"თუ უკრაინას რაღაც კითხვები აქვს, "ფეისბუკით“ უნდა ვიგებდეთ?“ - კვირის პალიტრა

"თუ უკრაინას რაღაც კითხვები აქვს, "ფეისბუკით“ უნდა ვიგებდეთ?“

"ყველაფერი გაირკვევა და არ შერცხვებათ, რომ მეგობარ ქვეყანას ასეთ რაღაცას აბრალებენ?“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი "კვირის პალიტრასთან" უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევა ორივე ქვეყნის ინტერესშია და დარწმუნებულია, გაირკვევა კიდეც, "რადგან, საუბარია საქართველოსა და უკრაინაზე, ქართველ და უკრაინელ ხალხზე და არა "ქართულ ოცნებასა" და "სლუგა ნაროდაზე". რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას უკრაინის პრეტენზიაზე, ამ საკითხზე გიორგი ცაგარეიშვილს ვესაუბრეთ.

- თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი მიმართვა ორი მდგენელისგან­ შედგება, მით უმეტეს, საერთაშორისო­ ურთიერთობებში, რასაც მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჰქვია. ერთი არის ფორმა და მეორე - შინაარსი.­ ფორმით რომ დავიწყოთ, მე პირადად უკიდურესად არ მომეწონა და მგონი, არც ერთ მოქალაქეს არ მოეწონებოდა ამ ფორმით მიმართვა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისადმი. როდესაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, სულ ცოტა, 32 წლის ურთიერთობა, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობების გარიჟრაჟზე ჩაისახა. ჩვენ ერთმანეთთან გაფორმებული გვაქვს უამრავი­ შეთანხმება, მათ შორის საიდუმლო ინფორმაცი­ის გაცვლაზე, უსა­ფრთხოების სფეროში კო­ორ­დინაციულ მუშაობაზე... მაგრამ რა მოხდა? გავიღვიძეთ და სოციალურ ქსელებში დაგვხვდა უკრაინის თავ­დაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის საგანგაშო­ ინფორმაცია, რომ თურმე საქართველოში არსებობს "შავი ხვრელები", რომელთა გამოყენებით მომავალში შესაძლოა ტვირთების სამხედრო დანიშნულებით გადაზიდვა. ყველაზე საგანგაშო კი ის იყო, რომ პირდაპირ ეწერა, საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მითითებას, რომ მათ თვალი დახუჭონ ამგვარ ქმედებებზეო. ამას რომ სოციალურ ქსელში წაიკითხავ, რიგით მოქალაქეს, სულ მცირე, უნდა გაგიკვირდეს, თუ ხელისუფლებაში ხარ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, უნდა აღშფოთდე კიდეც.

- აღშფოთებით რამე გაირკვევა?

- არა და კითხვაც ეს არის - დაიხურა­ ინფორმაციის გაცვლის ის არხები, რომლებიც 30 წელზე მეტია არსებობს უკრაინა-საქართველოს შორის? არა, ასეთი კავშირები­ არის, მოქმედია და ინტენსიურიც. ასეთი ურთიერთო­ბების უამრავი მაგალითია და ერთ-ერთი ბოლოა ის ფაქტი, კიევიდან ჩვენი­ მოთხოვნით დაკავებული მეგის ქარდავა რომ ჩამოაბრძანეს. ამიტომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი - ეს კავშირები­ სად გაწყდა, როდესაც ინფორმაციის გაცვლის ნაცვლად ამბავს სოციალური ქსელებიდან ვიგებთ.

- სად გაწყდა?

- ჩვენ არ გაგვიწყვეტია და პასუხი საინტერესოა, ხომ არ უკავშირდება ეს ძებნილი კრიმინალის, 26 მაისის აქციის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სისასტიკით ჩატარებული ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი ჩამტარებლის და ასევე­ სააკაშვილის აქ ხელისუფლების დამხობის მიზნით გამომგზავნ გია ლორთქიფანიძის უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას? ეს არის კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ და რომელსაც პასუხი სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იქნება.

- გაქვთ რამე ფაქტი,­ რომ მისი ინტერესის შედეგია ეს ყველაფერი?

- პირდაპირი მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ არსებობს უამრავი ირიბი მტკიცებულება. მას შემდეგ, რაც ის უკრაინის ხელისუფლებაში მივიდა და იქ კიდევ არიან სხვებიც, მაგალითად­, ადეიშვილი, ეს კითხვები ჩნდება. ცხადია, მესმის, რომ უკრაინაში უამრავი ადამიანი იხოცება და ეს საშინელებაა, პუტინი სამხედრო დამნაშავეა და მან და მისმა გარემოცვამაც აუცილებლად უნდა აგონ პასუხი და ასეც იქნება­, მაგრამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ როგორც კი ეს გავრცელდა, ჩვენმა სპეცსამსახურებმა შესაბამისი არხების გამოყენებით დაამყარეს კონტაქტი შესაბამის პირებთან და დაისვა ეს კითხვები, აქვთ თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები, რაზეც­ პასუხები დღემდე არ მიუღიათ. თუ უკრაინას რაღაც კითხვები აქვს, "ფეისბ­უ­­კით"­ უნდა ვიგებდეთ? ამერიკის­ ელჩმაც განაცხადა, რომ მეგობარ ქვეყნებს შორის გა­ურკვეველი საკითხები არ უნდა იყოს და უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი­ არხები­. დეგნანმა კარგად იცის, რომ ეს არხები არსებობს.

- არ შეიძლებოდა ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა უკრაინის მდგომარეობა­ და შეეთავაზებინა შეხვედრა?..

- მე ვიცი, რომ სუს-ი დაუკავშირდა უკრაინის საელჩოს და მოსაზრებები გაცვალეს. გამოხატული იყო შეშფოთება, რომ მტკიცებულებები არ ჩანს და ველოდებით. ცხადია, ისიც აღინიშნა, თუ მტკიცებულებები არ იქნება, ჩავთვლით, რომ ეს იყო საგანგებოდ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს იმიჯის შესალახად მაშინ, როცა საქართველო ყველანაირად ეხმარება უკრაინას. ასეთი განცხადებები, თან დაუსაბუთებელი, ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების იმიჯის შელახვას. გამოდის, საქართველო ვერ აკონტროლებს საზღვრებს, არ სცემს პატივს მეგობარ სახელმწიფოს და საერთაშორისო­ საზოგადოებრიობას.­ თქვენ თუ გგონიათ, რომ ეს განცხადება მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, ცდებით. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადება, რადგან ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და სახელმწიფოს იმიჯის შელახვა, თან უსაფუძვლოდ, არავის ეპატიება. არც ერთი სამხედრო ტვირთი არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში არ მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! შეგახსენებთ, რომ ორი-სამი კვირით ადრე "ნაციონალების" ლიდერებმა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ შესაძლოა საქართველოს გავლით დაიწყოს ტვირთების გატარება. დაიწყეს ამაზე ბოდვა, რაც საზოგადოებაში გაჟღერდა­ და შემდეგ აქედან წამოვიდა პირდაპირ ლორთქიფანიძის შემუშავებული მესიჯი. დარწმუნებული ვარ, ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის დამარცხებით, ამ საშინელი გველეშაპის განადგურებითა და ცივილიზაციის გადარჩენით დამთავრდება. მერე ყველაფერი გაირკვევა და არ შერცხვებათ, რომ მეგობარ ქვეყანას ასეთ რაღაცას აბრალებენ? ეს უნდა გაირკვეს, რადგან თუ არ გაირკვევა, დიდხანს დარჩება­ ხინჯად ორივე ქვეყნის მოსახლეობას. აქ არის საუბარი საქართველოსა და უკრაინაზე, ქართველ და უკრაინელ ხალხზე და არა "ქართულ ოცნებასა" და "სლუგა ნაროდაზე".

- პრობლემა ის არის, რომ საქართველო ძალიან ბევრს აკეთებს, მაგრამ იფარება­ ხელისუფლების განცხადებებით. ბუჩაში რატომ არ წავიდა პარლამენტის თავმჯდომარე?­ შესაძლოა მართლა ავად არის, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სხვა ვინმე წასულიყო?

- მოწვევა გამოგზავნილია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და თუ წავა, ის უნდა წავიდეს. ეს ერთი და მეორე - მანამდე ამას საკმაოდ ნეგატიური ისტორია ჰქონდა, რომელიც ასევე უკრაინის ხელისუფლებიდან მომდინარეობს. იცით მიმოწერა პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის და იყო რადის თავმჯდომარის საკმაოდ მკვახე და უტაქტო მომართვა. საქართველოს პარლამენტი არის საქართველოს სახე. თუ უკრაინა არის სახელმწიფო, საქართველოც სახელმწიფოა და ჩვენი პრესტიჟი ყველგან უნდა დავიცვათ.

- "ლელოს" ინიციატივაზე, რომ პარლამენტს უკრაინის მხარდასაჭერად ახალი რეზოლუცია მიეღო, უარი რატომ უთხარით?

- ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამგვარი ინიციატივების მიღება, რომლებიც შეეხება საგარეო პოლიტიკაზე რეზოლუციებს და ასე შემდეგ, და შემოიტანენ ოპოზიციური ჯგუფები, არ განვიხილავთ. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. განვიხილეთ რამდენიმე რეზოლუცია, რომლებშიც ყველა საკითხი შევიდა. თუ საჭირო იქნება ახალი რეზოლუცია, შემოიტანს უმრავლესობა.

- ის, რომ ოპოზიციის საკითხს არ განიხილავთ, ეს დემოკრატიის პრინციპს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

- კარგი, განვიხილავთ, დავაკვირდებით და შესაბამისად გავაკეთებთ დასკვნებს. რაც შეეხება "ლელოს" ინიციატივას, სხვა თუ არაფერი, ძალიან დაგვიანებული იყო.

რუსა მაჩაიძე