონი დოლარით ზრდის. ორიოდე წლის წინ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ბუმი იყო და არ იცოდნენ, სად წაეღოთ ჭარბი ნავთობი. პანდემიის გამო წარმოება გლობალური მასშტაბით გაჩერებული იყო და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი არათუ დაეცა, 2020 წლის აპრილ-მაისში ნავთობს თუ ვინმე წაიღებდა, მწარმოებელი იქით უხდიდა ფულს... ახლა 1 ბარელის ფასი 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს, 2 წლის წინ კი 39 დოლარი იყო. ჩვენ დაახლოებით 1,2 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი გვჭირდება და ფასი 39 ლარიდან 100 დოლარამდე რომ გაიზარდა, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის გაძვირებაზეა საუბარი. ეს კი საბოლოოდ ისევ და ისევ სამომხმარებლო ფასების დონეს ურტყამს.

- გამოდის, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ყველაზე დიდ გავლენას ინფლაცია ახდენს და საქართველოში ამაში არსებითი წილი ნავთობის ფასს უდევს?

- მოდი, ასე ვთქვათ, იმ პროდუქტების გაძვირებასაც, რომელთა იმპორტს საკმაოდ მაღალი წილი უკავია საქართველოს შიდასამომხმარებლო ბაზარზე. ცხადია, მხოლოდ ნავთობპროდუქტები არ არის და ეს მარცვლეულს და სხვა ისეთ პროდუქტებსაც შეეხება, რომელთა იმპორტიორები ვართ. ერთობლივად ეს ახდენს გავლენას შიდასამომხმარებლო ბაზარზე.

- გასაგებია, რომ ზუსტი პროგნოზირება ძნელია, მაგრამ წლის ბოლომდე დაახლოებით რამდენი შეიძლება იყოს ინფლაცია და კონკრეტულად რომელი პროდუქტები რამდენით გაძვირდება ყველაზე მეტად?

- ეს დამოკიდებულია არა მარტო მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურაზე, არამედ იმაზე, თუ ჩვენი ეკონომიკა რამდენად ამუშავდება. მკითხველი არ უნდა დავზაფროთ და მხოლოდ ნეგატიური სურათი არ უნდა დავუხატოთ იმიტომ, რომ ზოგიერთი ნეგატიური პროცესი, რომელიც გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს, რაციონალური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ისევ ქართულ ანდაზას მოვიშველიებ, შარი ხეირად გვექცეს. ის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის ცალკეული ნაკადები სანქციებში მოექცა, შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიტანოთ. დამატებითი ტვირთის გატარება, ნავთობპროდუქტი იქნება თუ მშრალი ტვირთი, საქართველოს ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მისცემს. ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი კი ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს, ჩვენი ეკონომიკის საექსპორტო პოტენციალისა და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებასა და ვალუტის კურსის გამყარებას. ვალუტის კურსის გამყარება კი პირდაპირ ახდენს გავლენას იმ ფასებზე, რა ფასებითაც ჩვენ მსოფლიო ბაზარზე მოგვიწევს ცალკეული პროდუქტების შეძენა და შემოტანა. ამიტომ ცალსახად ვაი-უშველებლის ატეხა ნამდვილად არ იქნება სწორი. გონივრული პოლიტიკის წყალობით ჩვენ შეიძლება საკმაოდ პოზიტიური შედეგებით დავასრულოთ წელიწადი.

- რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და შესაძლებელი იქნება შედეგების უახლოეს პერიოდში დანახვა?

- ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მშვიდობის შენარჩუნებასა და იმ ფრთხილ პოლიტიკაზე, რაც საგარეო მიმართულებას უკავშირდება. საგარეო პოლიტიკის კომპონენტი კი არა მარტო სამხედრო საფრთხეების აცილებაა, არამედ ეფექტური და ეფექტიანი ეკონომიკური კავშირების დამყარებაც. ამიტომ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნაბიჯები სწორად იდგმება და გვაქვს საკმაოდ მაღალი შანსი და შესაძლებლობა, რომ საქართველო ამ ვითარებიდან გაცილებით სტაბილური მდგომარეობით გამოვიდეს.

- ყველა ეს დადებითი და უარყოფითი ფაქტორი რომ გავითვალისწინოთ, შედეგები ძირითადად მოსახლეობის რა კატეგორიაზე აისახება? აქვთ თუ არა საშუალოშემოსავლიან მოქალაქეებს ყველაზე მეტი პრობლემა?

- აისახება საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ვართ, ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე გვიწერია, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს ზრუნვა შედარებით დაბალშემოსავლიანებზე, იქნება ეს სუბსიდირება თუ პირდაპირ მონეტარული დახმარება. ამიტომ, ვფიქრობ, მდგომარეობა გამოწვევა იქნება ყველა სოციალური ფენისთვის, მაგრამ დაცულობის მხრივ სახელმწიფო ყველაზე უკეთ და კომპლექსურად სწორედ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას იცავს.

- ამის გათვალისწინებით აქცენტი საშუალო ფენაზე რომ გავაკეთოთ, მათთვის ცხოვრება რამდენით შეიძლება გაძვირდეს? იქნება ეს 5-6%, როგორც თქვენ ახსენეთ?

- ინფლაციის ტემპი პირდაპირ კავშირში არ არის ცხოვრების დონესთან. აქ მთავარი კრიტერიუმი ის გახლავთ, თუ რამდენად არის შესაბამისობაში ერთმანეთთან შემოსავლების ტემპი და ინფლაციის ზრდა. შესაძლოა ინფლაცია იყოს 5-6%-იანი, მაგრამ თუ შემოსავლები გაიზრდება 7, 8, 10%-ით და მეტით, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის ინფლაცია აღარ იქნება ასეთი მწვავე. ჩვენ ინფლაციის ტემპით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, არამედ იმის მიხედვით, თუ რა თანაფარდობაში არის ინფლაციის ტემპი მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების დინამიკასთან. თუ ეს შემოსავლები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინფლაციის ტემპი, მაშინ საგანგაშო და სავიშვიშო ბევრი არაფერი გვაქვს. თუ პირიქით, მაშინ ცხადია, პრობლემები მწვავე იქნება. მაგალითად, გასული წლის მიწურულს ხელფასის რეალური მსყიდველობითი უნარი 2,3%-ით შემცირდა - ინფლაციამ ისე გადაუსწრო ეკონომიკურ ზრდას, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ.

- წლის ბოლომდე ამ მიმართულებით როდის რა არის მოსალოდნელი?

- ხომ ხედავთ, როგორ ვითარებაში ვცხოვრობთ და ამის თქმა ძალიან ძნელია.

- დავუშვათ, წლის ბოლომდე ეს მდგომარეობა შენარჩუნდა...

- ეს ვითარება რომ გაგრძელდეს, ჩვენ ნამდვილად გვექნება ეკონომიკური ზრდაც და კეთილდღეობის ზომიერი ზრდაც. ისეთი არა, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, მაგრამ დაახლოებით 2-4%-ის ფარგლებში ნამდვილად იქნება.

- ეკონომიკის ზრდა და ინფლაცია როგორ გადაწონის ერთმანეთს? როგორი იქნება საშუალოშემოსავლიანი მოქალაქის მსყიდველობითი უნარი?

- 2-4%-ით რეალური ზრდა ნიშნავს, რომ ინფლაციაზე მეტი იქნება მოსახლეობის ნომინალური შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი. ხაზს ვუსვამ, თუ ის ტენდენცია და ვარაუდები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს გეოპოლიტიკური და სატრანსპორტო მდგომარეობის პოტენციალის გამოყენებას, შენარჩუნდება, ჩვენ ნამდვილად გვექნება საშუალება, რომ რეალურ განზომილებაში ვილაპარაკოთ მოსახლეობის შემოსავლების, სულ ცოტა, 2-4%-იან ზრდაზე.

რუსა მაჩაიძე