სანქციები რუსეთისთვის, რომელსაც საქართველო მიერთებულია - კვირის პალიტრა

სანქციები რუსეთისთვის, რომელსაც საქართველო მიერთებულია

ევროკავშირმა უკრაინაში ომის საპასუხოდ რუსეთს დაუწესა სანქციების მეხუთე პაკეტი, რომელიც ხუთ მიმართულებას ეხება: რუსულ ქვანახშირს, ფინანსურ გადარიცხვებს, ტრანსპორტს, იმპორტსა და ექსპორტს რუსეთში, ამასთან, გარიცხა რუსეთი საჯარო კონტრაქტებიდან და ევროპული ფონდებიდან. სანქციები ინდივიდუალურად დააწესა სხვადასხვა ქვეყანამაც. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებაში სანქციებზე მიერთების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კეთდება - პრემიერი ისევ იმეორებს, რომ სანქციებს არ შევუერთდებით, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ სანქციებს შეერთებული ვართ. საქართველოს სანქციებზე მიერთებულად აცხადებენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (განცხადების გაკეთებისას მინისტრის პოსტზე იყო) და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი... ახალი პაკეტის მიღებამდე სანქციები დაწესდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო, რომლებიც რამდენჯერმე გახანგრძლივდა და დღემდე მოქმედია.

ახალი სანქციები, რომელზეც საქართველო მიერთებულია - ფინანსური სანქციები

ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერებისგან განსხვავებით აცხადებენ, რომ საქართველო სანქციებს მიერთებულია, აქცენტს ფინანსურ მიმართულებაზე აკეთებენ. "ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო საფინანსო სანქციაში... ამავე დროს, ჩვენ შევუერთდით ყველა საერთაშორისო რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნა მიღებული... ჩვენ რუსეთის აგრესიის ორსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს, ჩვენ ვიცით, ეს რა არის", - ასეთი პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს CNN-თან ინტერვიუში დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იკავებს თავს "ქართული ოცნება" რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.

"ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვართ ფინანსურ სანქციებთან, რომელთაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა აწესებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ საქართველო თავისი­ ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს", - განაცხადა 31 მარტს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა, რომელიც­ იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ახლა კი აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნეს.

მანამდე, 27 თებერვალს, განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა, სადაც ნათქვამია: "ხაზგასმით ვაცხადებთ, ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ [რუსეთისთვის დაწესებული] სანქციების გვერდის ავლას".

რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური­ სანქციები ერთ-ერთი საკვანძო პაკეტია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და ასევე SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს მრავალი რუსული ბანკი; ყადაღა დაადეს რუსეთის ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვის თითქმის ნახევარს; აკრძალეს ევროსა და დოლარის ბანკნოტებზე ხელმისაწვდომობა; რუსეთისთვის შეიზღუდა ხელმისაწვდომობა მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რესურსებზე. არასანქცირებული ბანკებიდან გადარიცხვები კვლავ არის შესაძლებელი, თუმცა რუსეთმა განსაზღვრული აკრძალვები საკუთარ მოქალაქეებს თავადაც დაუწესა.

საქართველოში მოქმედი "ვითიბი ბანკის" ფილიალიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა - "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ჯერ დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები შეეზღუდა. ამიტომაც "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ფიზიკური პირების, მეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება "ბაზისბანკის" ხელში გადავიდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესმეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება - "ლიბერთი ბანკმა" გადაიბარა.

კითხვები გააჩინა რუსეთის საგადახდო სისტემა MIR-ის საქართველოში შესაძლო გამოყენების ფაქტმაც. თუმცა ეროვნულმა ბაკმა განაცხადა, რომ "ამ სისტემას საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება". ამასთან, თუკი რომელიმე ქართული კომპანია საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებს, ეროვნული ბანკის განცხადებით, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა­ და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონიც და ეს განიხილება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა, რაც დასჯადია.

გარდა ამისა, საქართველო გარკვეულწილად მიერთებულია რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვაზეც, რადგან 2019 წლიდან თავად რუსეთის ინიციატივით აიკრძალა პირდაპირი ავიარეისები და მგზავრები მხოლოდ ჩარტერული და არაპირდაპირი რეისებით გადაჰყავდათ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა 4 აპრილს განაცხადა, რომ პანდემიის გამო შეზღუდული პირდაპირი ავიამიმოსვლა 9 აპრილიდან 52 მეგობარ ქვეყანასთან განახლდება. საქართველო ჩამონათვალში არ არის, თავად საქართველოს კი არა აქვს დახურული საჰაერო სივრცე რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის.

ძველი სანქციები

რუსეთს ეკონომიკური სანქციები ყირიმის ანექსიის გამო ჯერ კიდევ 2014 წლის მარტიდან აქვს დაწესებული. საქართველო ამ სანქციებიდან ერთს 2015 წლის ივლისში მიუერთდა, რომელიც სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს შეეხება. ეს სანქციები დღესაც მოქმედია.

საინტერესოა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებას მაშინაც მოჰყვა უარყოფითი შეფასებები, რადგან იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, სანქციები არ არის კრიზისიდან გამოსავალიო, რის გამოც მეორე­ დღესვე განმარტების გაკეთებამ მოუწია - ყოფილი მინისტრის თქმით, მისი განცხადება არასწორად გაიგეს და ამაში ბრალი ოპოზიციას დასდო. საქართველო სანქციებს ნაწილობრივად თითქმის ერთი წლის შემდეგ შეუერთდა.

გარდა ამისა, საქართველო მიერთებულია უკრაინის საკითხზე მიღებულ ყველა რეზოლუციასა და უკრაინის გარდა, რუსეთისთვის სხვა საკითხებზე დაწესებულ ცალკეულ სანქციებს.

რუსა მაჩაიძე