"დასავლელი ლიდერები დაფიქრდნენ, ეს ყველაფერი მათი ბრალიც ხომ არ არის“ - კვირის პალიტრა

"დასავლელი ლიდერები დაფიქრდნენ, ეს ყველაფერი მათი ბრალიც ხომ არ არის“

კადრები ბუჩიდან საშინელებათა ფილმს ჰგავს. ეს კოპწია და ერთ დროს თვალწარმტაცი ქა­ლაქი ახლა სასაკლაოს ჰგავს, 14 მეტრზე გადაჭიმული ძმათა სასაფლაოთი. რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში არა­ერთი ქართველი იბრძვის. მათ შორის არის ჩვენი რესპონდენტიც, სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი­ გურამ ჩალაგაშვილი.

- თავდაპირველად მოგიკითხავთ თქვენ და უკრაინაში მებრძოლ ყველა ქართველს. როგორ ხართ?

- ფიზიკურად ჯანმრთელად ვართ, დანარჩენის რა გითხრათ... იმის შემდეგ, რაც თქვენც ნახეთ, მორალურად განადგურებული ვართ. გამოცდილი მებრძოლი ვარ, თუმცა ასეთი საზარელი კადრები პირველად ვნახე. ვერც კი აღვწერ ჩვენს განცდებს... ამის მიუხედავად, განწყობა, რა თქმა უნდა, საბრძოლო გვაქვს. ჩვენ გვყავს ხელმძღვანელობა, ადგილობრივი მაღალჩინოსნები. ორი-სამი დღით გავდივართ კონკრეტულ ოპერაციაზე, კონკრეტული დავალებით, მერე ორი-სამი დღე დასვენების პერიოდი გვაქვს. რაც მოხდა ბუჩაში, ირპენში, მსგავსი არაფერი გვინახავს.

- ბუჩის კადრებმა მსოფლიო შეძრა. როგორ შეიძლება ადამიანი აქამდე მივიდეს? ასეთი სისასტიკით უდანაშაულო ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს როგორ უნდა გაუსწორდეს?!

- შეუძლებელია, საღად მოაზროვნე ადამიანმა ეს ახსნას. ხელებშეკრული ხალხი პირდაპირ ქუჩაში დახოცეს - ბავშვები, უმწეო ადამიანები. ვიღაც ველოსიპედით მიდიოდა, რომ შინ პური და წყალი მიეტანა და დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინელი იყო. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ბავშვებს უსწორდებიან. ჯერ აბამენ, ხელებს უკრავენ, შემდეგ ფოტოებს იღებენ და ამით თავს იწონებენ.მიცვალებულებიც კი დანაღმეს, რათა შემდეგ იქ შესული საჯარისო ნაწილებიდანაც რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, სამართლიანობისათვის მებრძოლი გამოასალმონ სიცოცხლეს. რუსები არიან ჩვეულებრივი სადისტები. რომელ ერთმორწმუნეობაზეა ლაპარაკი! სად გაიზარდნენ ან როგორ აღზარდეს, არ ვიცი.

- ნუთუ ეს იყო საჭირო, რომ მთელ მსოფლიოს უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაედგა?

- ალბათ, უკვე დროა, დასავლელმა ლიდერებმაც და ბევრმა სხვამაც ჩაიხედონ საკუთარ გულში და დაფიქრდნენ, ეს ყველაფერი მათი ბრალიც ხომ არ არის. პოლიტიკას არ უნდა გადავაყოლოთ ადამიანების, ჩვილი ბავშვების სიცოცხლე. ვისაც უნდა, დამძრახოს ამ სიტყვის გამო, ვისაც უნდა, ეფეროს მერკელებს და სარკოზებს. ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია.

- რუსებსა და უკრაინელებს მჭიდრო ნათესაური კავშირი აქვთ. ადგილობრივები რას ამბობენ, არიან გაკვირვებული რუსების ასეთი სიმხეცით?

- ირპენში მოსახ­ლ­ეობა,­ ძირითადად, ასაკოვნები, გვეკითხებოდნენ რაღაცებს, ტიროდნენ. ჩვენი მოვალეობა იყო ისინი დაგვემშვიდებინა და უსაფრთხო ადგილზე გადაგვეყვანა. მოსახლეობასთან სხვაგვარი კონტაქტის დრო არ არის. ისე კი, რაც აქ ვარ, ცრემლიანი თვალების მეტი არაფერი მინახავს...

- როგორი ვითარებაა მარიუპოლთან დაკავშირებით? შეიძლება ბლოკადა მოიხსნას და ვინც ცოცხალი გადარჩა, ისინი მაინც გამოიყვანონ იქიდან?

- მარიუპოლი მიწასთან არის გასწორებული, მაგრამ იქ არიან გადარჩენილი ადამიანები, მათ შორის - ქართველი სამხედროებიც. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ერთ-ორ საათში, ხვალ ან ზეგ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომმარიუპოლი მიიღებს საჭირო დახმარებას და იქ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ცოცხლი გამოვა სამშვიდობოს. დიდება უკრაინას!

ეკა სალაღაია