"თუ 20.000 დოლარს გადაიხდიდნენ, მაშინ სახლის აივნიდან თეთრი ზეწრები გადმოეფინათ" - სასტიკი დამნაშავის მორიგი დანაშაული 18 წლის შემდეგ გაიხსნა - კვირის პალიტრა

"თუ 20.000 დოლარს გადაიხდიდნენ, მაშინ სახლის აივნიდან თეთრი ზეწრები გადმოეფინათ" - სასტიკი დამნაშავის მორიგი დანაშაული 18 წლის შემდეგ გაიხსნა

"ჩემი შვილი ვიპოვეთ", - მხოლოდ ეს სიტყვები თქვა მედიასთან დედამ, რომელიც 18 წელია თავისი 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ადგილსამყოფელს ეძებს. ამ წლების განმავლობაში მან და მისმა ოჯახმა უმძიმესი დღეები გამოიარა, ყველა გზა სცადეს, დაკარგული შვილი რომ ეპოვნათ, მაგრამ უშედეგოდ. ყოველ დღე შვილზე დარდობდნენ და ყველანაირ იმედს ებღაუჭებოდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ შესაძლოა მათი შვილი ცოცხალი ყოფილიყო. ეძებდნენ ყველგან...

18 წლის შემდეგ, დღეს, სამართალდამცავებმა სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და უმძიმესი ფაქტი უკვე ცნობილია. გორში, კომბინატის დასახლებაში, მტკვრის სანაპიროზე, 2004 წელს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი აღმოჩენილია და ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ბავშვის ცხედარი უკვე ამოიცნეს. იმდენად მძიმეა მათი ემოციური მდგომარეობა, რომ ისინი ჟურნალისტებთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ჯერჯერობით არც სამართალდამცველებს გაუვრცელებიათ ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა ცნობილია, რომ ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელს მსჯავრდადებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე მიაგნეს. ამ ფაქტს ადასტურებს ნებიერიძის დედა, ნუნუ გრიგალაშვილი:

„ბერძნიშვილების ოჯახს ჩემმა შვილმა ციხიდან მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ბავშვის ცხედარი იყო, მაგრამ აღნიშნული ბავშვის გაუჩინარებასა და მკვლელობაში მას ბრალი არ მიუძღვის, უბრალოდ, დაინახა და ინფორმაცია ჰქონდა“, - ამბობს სასტიკი დამნაშავის დედა.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის ნოემბერში გორში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ერთ- ერთ ვერსიად, ოჯახისთვის ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცება სახელდებოდა. მაშინ როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, სწორედ იაგო ნებიერიძე გამოძალვის ბრალდებით იყო დაკავებული. თუმცა, ნებიერიძეს ბავშვის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალი არ დაუმტკიცდა, მაშინ ამ დანაშაულიდან ის "გამოძვრა" და მხოლოდ გამოძალვისთვის გაასამართლეს. ამდენი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ნებიერიძე ამ უმძიმეს საქმეში ნამდვილად იყო გარეული.

ზაქრო ბერძნიშვილის საქმე კიდევ ერთხელ ამოტივტივდა 2018 წლის ოქტომბერში და ამ დანაშაულზე ყველა საუბრობდა, როცა იაგო ნებიერიძემ მორიგი უმძიმესი დანაშაული ისევ გორში ჩაიდინა. მაშინ ამ ფაქტმა შეძრა მთელი ქვეყანა. 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით იაგო ნებიერიძე დააკავეს. ამ ბრალდებით გასამართლდა, დღეს ციხეშია გამოკეტილი და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

სამართალდამცველებთან 2018 წელსაც განაცხადა იაგო ნებიერიძემ, რომ 2004 წელს გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი იცოდა. აღნიშნა, რომ მოზარდი გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე იყო დაკრძალული. მაშინ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა სამძებრო სამუშაოები პარკის ტერიტორიაზე, გადათხარეს იქაურობა, თუმცა, სამართალდამცველებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს. მაშინაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო ბერძნიშვილების ოჯახი, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ საქმეში ნებიერიძე იყო დამნაშავე და ის სიმართლეს მალავდა. იმ საბედისწერო დღეს, 2004 წლის 1-ლ ნოემბერს, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დედამ ეზოში ჩაუშვა და ბავშვი უკან არ დაბრუნდა. ოჯახს ჰყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას ემთხვეოდა. ოჯახმა მაშინ გამტაცებლისგან ორი წერილი მიიღო. ეწერა, თუ 20.000 დოლარს გადაიხდიდნენ, მაშინ სახლის აივნიდან თეთრი ზეწრები გადმოეფინათ. მეორე წერილი ბავშვის სახლში მაწანწალა ბავშვმა მიიტანა და ოჯახს უთხრა, რომ წერილი უცხო კაცმა გამოატანა. მასში ეწერა, რომ ბავშვს თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და დედას კითხულობდა. მოითხოვდნენ, ერთ საათში აივნიდან სიგარეტის კოლოფით თანხა ოჯახს გადაეგდო, თორემ ბავშვი დაიღუპებოდა. ბავშვის მამა მაშინათვე გაიქცა იმ ადგილისკენ, სადაც უთითებდა ბავშვი, რომ წერილი გადასცეს. ზაქროს მამამ მხოლოდ თეთრქურთუკიანი ბიჭი დაინახა, რომელიც მისი გამოჩენისთანავე გაიქცა. მან მაინც ამოიცნო ის და სახლში დაბრუნებულმა თქვა, რომ ეს იაგო იყო. გადასამოწმებლად ნებიერიძის საცხოვრებელ ბინაშიც მივიდა და სახლში სწორედ ის ქურთუკი აღმოაჩინა, რომელიც იმ დროს ეცვა მას. მალე ნებიერიძე დააკავეს. მოგვიანებით ექსპერტიზითაც გაირკვა, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე წერდა, მაგრამ დაკავებულმა მაშინ მხოლოდ წერილების წერა აღიარა, ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირს უარყოფდა. ამიტომ 20 წლის იაგო ნებიერიძე მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. ისიც ცნობილია, რომ ბავშვის გაუჩინარებამდე იაგო ნებიერიძის მამა ბერძნიშვილების სახლში ავტოფარეხს აშენებდა, მამასთან ერთად იქ იაგო დადიოდა და ასე გაიცნეს მოზარდი და მისი ოჯახი.

როგორც ჩანს, დამნაშავემ ნდობით ისარგებლა და ბავშვი გაიტაცა. უფრო მეტიც, სასოწარკვეთილი ოჯახი ბავშვს რომ ეძებდა, მამა-შვილი ვითომ თანაგრძნობის გამოსახატად ყოველდღე მათთან მიდიოდა, როგორც ჩანს, ოჯახის განწყობებს და ინფორმაციებს ისინი ამ გზით აგროვებდნენ. მართალია, მაშინ ძალოვნებმა დამნაშავე ნებიერიძეს ეს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ციხეში გამოძალვის ბრალდებით გამოკეტეს. ასევე, ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაც წაუყენეს, მაგრამ ეტყობა, პროკურატურას საქმის მტკიცებულებებით გამყარება გაუჭირდა, ვერც ბავშვის ადგილსამყოფელს მიაგნეს, 11 წლის ბიჭი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. გამოძალვისთვის მხოლოდ 4 წელი აკმარეს. თუმცა არც ციხეში გატარებული ამ წლების მერე დაადგა გამოსწორების გზას, ის მეორედ ციხეში მალევე შეაბრუნეს. ამჯერად ყაჩაღობისთვის, 2008 წელს გაასამართლეს და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით 17 წელი და 4 თვე დაუტოვა სასამართლომ. ჯერ ამნისტია, მერე პრეზიდენტის შეწყალებაც მიეხმარა და 17 წლის ნაცვლად, მან ციხეში მხოლოდ 9 წელი გაატარა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩაიდინა მორიგი უმძიმესი დანაშაული, 9 წლის ნანიკოს სასტიკი დანაშაული, რომელიც ასევე სულისშემძვრელია. ნანიკო ბერიაშვილი ცეკვაზე წავიდა იმ დღეს და მას შემდეგ ბავშვს ეძებდნენ. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ოპერატიულად გაიჩხრიკა ყველა სახლი და შემთხვევის ადგილსაც მიაგნეს. დანაშაულის გახსნაში ძალოვნებს კინოლოგები დაეხმარნენ. გოგონას ქურთუკიდან ძაღლმა სუნი აიღო და სწორედ იმ სახლს მიადგა, სადაც სავარაუდოდ გოგონა მოკლეს. ეს ადგილი ბერიაშვილების სახლიდან რამდენიმე მეტრშია და იქ ძალოვნებს სისხლის კვალიც დახვდათ.

ექსპერტიზით გაირკვა, რომ აღმოჩენილი სისხლი ნანა ბერიაშვილის იყო. მალე დამნაშავესაც მიაგნეს და 34 წლის იაგო ნებიერიძე იმავე ღამეს გორში, რუსთაველის ქუჩიდან აიყვანეს. იგი იმ სახლში მუშად მუშაობდა. სხვა მუშებსაც რამდენიმე საათი ჰკითხავდა პოლიცია. მათი თქმით, 25 ოქტომბერს არცერთი მათგანი სამუშაოდ არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მუშა დაეხმარა გამოძიებას დანაშაულის გახსნაში. მან ეჭვი შეიტანა ბრალდებულის ქცევაში და ამბები მოუყვა კიდეც გამომძიებელს.

ცნობილია ისიც, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე კვალის წაშლას ცდილობდა. ის აღელვებული ხალხის ირგვლივ ტრიალებდა, მაშინაც ინფორმაციებს იღებდა და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა, რომ ცხედარი მოეშორებინა. ეს მომენტიც იპოვა საღამო ხანს, როცა კინოლოგები დაინახა ეტყობა შეშინდა და სანამ ძაღლი კვალს მიაგნებდა, გოგონას ცხედარი ურიკაზე დადო და ლიახვისკენ გაიტანა. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრშია ბავშვის სახლიც. მეზობლები ამბობდნენ მაშინ, რომ იქაურობა რამდენჯერმე დაათვალიერეს. არ გამორიცხავდნენ იმასაც, რომ დამნაშავეს სურდა ცხედრის მდინარეში გადაგდება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, ხალხი ყველგან ეძებდა ბავშვს და ხმა რომ გაიგონა, ცხედარი ძირს დააგდო. მუშები ადასტურებენ, რომ ნამდვილად ჰქონდათ წითელი ურიკა და ურიკის ნაკვალევიც აშკარად ჩანდა იმ ადგილას, სადაც ცხედარი ნახეს. მაშინ მისი ალაპარაკება ძალოვნებს ძალიან გაუჭირდებათ, არც ამ დანაშაულს აღიარებდა, მაგრამ ახლა სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 18 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმის ირგვლივ რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას და რა გაირკვა გამოძიებით, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

(სპეციალურად საიტისთვის)