"ყველა არაადამიანურად იყო ნაწამები, ყველას სიკვდილი ნახა ბიჭმა, რომელსაც სახეზე სისხლი ჰქონდა შემხმარი“ - კვირის პალიტრა

"ყველა არაადამიანურად იყო ნაწამები, ყველას სიკვდილი ნახა ბიჭმა, რომელსაც სახეზე სისხლი ჰქონდა შემხმარი“

ერთ თვეზე მეტია უკრაინიდან უმძიმესი ვიდეოფირები ვრცელდება, რომელთაც მთელი მსოფლიო შეძრული უყურებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში, სარდაფებში, ბუნკერებში, შენობებში ყოველდღე პოულობენ ხელებშეკრულ და კეფაში ან ზურგში ტყვიადახლილ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს... ესროდნენ პურის რიგში მდგარ ხალხს. გასართობად ცხრილავდნენ ველოსიპედით ან მსუბუქი ავტომანქანით წამლის ან წყლის საშოვნელად, დაკარგული ოჯახის წევრების მოსაძებნად გამოსულ უკრაინელებს. მიზანში ჰყავდათ ამოღებული ისინი, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდნენ, მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ოპერატორები, ისინი, ვისაც უკრაინის ტრაგედიის მსოფლიოსთვის დანახვება შეეძლოთ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა, უპირველესად კი უკრაინელი ხალხი იმედს არ კარგავს, რომ დამნაშავეები აუცილებლად გასამართლდებიან, მანამდე კი ირპენში, ბუჩაში, ბოროდიანსკსა და კიევის ახლომახლო ქალაქებში რუსეთის არმიის სისასტიკის კვალს ეძებენ და აღნუსხავენ. მოსაყოლად და სანახავად უმძიმესი სურათების თავდაპირველი მოწმენი ის სამხედროები არიან, რომლებიც რეგიონებს ოკუპანტებისგან წმენდენ.

"გაქცეულ ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს კეფაში ესვრიან, შემდეგ კი ამაზე ხალისობენ"

ანდრეი სკარლატი, უკრაინელი სამხედრო: - დიდი ხანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ. 2014 წლიდან, ფაქტობრივად, ომში ვარ. რა არ მინახავს, ფსიქოლოგიურად გვამზადებდნენ ბევრი რამისთვის, მაგრამ ის, რაც ვნახე ამ ერთი თვის განმავლობაში, ყველანაირ ფსიქოლოგიურ წვრთნას აღემატება. ჯარისკაცობა არ არის ადვილი, პოლიტიკოსები უმეტესად ლაპარაკობენ, აკეთებენ განცხადებებს, შემდეგ მიდიან შინ და მშვიდად ისვენებენ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას, არ გვძინავს, ვერ ვჭამთ, სიზმრები არ გვასვენებს. ვიღაც ეჩვევა, ვიღაც ვერა, მაგრამ უკან არავინ იხევს სამშობლოს, მეგობრების გამო. მე და ჩემი მეგობრები მერვე წელია რუსულ ბოროტებას ვებრძვით. კიევის ოლქის შემოგარენში, ქალაქებში, სოფლებში, პატარა დასახლებებში რუსები წარმოუდგენელი სისასტიკით, ცინიზმით, ავადმყოფური ჟინით უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ის, რაც საერთაშორისო მედიაში ქვეყნდება, მხოლოდ ზღვა უბედურების მცირედი წვეთია. საბედნიეროდ, არსებობს ცენზურა, რათა სუსტი ნებისყოფის ადამიანებმა არ ნახონ მათი არაადამიანური სისასტიკე, მაგრამ, მეორე მხრივ, საუბედუროდ, ყველამ უნდა ნახოს, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. რუსული პროპაგანდით გამოთაყვანებული მოქალაქეები, მათ შორის არა მარტო რუსები, მოძმე ერს გვიწოდებენ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მოძმე და მით უფრო ერთიანი ერი. რუსები ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენს განადგურებას, ისევე, როგორც ქართველების, ოღონდ მასშტაბი განსხვავდებოდა.

სიკვდილი ყოველთვის უმძიმესი სანახავია, მაგრამ ერთია, როდესაც დაბომბვაში, ორმხრივ ცეცხლში დაღუპულ ან ნანგრევებში მოყოლილ ცხედრებს პოულობ, მაგრამ საშინელი ასატანია ასობით ნაწამები ჩვენი მოქალაქის ხილვა: თითებწაჭრილი გოგონას გვამი, რომელიც, როგორც გვითხრეს, მასწავლებელი ყოფილა. თურმე უყვიროდნენ, ამ თითებით ხაზავდი რუკაზე დიდ რუსეთს პატარა უკრაინის გვერდით და ამბობდი, ის ჩვენი მტერია, მაგრამ ნატოში შესვლის შემდეგ ეს სურათი შეიცვლება, რადგან ჩვენ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი გავხდებითო. უკვე გვამად ქცეულ მასწავლებელს ჩასძახოდნენ, დაიმახსოვრე და იმ ქვეყნად შენიანები რომ შეგხვდება, ყველას უთხარი, რომ რუსეთი არის და იქნება მსოფლიოს, მათ შორის თქვენი ბატონი და რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს და ხელს ვერავინ შეუშლისო... დახოცეს ექიმები, რომლებმაც პაციენტები არ დატოვეს და არ გაიქცნენ, მანამდე კი ყველაფერი, მედიკამენტები, სამუშაო იარაღი წაართვეს. კეფაში ესვრიან გაქცეულ ქალებსა და მოხუცებს, ბავშვებს, შემდეგ კი ხალისობენ ამაზე. რუსი ჯარისკაცების უმეტესობას წარმოდგენაც არა აქვს, რას ნიშნავს იყო სამხედრო, რას ემსახურება. მათ არც სამშობლოს შესახებ იციან რამე, მხოლოდ ჩაგონებული აქვთ, რომ რუსეთი დიდია და უძლეველი.

რუსეთის არმიაში პატრონიანი არავინ მიდის, რადგან ყველამ იცის, რომ იქ დედოვშჩინა, შიმშილი, ჩაგვრა ელოდება. ამას გვიყვებიან ტყვეები, რომ სცემდნენ ყველგან, სკოლაშიც, ჯარშიც... ამ პათოლოგიური ცნობიერებით მოვიდნენ დღემდე, აქ კი თავიანთი ბოროტების სუსტზე გადმონთხევის შესაძლებლობა მიეცათ. უმეტესობას მესამე ან მეოთხე პირის გამონაცვალი ჩექმა და კამუფლაჟი აცვია. მეთაურების ბრძანებით სამხედრო ან მოპარულ მანქანებში სარეცხ მანქანებსა და სხვა ნაძარცვ ნივთებს ტვირთავენ და გასაყიდად ბელარუსში ეზიდებიან; იქ უკრაინაში მოპარულ ან ცხედრებისთვის გახდილ სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და ნაძარცვს ყიდიან. ფულს მეთაურის ანგარიშზე რიცხავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იციან, რაც მოუვათ.

ირპენში, ბუჩაში, ჰოსტომელში, ბოროდიანკაში, უფრო ადრე კი მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში ნანახმა არჩევანი არ დაგვიტოვა - რუსი სამხედროები ტყვედ აღარ აგვყავს, პირდაპირ უნდა ესროლო. არადა, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივა იყო მათი შინ გაშვება, მაგრამ ეს არ ჭრის, არ ღირს, ისინი ადამიანები არ არიან. ამიტომ ძალიან ცივი გონებით უნდა იმოქმედო - ესროლო!..

ერთი სახლის შესასვლელთან ძაღლი წკმუტუნებდა. ვიცით, რომ ყველგან ნაღმები დატოვეს, მიცვალებულებზეც კი, ამიტომ ყველა ნაბიჯზე სიფრთხილე აუცილებელია. კარი შევაღეთ თუ არა, კუთხეში კედლისკენ მიტრიალებული ათამდე კაცი შევნიშნეთ, ხელები ყველას გაკოჭილი ჰქონდა. ყველაზე პატარა 14-15 წლის ბიჭი იყო. ფეხში ჰქონდა ნასროლი. მხოლოდ მისი და ერთი მოხუცის გადარჩენა შევძელით. ბიჭი "წითელმა ჯვარმა" გაიყვანა და დაშავებული ფეხი მოჰკვეთეს. თურმე პურს აცხობდნენ, ხალხს იფარებდნენ, დაჭრილებს მკურნალობდნენ. რუსებს უთქვამთ, ნაცისტებს ეხმარებითო. ყველა არაადამიანურად იყო ნაწამები, ყველას სიკვდილი ნახა ბიჭმა, რომელსაც სახეზე სისხლი ჰქონდა შემხმარი. დანარჩენებზე აღარაფერს ვიტყვი, ამაზე სამხედრო ტრიბუნალზე ილაპარაკებენ. არაფერი გამოუძიებელი არ დარჩება. ერთმა შიშისგან დამუნჯებულმა ბავშვმა გვანახა სახლის კედლებს შორის ჩაჭედილი მამაკაცის გახრწნილი ცხედარი. ვნახეთ გრძელი თხრილი ეკლესიასთან, სადაც დახოცილები უნდა დაემარხათ. დახვრეტილებში ბავშვებიც იყვნენ.

"ყველგან ტრაგედია ტრიალებს, სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმამ შეაბიჯა"

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, მშვიდობიანი ადამიანების დახოცვაში რუსების თანამონაწილეები "ჩრდილოეთის" სახელით ცნობილი კადიროველები, ახმატ-ჰაჯი, ასევე, კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალიზებული მოტორიზებული პოლკი და მე-13 რუსული ქვედანაყოფი არიან.

ილია იაკომენკო, უკრაინელი სამხედრო: - რუსული არმიის არაორგანიზებულ ბრძოლასა და შემდეგ ჩვენი ქალაქებიდან გასვლაზე, ალბათ, ძალიან ბევრი დაიწერა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მძიმე პერიოდი აქვთ, როდესაც არაორგანიზებულად გადიან, ნაწილი კი უკრაინის ტერიტორიაზე რჩება... ადრე ასობით მათგანი ბარდებოდა ტყვედ, ახლა გადარჩენისთვის ეს შანსი აღარ აქვთ, რადგან ყველამ ნახა, რაც ჩაიდინეს კიევის ოლქში. წარმოდგენაც შეუძლებელია, რა ხდება მარიუპოლში. ხალხს ურჩევნია ნანგრევებში მოყვეს ან შიმშილით მოკვდეს, ოღონდ რუსებს არ ჩაუვარდეს ხელში. ბავშვებს მშობლებს თვალწინ უხოცავენ და ეუბნებიან, ყველას ასე მოუვა, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავა. როდესაც გაიზრდებით, მაშინაც გახსოვდეთ რუსეთის ძალა, რომ ის არ გაბედოთ, რასაც თქვენი მშობლები ბედავდნენო. ხარკოვში განგაშის სიგნალის დროს თავ­შესაფრისკენ გაქცეულ ადამიანებს გზა გადაუჭრეს და ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპნენ ბავშვები და მათთან ერთად მშობლებიც. "ცეკვა ცეცხლში" - ასე ეძახიან ავტომატის ჯერს, რომელსაც გაქცეულ მშვიდობიან ადამიანებს სადისტურად მიაყოლებენ ხოლმე... საბედნიეროდ, ის დანაყოფი განადგურებულია და ბოროტების ჩადენას ვეღარ შეძლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმ ქალაქებში, საიდანაც ახლა გასვლას ცდილობენ, უამრავი რუსი სამხედროს ცხედარია მიმოფანტული. უკვე თავისიანებსაც ხოცავენ, მათ შორის დაჭრილებსაც. მერე თავადაც იკარგებიან. როგორც ჩანს, სამხედრო ნაწილებს არც აღრიცხავენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაზიანებული სამხედრო ტექნიკიდან თითქმის არასდროს ამოჰყავთ დაჭრილი თანამებრძოლები.

ყველგან ტრაგედია ტრიალებს, სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმამ შეაბიჯა. იპოვეს გაუპატიურებული, შემდეგ კი დახოცილი ბავშვები, რომელთაც ტანზე ძ ეწერათ. ეს მხოლოდ პუტინს არ გაუკეთებია, ეს რუსეთმა გააკეთა და ამისთვის მთელმა ქვეყანამ უნდა აგოს პასუხი.