"ოპოზიცია აუცილებლად წავა ბუჩაში და საქართველოს სათქმელ სიტყვას იტყვის“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია აუცილებლად წავა ბუჩაში და საქართველოს სათქმელ სიტყვას იტყვის“

"გონჩარენკო 15 წლის წინ უკრაინულად არ ლაპარაკობდა, დღეს კი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსეთი არ გაჩერდება, თუ კბილებს არ ჩაუმტვრევენ. წლების წინ არავინ წარმოიდგენდა, რომ ზელენსკი უკრაინელი პატრიოტი იქნებოდა, მან უკრაინული ენა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისწავლა. დიახ, ზელენსკი რუსულენოვანი იყო...“

"დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ბარიერი არის "ქართული ოცნება" და სანამ ამას არ გავიაზრებთ, ევროკავშირს ვერ დავუახლოვდებით", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადმოეცემა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. "გგონიათ, ამ კითხვარში რამე სხვა იქნება გარდა იმ რეფორმებისა, რომლებიც გასატარებელია? რომელიმე რეფორმა "ქართულმა ოცნებამ" გაააქტიურა ან გაატარა?", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- სირცხვილით დავიწვი, როდესაც შალვა პაპუაშვილის პასუხი წავიკითხე ბუჩაში მიწვევის თაობაზე. ძალიან მრცხვენია, რომ პაპუაშვილი წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ოპოზიცია აუცილებლად წავა ბუჩაში და საქართველოს სათქმელ სიტყვას იტყვის. საკითხავია, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ "ოცნება" ევროკავშირისკენ არ მიდის? "ოცნების" მხარდამჭერების­ დიდი ნაწილი ამ პოლიტიკურ გუნდს პროდასავლურობის გამო უჭერს მხარს. თუ ეს ხალხი გაიაზრებს, რომ ევროპისკენ კი არ მივდივართ, არამედ ვშორდებით, მაშინ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნება...

- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ საქართველო ევროპას შორდება?

- ბევრი რამ, მათ შორის ევროპარლამენტის კვლევითი დოკუმენტი, რომელშიც­ ჩანს, რომ საქართველოში 2020 წლის შემდეგ არანაირი წინსვლა არ არის რეფორმების გატარებაში. დღეს იმდენად გადამწყვეტი ვითარებაა მსოფლიოში და იმდენად მოქმედებს ჩვენს ბედზე საერთაშორისო­ არენაზე მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ ვერც წარმოიდგენთ. თუ ჩვენ შანსი გავ­უშვით ხელიდან და დასავლეთმა ჩათვალა, რომ სანდო პარტნიორები არა ვართ, მინიმუმ 15-20-წლიან ჩიხში შევალთ. ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ის, რომ არც რეფორმებს ვატარებთ, ომში მყოფ უკრაინასთან "ვკაპრიზ­ობთ" და თან წურბლის პოზიცია გვაქვს. ჩვენი მოქმედებებით ვამბობთ, არაფრის გაკეთება არ გვინდა, ისე შეგვიშვით ევროკავშირშიო.

- საერთაშორისო ასპარეზზე არსებული­ ვით­არება ახლაც ჩიხში გვაქცევს თუნ­­დაც­ იმ თვალსაზრისით, რომ გვყავს აგრესორი მეზობელი, რომელიც მზად არის მცირე მიზეზიც კი გამოიყენოს ინტერვენციისთვის.

- ეს არის ნარატივი, რომელსაც "ოცნება" თავზე გვახვევს. იმ რეფორმების გატარება, რომლებიც ევროკავშირში გაწევრებისთვის არის საჭირო, არ გულისხმობს­ რუსეთისთვის საომარი რიტორიკის გამართვას. სასამართლო რეფორმა რუსეთთან რა შუაშია?! ჩვენ ობიექტური შემფასებლის აზრი უნდა მოვისმინოთ, ამ შემთხვევაში კი ობიექტური შემფასებელი არის ევროპა,­ რომელიც "ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, აღარ მინდა ეგ შენი ვირეშმაკობა, წინ კი არა, უკან წახვედი სასამართლოს, მართლმსაჯულების რეფორმირებაში, ასევე კორუფციასთან ბრძოლაშიო... არც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთს ომი უნდა გამოვუც­ხადოთ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში "ნაციონალის" ძებნა, რბილად რომ ვთქვათ, ამორალობაა. შეხედეთ, რამდენი საყვედური უთხრა ზელენსკიმ ფრანგებს, ამერიკელებს, გერმანელებს, ინგლისელებს, რომელი ქვეყნის ხელისუფლება დაწვრილმანდა "ოცნების" მსგავსად?! ახლა ზელენსკისთან დავა აუცილებლად წაგებულს დაგვტოვებს.

- თქვენ კარგად იცნობთ უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრს. რა ხდება სინამდვილეში, მართლა ადეიშვილი და სააკაშვილი­ გახდნენ განხეთქილების საგანი თუ კულუარებში სხვა რამ ხდება?

- ეს არის სულელური მიზეზი "ოცნებისთვის". სინამდვილეში საქართველოსა და უკრაინის განხეთქილების საგანი გახდა პრემიერი ღარიბაშვილი თავისი განცხადებებით. პირველად სწორედ მაშინ დაიძაბა სიტუაცია, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, სანქციები არ მუშაობსო. იმის თქმა კი არ იყო მთავარი პრობლემა, საქართველო არ უერთდება სანქციებსო, არა, ბატონო, იმის თქმა, რომ სანქციები არ მუშაობს, უკრაინის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა.­ იმის ნაცვლად, შეცდომა გამოესწორებინათ, "შპილკაობა" დაიწყეს. "ოცნებას" რომ სჭირდებოდეს, 2 საათში გამოასწორებდა ყველაფერს. ისინი უკრაინას არ გულშემატკივრობენ, ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე­ აქვთ დადებული. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი უნდათ, უბრალოდ, ევროკავშირში შესვლა არ სურთ. იმიტომ, რომ რეფორმების გატარება და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება არ უნდათ. ფიქრობენ, რომ ასე ხელისუფლებას დიდხანს შეინარჩუნებენ. ასეთია მათი მარტივი ლოგიკა.

- ბატონო გიორგი, გვითხარით, სინამდვილეში რას წარმოადგენს გონჩარენკო?

- აი, გონჩარენკოსა და ზელენსკის ნეგატიური კამპანიებისთვის რომ იცლიან, ეს არის პრობლემა. გონჩარენკო, ისევე როგორ უკრაინის მოსახლეობის 90%, 15 წლის წინ უკრაინულად არ ლაპარაკობდა, მაგრამ დღეს გონჩარენკო იმ ახალი თაობის პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთს ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ამუნათებს და მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსეთი არ გაჩერდება, თუ კბილებს არ ჩაუმტვრევენ. კი, წარსულში ბევრი რამ სხვაგვარად იყო. წლების წინ არავინ წარმოიდგენდა, რომ ზელენსკი უკრაინელი პატრიოტი იქნებოდა, იმიტომ, რომ უკრაინული ენა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისწავლა. დიახ, ზელენსკი რუსულენოვანი იყო. წლების წინ უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი რუსული­ პროპაგანდის გავლენაში იყო და საშინელი წარმოდგენა ჰქონდათ სამყაროზე. დღეს შეიცვალნენ, დაინახეს სიმართლე და მიხვდნენ, რას წარმოადგენს სინამდვილეში რუსეთი. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც მალე გამოფხიზლდება ხალხი. და კიდევ, გია დვალის "იმედის" ეთერს გამოვეხმაურები. ჩვენ ხომ არასდროს გვიწვევენ ამ ტელევიზიაში, ბოლოს როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. ჩართეს დვალი, ეგონათ, სასურველ რიტორიკას მოისმენდნენ და ამ კაცმა ყველა ფაქტის წინაშე დააყენა, თავიდან ბოლომდე გააშიშვლა "ოცნება". ჯერ სად არიან, კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი იქნება. არ გაუვა "ოცნებას" ხალხის ომით დაშინება. ქართველები ლაჩრები არასდროს ვყოფილვართ, ომის შიშით უკან არასდროს დაგვიხევია.

ხათუნა ბახტურიძე