"ჩვენ შეგვიძლია ვამხილოთ "ოცნება“ და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეგვიძლია ვამხილოთ "ოცნება“ და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს“

"ამ ხელისუფლებამ მორალის ყველა ზღვარი გადალახა, ფსკერი გახვრიტა. ჩვენგან ომის მოწოდება ვინ მოისმინა?!“

"მოვისმინეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლებაზე, ქედმაღლური პოზიცია - ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით უნდა იდგეს", - ამ განცხადებით გამოეხმაურა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი­ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადის­ თავმჯდომარის მიწვევის შესახებ. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" კვლავ ატარებს­ იმ ხაზს, რომლის მიხედვითაც საქართველო ფორმალურად მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმებზე, მაგრამ მისი ნაბიჯები არ შეესაბამება იმას, რაც უკრაინას საქართველოსგან სჭირდება. "პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, იქ, სადაც უზარმაზარი ტრაგედია დატრიალდა...

საყვედურებისა და ქედმაღლობის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ კიევში, ბუჩაში და გამოხატონ უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის თანადგომა". ცნობისთვის: საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით იხილოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადის თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.

მოგვიანებით კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა­ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის­ საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა. რაც შეეხება იმას, ხომ არ ჩავლენ ბუჩაში ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შესაძლებლობას განიხილავენ. "კავშირი გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან. უკვე დავიწყეთ კონტაქტი და განვიხილავთ ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- ქვეყანაში სავალალო ვითარებაა, ქვეყანას მართავს ძალა, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მიითვისა, მოიპარა. ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად, ახლა ცდილობს ჩვენს ძმურ ქვეყანასთან ურთიერთობაში პრობლემა შექმნას. "ქართული ოცნების" სამარცხვინო, რუსეთის საამებელი განცხადებების შედეგად საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ისედაც ძალიან დაბალ დონეზე იყო, პაპუაშვილის დემარშმა კი მეგობარ სახელმწიფოს კიდევ ერთი ლახვარი ჩასცა ზურგში. თურმე­ პაპუაშვილს ეწყინა, რომ ღარიბაშვილის ყოვლად გაუგონარმა განცხადებებმა უკრაინის ხელისუფლების დამსახურებული კრიტიკა გამოიწვია. "ქართული ოცნებისთვის" შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს გამოყენებას ცდილობს სანქცირებული ტვირთების გადასატანად. წესით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვა უნდა დაჰკავშირებოდა რუსულ იმპერიასთან უთანასწორო ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის დაზვერვის სამსახურს და გაერკვია, რა იდგა ამ განცხადების უკან. ამის ნაცვლად "ქართული ოცნებისგან" ვისმენთ ქედმაღლურ განცხადებებს - მტკიცებულებები დაგვიდონ ან ბოდიში მოგვიხადონო. შორს რატომ მიდიან, თავად არ განაცხადეს, საქართველო არ შეუერთდება სანქციებსო?! ეს ხომ თავისთავად აძლიერებს ეჭვს, რომ საქართველომ შეიძლება არ შეზღუდოს ორმაგი დანიშნულების რეექსპორტი? იმისთვის, რომ ლეგიტიმური ეჭვი გავუქარწყლოთ მეგობარ სახელმწიფოს, საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება და შეიზღუდოს ჩვენი ქვეყნის გავლით ისეთი ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გატარება, რომელიც სანქცირებულია და აკრძალულია ევროკავშირის მიერ.

ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა ხდება ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რაც აუცილებლად აგრესორი სახელმწიფოს დასუსტებითა და დამარცხებით დასრულდება. სანქციები, რომლებსაც მუდმივად აწესებენ ევროკავშირი და შეერთებული შტატები, საბოლოო განაჩენი იქნება აგრესორი სახელმწიფოსთვის. ძალიან ცდებიან ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ სანქციებს და შეზღუდვებს შედეგი არ მოჰყვება. საფრთხის წინაშე გვაყენებს ის, რომ საქართველო სანქციებს ფორმალურად არ შეუერთდა. ახლა საკმარისია ერთმა სანქცირებულმა პირმა,­ ორგანიზაციამ ან კომპანიამ საქართველოში მუშაობა დაიწყოს, რომ სანქციები ჩვენს ქვეყანაზეც გავრცელდეს. ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა გააფუჭოს.

- თქვენმა პარტიამ "ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტი­ შეიმუშავა, რომელმაც "ანტისა­ხელმწიფოებრივი ქმედებები­ საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და აკრძალოს". რას გულისხმობთ ანტი­სახელმწიფოებრივ­ ქმედებებში და როგორ წარმოგიდგენიათ მისი აკრძალა?

- ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიგვაჩნია, მაგალითად, ომის პროპაგანდა. ისეთმა დიდმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი,­ აკრძალა "რაშა თუდეის" მაუწყებლობა, ეს არხი პირდაპირ ომის პროპაგანდას ეწეოდა.

- არადა, ომის პროპაგანდაში ხელისუფლება ოპოზიციას გადანაშაულებთ.

- რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. ამ ხელისუფლებამ მორალის ყველა ზღვარი გადალახა, ფსკერი გახვრიტა. ჩვენგან ომის მოწოდება ვინ მოისმინა?! პირიქით, ხელისუფლებას მოვუწოდებთ ერთად ვიმოქმედოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისუნარიანობა განვამტკიცოთ და სტრატეგიულ პარტნიორებთან უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა აგრესორ რუსეთს ქვეყანაში შემოჭრის ცდუნება არ გაუჩნდეს.

- გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ირმა ინაშვილი თქვენთან შეხვედრის შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში.

- ვოლსკის ეს განცხადება მედიკოსების­ შესაფასებელია. ირმა ინაშვილს პარლამენტის წინ დღისით, მზისით შევხვდი.A ამ ლოგიკით "ოცნების" წარმომადგენლებსაც­ შევხვედრივარ და ეს რამეზე მიანიშნებს?! სინამდვილეში, ვინც მართლა ომის პროპაგანდას ეწევა, მათ "ოცნება" არც აკრიტიკებს. ყველაფერი ხელისგულზეა, პროდასავლური ოპოზიცია, მათ შორის "ლელო", გამუდმებით ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნავს. ამ დროს არიან ორგანიზაციები, რომლებიც რუსული აგრესიული პროპაგანდის ტირაჟირებას სხვადასხვა ჯგუფის, პარტიისა და მედიის საშუალებით პირდაპირ, დაუფარავად ახდენენ და ამას ხელს არავინ უშლის.

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, ხელისუფლებაში რომ იყოთ, რას გააკეთებდით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

- ისეთ ვითარებაში, როგორშიც ახლა საქართველოა, ყველაზე სწორი რეაქცია იქნებოდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და დასავლელი პარტნიორების გვერდით ყოფნა. ვინაიდან ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივებითა და უკრაინელი ძმების მხარდაჭერით შევამციროთ ის ზიანი, რომელსაც "ოცნება"­ აყენებს­ სახელმწიფოს. ჩვენ არ გაგვაჩნია საიმისო ბერკეტები, რომ საქართველომ ის ნაბიჯები გადადგას, რასაც ჩვენგან ელის საე­რთაშორისო საზოგადოებრიობა, მაგრამ შეგვიძლია ვამხილოთ "ოცნება" და მხარი­ დ­ავუჭიროთ უკრაინელ ხალხს. საზოგადოებაც უნდა გააქტიურდეს და გამოვ­იყენოთ ევროკავშირში გაწევრების უნიკალური საშუალება.

- რუსეთს სწორედ საქართველოს­ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, დასავლეთთან ინტეგრირების პროცესი აღიზიანებს­. იქნებ "ოცნება" არგაღიზიანების პოლიტიკით ერთდროულად ახერხებს ქვეყანაში მშვიდობისა და დასავლური კურსის შენარჩუნებას?

- არა, ორმაგი თამაში განპირობე­ბულია იმით, რომ კარგად იციან ხალხის მისწრაფება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ და ამიტომ უჭერენ მხარს სიტყვიერად დეკლარირებული კურსის გაგრძელებას, საქმით კი იმას აკეთებენ, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ყველაფერი, რაც საქართველოს სუვერენიტეტს და თავისუფალ არჩევანს უკავშირდება. ამის გამო ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებზე?! "ოცნების" არგაღიზიანების სამარცხვინო პოლიტიკამ რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების ცდუნება უკვე გაუჩინა­. ეს არის მოსკოვის პასუხი "ოცნების" კაპიტულანტურ­ პოლიტიკაზე. რაც მეტს დავუთმობთ, მით უფრო მეტი ცდუნება გაუჩნდება,­ ასეთია იმპერიის ბუნება. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ხსნა არის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია.G ახლა მაქსიმალურ ზეწოლაში­ უნდა გვყავდეს "ოცნება", რომ კითხვარი, რომელიც ჩამოვა, სწრაფად იქნეს შევსებული. სამწუხაროდ, ვერ ვიტრაბახებთ ინსტიტუციური განვითარებით, დემოკრატიის ხარისხით, მაგრამ უნიკალური შანსი გვაქვს და ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამ კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. ძალიან ბევრი ბრძოლა და მუშაობა მოგვიწევს ხალხთან, სამოქალაქო სექტორსა და პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად.

ხათუნა ბახტურიძე