"საქართვველოში ჩამოსულები გაკვირვებული დავრჩით ასეთი თანადგომით და თანაგრძნობით“ - კვირის პალიტრა

"საქართვველოში ჩამოსულები გაკვირვებული დავრჩით ასეთი თანადგომით და თანაგრძნობით“

"რუსეთთან შედარებით პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ არ გვეშინია დიდი ბოროტი ქვეყნის. არავისი გვეშინია!“

ვიქტორია კოგანი, რომელიც ათდღიანი წვალების შემდეგ შვილთან, 8 წლის დავიდ კოგანთან ერთად, უკრაინიდან საქართველოში, სამშვიდობოს ჩამოვიდა, გვიყვება - "გვქონდა ბედნიერი ცხოვრება... ის ცხოვრებისეული წვრილმანები, რომელიც პრობლემებად გვეჩვენებოდა, არც არაფერი ყოფილა... ვცხოვრობდით შესანიშნავ ქვეყანაში... ვმუშაობდი მიკოლაევის პედაგოგიურ უნივერსიტეტში... ყველაფერი კარგად იყო, მერე კი... ჩვენი უნივერსიტეტის ეზოში რაკეტა ნახეს ჩამოგდებული, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ აფეთქდა...".

- ომს არ ველოდით... ეს ყველაფერი ისე ვერაგულად დაიწყო... დილაადრიან, 5 საათზე, მე და ჩემმა შვილმა აფეთქებების ხმაზე გავიღვიძეთ. 21-საუკუნეა, ცივილიზაციაა, ადამიანებს აქვთ მოლაპარაკების უნარი და წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რომ ომი დაიწყებოდა. გვეგონა, რაღაც კატასტროფა მოხდა, ან წვრთნები დაიწყო... მერე საინფორმაციო საშუალებებით, სოციალური ქსელებით გავიგეთ, რომ ომი დაიწყო. თითქოს სიზმარში ხარ... გესმის, მაგრამ ვერ იჯერებ... ბავშვს ხელი მოვკიდე­ და სახლიდან უახლოეს თავშესაფრამდე გავიქეცი. ეს იყო მრავალსართულიანი სახლის თავშესაფარი, რომელსაც მანამდე არავინ იყენებდა. იქ გატარებული­ პირველი დღეები განსაკუთრებით საშინელი­ იყო. ძალიან ბევრნი ვიყავით, უამრავი ბავშვი, ვისხედით ბეტონის იატაკზე, სიბნელეში, სიცივეში... პირველ დღეს მხოლოდ ინფრასტრუქტურებს აფეთქებდნენ, მერე აღარც არჩევდნენ...

ჩვენს ქალაქს შესანიშნავი დამცველები ჰყავს. მართალია, ბევრი ჩვენი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი იცავენ ქალაქის შემოსასვლელს და რუსულ სახმელეთო ჯარს შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ, ამიტომ რუსეთი ვერაგულად იქცევა და მიკოლაევს ციდან ბომბავს. შედეგად ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა. სამშობიარო სახლი დააზიანეს და ამიტომ ახალშობილები, დედებთან ერთად, სარდაფებში არიან. დაზიანდა საავადმყოფოც. ჩემი დედამთილი დიალეზს იკეთებს და ახლა საგონებელში ვართ, არ ვიცით, სად წავიყვანოთ...

მე და ჩემს შვილს გაგვიმართლა, ქალაქიდან რომ გამოვედით. ახლობლები მოდიოდნენ, რომელთაც გვითხრეს, ორი ადგილი გვაქვს და თუ გარისკავ, გამოგვყევიო. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ უნდა გაგვერისკა. ხუთ წუთში გავემზადეთ, მხოლოდ საბუთების წამოღება მოვახერხე.

- მარტო მოდიოდით თუ კოლონას მოჰყვებოდით?

- ძალიან ბევრი მანქანა გამოდის, უფრო სწორად, გეგმავს ქალაქიდან გამოსვლას. ხალხი ცდილობს, ბავშვები გამოიყვანოს. მადლობა ღმერთს, გაგვიმართლა და მშვიდობიანად ვიმგზავრეთ. მართალია, თან გვდევდა აფეთქებების ხმა, მაგრამ მიკოლაევის ოლქი უვნებლად დავტოვეთ.

- თქვენი შვილი 8 წლისაა. რამეს გეკითხებოდათ?

- ამ ასაკში რთულია, გაიაზრო, რა ხდება. როდესაც ომის დაწყების შესახებ გაიგო, პირველი კითხვა იყო: რატომ იქცევა პუტინი ასე?! მანამდე საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო პუტინი, ახლა კი სულ კითხულობს, რატომ არ ვეცოდებით, ასე რატომ გვექცევა, რატომ არის ასეთი ბოროტი...

რაც საქართველოში ჩამოვედით, სულ კითხულობს, უკრაინაში როდის წავალთო, რადგან იქ მამა და ბებია-ბაბუა ჰყავს და ენატრება. სკოლის მეგობრებიც ენატრება... საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ვხვდებით, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვართ, მაგრამ სახანძროს თუ "სასწრაფოს" სირენაზე, სალუტების ხმაზეც კი სიმშვიდე გვერღვევა, ვიძაბებით. ეს ხმები, ალბათ, დიდხანს იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. დღემდე საშინელ სიზმრებს ვხედავთ და შეშინებული ვიღვიძებთ. სროლა, სიკვდილი არსად მიდის, გროვდება ჩვენს შეუცნობელში და მშვიდობიან დროსაც არ გვაძლევს მოსვენებას.

- მეუღლესთან გაქვთ კავშირი?

- შეძლებისდაგვარად. ის პოლიციაში მუშაობს და სულ ოპერაციებზეა. ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან საკუთარი თვალით ხედავს ამდენ უბედურებას: დასახიჩრებულ ადამიანებს, გვამებს, ნგრევას...

მე მიკოლაევის უნივერსიტეტში ვმუშაობ, ვიყავი დეკანატის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ახლახან საშინელი ამბავი გავიგეთ - გარდაიცვალა ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი, ძალიან კარგი ახალგაზრდა, დარჩა მეუღლე და ბავშვი. ის მიკოლაევის დაცვისას დაიღუპა.

- საქართველოში როგორ მოხვდით? თქვენ აირჩიეთ აქ წამოსვლა თუ ახლობლებთან ჩამოხვედით?

- აქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. არ იყო ადვილი მიკოლაევის დატოვება. 8 მარტს წამოვედით და საქართველოში 18-ში ჩამოვედი. 10 დღე ვიყავით გზაში. ჯერ საზღვრის გადაკვეთაზე იყო რიგი, მერე ბილეთები...

- თქვენმა შვილმა აქ განაგრძო სწავლა?

- ჯერჯერობით უკრაინულ სკოლაში ონლაინგაკვეთილებს ესწრება. გვინდა, ჩვენს პედაგოგთან დაამთავროს ეს სასწავლო წელი, მერე ვნახოთ, რამდენი ხნით დავრჩებით საქართველოში და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

- ალბათ, თანაკლასელები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთვებიან გაკვეთილზე...

- პედაგოგი მიკოლაევშია და თუ იქ სიწყნარეა, რამდენიმე საათი ამეცადინებს ბავშვებს, დავალებებსაც უგზავნის. ჩემი ბიჭის თანაკლასელები ერთვებიან პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან. ჩვენი კლასიდან საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვართ. ნახევარი კლასი ისევ უკრაინაშია, მაგრამ ყველა აპირებს ქალაქის დატოვებას.

- თავშესაფარში როგორ იკვებებოდით?

- ყოველთვის თან გვქონდა განგაშის ჩანთა და თუ თავშესაფრიდან სახლში მივდიოდი, მაშინვე ამ ჩანთას ვიმზადებდი. ვცდილობდი პლედი, თბილი სასმელი, საკვები თან წაგვეღო, მაგრამ პირველივე დღეებში ძლიან გაგვიჭირდა. მაღაზიებში პროდუქტი გაქრა, ბანკომატიდან ფულს ვერ აიღებდი, ყველა ცარიელი იყო.

- ხალხის განწყობა როგორია?

- ალბათ, არავინ იყო ამ ომისთვის მზად, მაგრამ უკრაინელები გაერთიანდნენ და მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს. ჩვენ ბევრი საერო გვქონდა რუსეთთან, ჩვენთან ბევრი რუსია, ნათესავებს შორისაც, უმრავლესობა რუსულად ვლაპარაკობთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ჩვენი უკრაინული­ ენა და დღემდე ვერ ვიგებთ, რისგან ცდილობენ ჩვენს გათავისუფლებას. რისგან გვათავისუფლებენ, საკუთარი სამშობლოსგან?! რა თქმა უნდა, ახლა ხალხი რუსეთის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი. რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, არაფრის გაგონება და დანახვა არ გვინდა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის პატიება. ალბათ, ბევრი ათეული წელი უნდა გავიდეს, ძალიან ბევრი თაობა შეიცვალოს, რომ ამის დავიწყება შესაძლებელი გახდეს. ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში? ეს ხომ საშინელებაა! ამის პატიება შეიძლება?! თუმცა ყველა განწყობილია გამარჯვებისთვის. მეჩვენება, რომ ასეთი მეგობრული და შეკრული არასდროს ვყოფილვართ. უკრაინელები ძალიან ძლიერი ხალხია! რუსეთთან შედარებით პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ არ გვეშინია დიდი ბოროტი ქვეყნის. არავისი არ გვეშინია!

საქართველოში ჩამოსულები სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩით ასეთი თანადგომით და თანაგრძნობით. პირველივე დღეს ბავშვთან ერთად ქალაქში რომ გამოვედი სიმბარათის შესაძენად, მაღაზიაში შევედით და დაცვაც, რიგში მდგომნიც, მოლარეც, როგორც კი გაიგეს, რომ უკრაინიდან ვიყავით, მოგვეფერნენ, გაგვამხნევეს, ბევრი თბილი სიტყვა გვითხრეს, აღტაცება გამოხატეს უკრაინელების შეუპოვრობით, მამაცობით... ეს ისეთი სასიამოვნო იყო, თავი ვერ შევიკავე და ავტირიდი. ხარ უცხო ქვეყანაში, უცხო ენისა და მენტალიტეტის ხალხთან, მაგრამ გრძნობ, რომ ისინი ადეკვატურად აფასებენ სიტუაციას, ესმით, რა არის ომი და შესანიშნავად ხვდებიან, რომ რა პოლიტიკური თამაშებიც უნდა მიმდინარეობდეს, ყოველთვის ხალხი იჩაგრება. ყოველ ნაბიჯზე ვხედავ უკრაინის დროშებს, ყველგან ვხედავ წარწერას: „слава україні", ყველგან უკრაინის ჰიმნი ისმის და ეს ძალიან მსიამოვნებს. იგრძნობა, რომ ამ ქვეყანაში თანაუგრძნობენ უკრაინელ ხალხს, მორალური მხარდაჭერა კი უმთავრესია.

- არა მარტო მორალური - უკრაინაში ბევრი ქართველი იბრძვის, მათ შორის - მიკოლაევშიც...

- ვიცი, რომ იბრძვის ქართველების ბატალიონი, არიან დაღუპულებიც, რაც ძალიან საწყენია... ომი საშინელებაა.

გვქონდა ბედნიერი ცხოვრება... ის ცხოვრებისეული წვრილმანები, რომელიც პრობლემებად გვეჩვენებოდა, არც არაფერი ყოფილა... ვცხოვრობდით შესანიშნავ ქვეყანაში... ვმუშაობდი მიკოლაევის პედაგოგიურ უნივერსიტეტში... ყველაფერი კარგად იყო, მერე კი... ჩვენი უნივერსიტეტის ეზოში რაკეტა ნახეს ჩამოგდებული, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ აფეთქდა... როგორც ჩანს, ეს საშინელება არცთუ მალე დასრულდება. ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. პუტინი კიდევ დიდხანს არ მოისვენებს, კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება... რა თქმა უნდა, ძალიან გვენატრება ჩვენი სამშობლო, მაგრამ ვხვდებით, რომ მალე ვერ დავბრუნდებით. ვინც უკრაინიდან წამოვიდა, ყველა ძალიან დარდობს და თვალცრემლიანი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც უკან დაბრუნდება.