"ჩვენი აქ ჩამოსვლა დაზვერვასავით გამოდის" - რას ჰყვება უკრაინაში მყოფი ვაჟა ექიმი - კვირის პალიტრა

"ჩვენი აქ ჩამოსვლა დაზვერვასავით გამოდის" - რას ჰყვება უკრაინაში მყოფი ვაჟა ექიმი

უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ხალხია. მოსახლეობის 30% მაინც რუსულენოვანია, ხარკოვსა და მარიუპოლში კი უფრო მეტიც, მაგრამ ყველანი არიან უკრაინის მოქალაქეები და იბრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობისათვის

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხრა კოლეგასთან ერთად ამჟამად უკრაინაშია, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში. ისინი საკუთარი ინიციატივით ჩავიდნენ, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ და დაეხმარონ თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელებს.

- ბატონო ვაჟა, რა გზა გაიარეთ და უსაფრთხოა თუ არა ახლა მანდ ყოფნა?

- ახლა კოლომიაში შედარებით სიწყნარეა, თუ შეიძლება სადმე სიწყნარე იყოს ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებებია და მონსტრი რუსეთი ებრძვის თავისუფლების მოყვარე ხალხს. ჩემი აზრით, ესენი დაუმარცხებლები არიან და რუსეთი უკრაინის აღებას ვერ ეღირსება.

ukraina-1649595296.jpg

- ცხრა ექიმი ხართ საქართველოდან ჩასული. როგორი პაციენტები გყავთ?

- ჩვენ ვართ რაიონულ საავადმყოფოში,­ სადაც ახლა 15 მებრძოლი მკურნალობს. ამ 50-ათასიან ქალაქში 12 ათასამდე ლტოლვილია და ყველას საბრძოლო განწყობა აქვს. 1989-90 წლებში რომ იყო ერთიანობა საქართველოში, ისეთ ერთიანობას ვხედავ აქ. წარმოუდგენელია ეროვნების მიხედვით გარჩევა. ყველანი უკრაინის მოქალაქეები არიან, იბრძვიან ამ ქვეყნის დამოუკიდებლო­ბისათვის და, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას მოიგებენ არა მარტო უკრაინის, საქართველოს გადარჩენისა და მსოფლიოს შეცვლისთვის.ჩვენი პაციენტები, ძირითადად, აქაურები და ლტოლვილები არიან. ხვალიდან პირველადი სამხედრო დახმარების ტრენინგებს ჩავუტარებთ სამხედროებს. ჩვენი აქ ჩამოსვლა დაზვერვასავით გამოდის, რომ ვნახოთ, რა სახის სამედიცინო დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. სამჯერ იყო საჰაერო განგაში. მოსახლეობამ მაშინვე თავშესაფარში გადაინაცვლა. კომენდანტის საათი 22 საათზე იწყება. 21 საათიდან ქუჩაში თითქმის აღარავინ დადის. მთელი ქალაქი ჩაბნელებულია, რაც ძალიან ცუდი სანახავია.

- ერთ დროს თავად იყავით ოკუპანტების ტყვე. ახლა საკუთარი თვალით ხედავთ, რა სიმხეცეს სჩადიან უკრაინაში. თუ შეგიძლიათ პარალელების გავლება, მაშინ წარმოგედგინათ, რომ მათ შეუძლიათ ასეთი სისასტიკით გაუსწორდნენ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს?

- მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ 21-ე საუკუნეში შეიძლება ევროპის ცენტრში ასეთი სიტუაცია შექმნილიყო. ორი თვის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოში ასეთი ცვლილებები მოხდებოდა. დღეს უკრაინამ მსოფლიოს შეცვლა მოახერხა. ყველა დანაშაული, რომელთაც რუსეთი დღეს უკრაინაში სჩადის, რუსების ხუთ თაობას მაინც გაჰყვება, თუ ეს ქვეყანა საერთოდ იარსებებს... მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთში პუტინი იქნება, პეტრე პირველი, ეკატერინე მეორე თუ ბრეჟნევი, მათ გენეტიკაში აქვთ, რომ მეზობელი, ან თუნდაც ვინმე სხვა აუცილებლად უნდა დაჩაგრონ და გაანადგურონ.

დღეს რადიოთი გადმოსცემდნენ მედვედევის ნათქვამს, ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე ჩვენ უნდა დავამყაროთ ევრაზიული წესრიგიო. რას გულისხმობს ამ ევრაზიულ წესრიგში, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამის პირველი ცდა იყო საქართველოში, მერე - ყირიმში, დღეს კი მთელ უკრაინაში ვხედავთ მათ დაუჯერებელ სისასტიკეს. სწორად გამიგეთ, მაგრამ ქართველისთვის ძალიან ძნელი მოსასმენია, როცა მაღაზიაში გამყიდველი გოგონაც კი გეკითხება, რას აკეთებს თქვენი ქვეყნის მთავრობაო.

- ეს შეკითხვა ხშირად ისმის? ჩვენი ბევრი მებრძოლი იბრძვის უკრაინაში, ოთხი მათგანი დაიღუპა, ექიმები მოხალისეებად წახვედით... კონკრეტულად რას ითხოვენ?

- ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯაველინებსა და სტინგერებს ვერ მივაწვდით და თვითმფრინავი ჩვენთვისაც არ გვაქვს, მაგრამ ელიან მთავრობის მორალურ მხარდაჭერას. ქართველ ხალხს უდიდეს პატივს სცემენ, მაგრამ ჩვენი მთავრობით უკმაყოფილო არიან...

- ზელენსკიმ თურქეთის ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსებმა ბუჩასა და გოსტომელში დაწვეს ბევრი ადამიანი, ოჯახებიც კი. თქვენამდე რა ამბები მოდის?

- არ შეიძლება ყველაფერი მოგონილი იყოს, ეს წარმოუდგენელია... მარიუპოლი რომ გაიხსნება, ალბათ, მეტი დანაშაულისა და სისასტიკის შესახებ გავიგებთ... უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ხალხია. მოსახლეობის 30% მაინც რუსულენოვანია, ხარკოვსა და მარიუპოლში კი უფრო მეტიც, მაგრამ ყველანი არიან უკრაინის მოქალაქეები და იბრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობისათვის. როგორც ჩვენთან იყო ცხვინვალის რეგიონში ან აფხაზეთში, აქაც ბევრია შერეული ოჯახი და ამ ოჯახების ყველა წევრი, ეროვნების მიუხედავად, უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის. მათ ვერ წამოუდგენიათ, რომ შეიძლება უკრაინა დამარცხდეს.