შეღავათი თვითმმართველობების ხარჯზე?! - კვირის პალიტრა

შეღავათი თვითმმართველობების ხარჯზე?!

პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. ქონების გადასახადი არის ერთადერთი გადასახადი, რომელიც ადგილზე რჩება და მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. როგორ აისახება სიახლე მუნიციპალიტეტებზე და მეორე მხრივ, რამდენად არსებითი იქნება ტურიზმისთვის შეღავათი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, თენგიზ შერგელაშვილს ესაუბრა.

- ყველა გადაწყვეტილებას სხვადასხვა მხარე აქვს. ერთი მხრივ, პანდემიის გამო ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა და ამ შეღავათის დაწესება მათ ფინანსურ პრობლემებს შეამცირებს, მეორე მხრივ კი, შემცირდება მუნიციპალიტეტების შემოსავალი, თუკი კომპენსირება არ მოხდება, რადგან ქონების გადასახადი ერთად­ერთი გადასახადია, რომელიც ადგილზე რჩება. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღება, ძალიან არასწორია და ამოვარდნილია ევროპული სტანდარტებიდან. ყოველ შემთხვევაში, ცნობილი არ არის და ძალიან მეეჭვება, რამე კონსულტაცია გამართულიყოს მუნიციპალიტეტებთან. თუ არ ჩამოვთვლით რამდენიმე მუნიციპალიტეტს - დიდ ქალაქებსა და ისეთს, სადაც დიდი საწარმოებია, მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში ფიზიკური პირების ქონების გადასახადი, ფაქტობრივად, არ შედის, არამედ ძირითადად შედის სწორედ ასეთი ობიექტებიდან. ამიტომ, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები შემცირდება.

- მუნიციპალიტეტებს სანაცვლო შემოსავლის მიღება როგორ შეუძლიათ?

- ცენტრალური ხელისუფლება კანონით ვალდებულია, თუ მისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებს შეამცირებს, ამის კომპენსირება მოახდინოს. თუმცა ძალიან ხშირად ეს ნორმა არავის ახსოვს, პრაქტიკაში კი მაინც შეიძლება მოუწიოს რაიმე სხვა სახით ამის კომპენსირებამ.

მთავარი პრობლემა ის არის, რაზეც წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ, რომ კანონით ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული შემოსავლის წყაროები და უნდა იყოს მიბმული რაღაც ფიქსირებულ მაჩვენებლებზე, ფორმულაზე. მუნიციპალიტეტის დაფინანსების სისტემა არ უნდა იყოს დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ შეუმციროს შემოსავალი და მერე მის კეთილ ნებაზე იყოს, მოახდენს თუ არა ამის კომპენსირებას, შეუვსებს თუ არა და როგორი ფორმით. ზოგიერთს შესაძლოა შეუვსოს იმით, რომ მაგალითად, გაუზარდოს კაპიტალური გრანტი, სხვას - არა და ა.შ.ამ ქვეყანაში ნებისმიერი კონკრეტული მაგალითის განხილვისას მივდივართ სისტემურ პრობლემამდე, რომ ძალიან მკაფიოდ და სწორად უნდა იყოს შერჩეული შემოსავლის ის წყაროები, რომელთაც მუნიციპალიტეტები იღებენ. უნდა იყოს მაღალი დონის საკანონმდებლო გარანტია, რომელსაც ითხოვს თვითმმართველობების ევროპული ქარტიაც. ასევე ითხოვს ქართული კანონმდებლობა, რომ გამიჯნული იყოს უფლებამოსილებები და შესაბამისობაში იყოს უფლებები და ფინანსური წყაროები. რაც მთავარია, თუ იქნება მყარი საკანონმდებლო გარანტია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მათთან კონსულტაციებით იქნება მიღებული. ჩვენთან ეს პრაქტიკა არ არის და ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტებს განიხილავს როგორც მის გაგრძელებას, რაღაც სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და დანამატს. ეს სრულიად ამოვარდნილია თვითმმართველობის პრინციპიდან.

- მუნიციპალიტეტებს ასეთი გადა­წყვეტილებების გასაჩივრების უფლება ხომ აქვთ?

- თუ მუნიციპალიტეტს დაგეგმილი ჰქონდა 2022 წლის ბიუჯეტში შემოსავალი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო შემცირდა და მისი კომპენსირებაც არ მოახდინა, რა თქმა უნდა, გასაჩივრება შეუძლია. თუმცა ამის პრეცედენტი არ მახსენდება და კარგი იქნება, თუკი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის სადავო საკითხების სასამართლო წესით განხილვის პრაქტიკა დამკვიდრდება.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ჩვენთან, ძირითადად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და არიან და სასამართლო განხილვას ვერავინ ბედავს. ახლა ამის უფრო მეტი შანსია და იმედია, ამ გზას მიმართავენ.

- ვინ უნდა გაასაჩივროს, საკრებულომ თუ მერმა? და სად გასაჩივრდება, ჩვეულებრივ სასამართლოში თუ საკონსტიტუციოში?

- საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს საკრებულოს, მერს - ჩვეულებრივ სასამართლოში. ამიტომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რაც ეხება ტურიზმის 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას, იმაზე იქნება დამოკიდებული, რა აქტით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

- პროცედურა როგორ წარიმართება, საკრებულოებმა უნდა შეიტანონ ცვლილებები ბიუჯეტებში?

- საკრებულოები წლის განმავლობაში ბიუჯეტს ძალიან ბევრჯერ ცვლიან და, თუკი შემოსავალი რომელიღაც წყაროდან უმცირდება, ცხადია, ეს უნდა ასახოს. განსხვავება ცენტრალურ და მუნიციპალურ ბიუჯეტს შორის ის არის, როდესაც ცენტრალური ბიუჯეტი რაღაც საგადასახადო შეღავათს აწესებს, მას აქვს არჩევანი - შეამციროს ხარჯები ან გაზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი და ფული ისესხოს. მუნიციპალიტეტს ეს არ შეუძლია, რადგან არ შეიძლება მუნიციპალიტეტს დეფიციტური ბიუჯეტი ჰქონდეს. მისი არჩევანი მარტივია - ან უნდა შეამციროს ხარჯები, ან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისცეს მეტი ფული.

- მუნიციპალიტეტებმა რა ხარჯები უნდა შეამცირონ?

- ადმინისტრაციულ ხარჯებს ვერ შეამცირებს. ამიტომ შესაძლოა შეამციროს ან მიმდინარე, ან კაპიტალური ხარჯები - ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები გააჩეროს და შემდეგი წლებისთვის გადაიტანოს.

- ქონების გადასახადი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის რა წილს შეადგენს? დაახლოებით რა მოცულობით მოუწევთ შემცირება, თუ ცენტრალური ხელისუფლება კომპენსირებას არ გააკეთებს?

- საკუთარი შემოსავლების წილი მუნიციპალიტეტებში მცირეა. შემოსავლები, რომელთაც ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ - დღგ-დან წილობრივი დანატოვარი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერები - ჯამურად შემოსავლების 65-70%-ს შეადგენს. დარჩენილ 30-35%-ში ბევრი სხვადასხვა შემოსავალი შედის. თუმცა მუნიციპალიტეტებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ქონების გადასახადთან დაკავშირებით. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, თბილისში, დიდ ქალაქებში, კურორტებზე... საქართველოში ერთადერთი ადგილობრივი გადასახადი არსებობს და ეს არის ქონების გადასახადი. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება პრობლემური მხოლოდ ფისკალური თვალსაზრისით კი არ არის, არამედ სხვა მიზეზებითაც. ქონების გადასახადის დატვირთვა ის არის, რომ ქონება მაქსიმალურად მოექცეს იმის ხელში, ვინც მას ეფექტიანად და ეფექტურად გამოიყენებს. ქონების გადასახადის მარეგულირებელი ფუნქცია ეს არის და ის, ფაქტობრივად, ვერ შესრულდება.

- თვით ტურისტულ ბიზნესს რა შეღავათს მისცემს, მათთვის არსებითი იქნება?

- ქონების გადასახადი არ არის დაკავშირებული არც ბრუნვასთან, არც კლიენტების რაოდენობასთან. ეს არის ფიქსირებული, ქონების საბალანსო ღირებულებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს მათ ხარჯებს ფიქსირებულად შეამცირებს. საწარმოთა ქონების გადასახადი არის ქონების ღირებულების 1% და ხარჯებიც ამის მიხედვით შეუმცირდებათ. პირობითად, თუ გაქვს მილიონიანი ქონება, შეღავათი 10 ათასი გამოდის და, თუ წარმოვიდგენთ, რომ მილიონლარიანი ქონება ძალიან პატარაა, სასტუმროების ქონება გაცილებით ძვირია, შესაბამისად, შეღავათიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება - საშუალო ზომის ობიექტებზე ასიათასობით ლარი და დიდებზე კი უკვე მილიონებზეა საუბარი. ამიტომ მათთვის სარგებელი ნამდვილად იქნება.

- სხვა სახის შეღავათი ტურისტული ბიზნესისთვის უფრო არსებითი ვერ იქნებოდა?

- სავარაუდოდ, ეს მაინც ამ სექტორის ლობირებული გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც გარკვეულწილად ფიქსირებულია. შემოსავალზე ან მოგებაზე მიბმული შეღავათი მათთვის შესაძლოა არსებითი არ ყოფილიყო.

რუსა მაჩაიძე