"დიახ, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც გვიყენებს ბრალს“ - კვირის პალიტრა

"დიახ, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც გვიყენებს ბრალს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს არასწორია იმაზე საუბარი, რომ უკრაინელებისგან რაიმე საწყენია. "ვფიქრობ, როგორც უნდა იყოს საკითხი, ვისზეც უნდა იყოს პერსონალურად ნაწყენი ან ვინმეს არ მოსწონდეს უკრაინული მხარის განცხადება, დღეს ეს ქვეყანა ომშია, სისხლისგან იცლება. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას უმოწყალოდ ხოცავს. დღეს ის დროა, როდესაც გვერდში უნდა ვედგეთ უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ დონეზე. რაც შეგვიძლია ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა. როგორია იმ პარტიის ლიდერის პოზიცია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებსა და ზოგადად, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მსოფლიო მნიშვნელობის პროცესზე, ამის შესახებ ლევან იოსელიანი გვესაუბრება.

- სიმართლეს გეტყვით, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. დიახ, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც გვიყენებს ბრალს. ამ შემთხვევაში ბრალი მათ წამოუყენეს ჩვენს ქვეყანას და ეს ჩემთვის პირადად არის შეურაცხმყოფელი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი პარტიის ლიდერი ერთადერთი პარლამენტარია მსოფლიოში, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის უკრაინელების მხარდამხარ. თუ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, ამას სულ სხვა პროცესები მოჰყვება პარლამენტში და ქვეყანაშიც, მაგრამ სანამ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ საქართველო არის რუსეთის მოკავშირე, მანამდე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ნაწყენი და შეურაცხყოფილი ვარ, სამძიმარზე არ მივიდე...

- რამდენად იზიარებთ დასავლელი პოლიტიკოსების, თუნდაც ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მოსაზრებას, რომ საქართველომ უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინის მხარდასაჭერად?

- დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს ამ პროცესში. ბევრად ცხადად უნდა ისაუბროს საქართველოს პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა, რომ საქართველო საგარეო მიმართულებით ყველანაირად მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ძალიან ბუნდოვანია და ის ბუნდოვანებას აჩენს ჩვენი პარტნიორების აღქმაშიც.

- როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ მეგობარი უკრაინის გვერდითაც დადგეს და საკუთარი ხალხს ომის საფრთხე აარიდოს?

- ეს არ არის მარტივი შეკითხვა. ვფიქრობ, ოქროს შუალედი უნდა გამოინახოს, შუალედი, რომელიც გაივლის პოლიტიკურ, ადამიანურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე. უკრაინელები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ მხარს უჭერს არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ საქართველოს ხელისუფლებაც. დიახ, სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საკუთარი მოქალაქეების ღირსების შელახვის ხარჯზე. არ შეიძლება მოქალაქეები მუდმივად ომის შიში ამყოფო, არასწორია ნარატივი, აბა, ომი გინდათო?!

- რეალობა არის ასეთი - რუსეთს აღიზიანებს ყველაფერი, რაც უკავშირდება მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას, გაღიზიანებას კი უმთავრესად სამხედრო აგრესიით გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში გამოსავალს სად ხედავთ?

- ჩვენ რუსებისთვის იმდენად ვიქნებით ანგარიშგასაწევი, რამდენადაც გვექნება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.

- უკრაინას დასავლელი პარტნიორების არნახული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა რუსული აგრესიის შემაკავებელი.

- სწორედ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერამ გადაარჩინა უკრაინა სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. უკრაინა უკვე გამარჯვებულია, რუსეთის პირველადი მიზანი, დაემხო უკრაინის ხელისუფლება და მოეხდინათ ქვეყნის დენაციფიკაცია, ვეღარ განხორციელდა. მოსკოვი იძულებული გახდა ხელი აეღო საკუთარ განზრახვაზე.

- თუმცა უკრაინელ ხალხს ეს ძალიან ძვირი დაუჯდა.

- დიახ, მაგრამ თავისუფლების შენარჩუნება ყოველთვის ძვირი ღირს. ეს საქართველოზე კარგად ვინ იცის?! დედამიწის ზურგზე ძალიან ცოტა ქვეყანა მეგულება, რომელსაც იმდენივე მსხვერპლი გაეღოს და სისხლი დაეღვაროს თავისუფლებისათვის ბრძოლაში რამდენიც ჩვენ. პრაგმატული პოლიტიკის საჭიროებაც მესმის, მაგრამ პრაგმატიზმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს საკუთარი მოსახლეობის ღირსების შემლახავი, პრაგმატულ პოლიტიკასაც სჭირდება სწორი გზავნილები, როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ.

- როგორც აღნიშნეთ, თქვენი პარტიის ლიდერი უკრაინელების გვერდით იბრძვის, თქვენც ხომ არ გეგმავთ?

- ვინაიდან მე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარ, ოპოზიციის კვოტით ვგეგმავ საპარლამენტო დელეგაციის კოორდინაციას, ბუჩაში ჩასვლასა და სამძიმრის გამოცხადებას უკრაინელი ხალხისთვის. იმედია, "ქართული ოცნება" მიხვდება ამ გადაწყვეტილების კონტექსტს და მათი წარმომადგენელი ჩვენთან ერთად წამოვა ბუჩაში. ამ შემთხვევაში ეს იქნება სრულიად საქართველოს ერთიანი პოზიცია, უკრაინაში, კერძოდ, ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

ხათუნა ბახტურიძე