"გეცნობათ სცენარი?“ - კვირის პალიტრა

"გეცნობათ სცენარი?“

"რუსებმა ოსი მოსახლეობა ქართული ნაციზმისგან „გადაარჩინეს“, ახლაც იგივე ხდება უკრაინაში“

უკრაინაში თითქმის ორთვიან ომში ოკუპანტი რუსეთის უსაზღვრო სისასტიკეს დასასრული არ უჩანს. თითქმის იგივეა მისი ომში გამოყენებული მეთოდები, რაც მანამდე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში გამოცადეს. პუტინისგან დაგეშილმა არმიამ ბუჩა, ბოროდიანკა, ირპენი და მარიუპოლი ნანგრევებად აქციეს. ქუჩაში დაყრილი გაფატრული მოქალაქეები, გაუპატიურებული და შემდეგ დახოცილი ბავშვების ცხედრები, სარდაფებში შიმშილითა­ და უწყლობით დახოცილი ადამიანები მხოლოდ საშინელებათა ჟანრის ფილმებში არა, აფხაზეთში­ც გვაქვს ნანახი. ბუჩის ტრაგედია გაგრაში დატრიალებულ სისხლიან კალოს ახსენებს ჩვენს რესპონდენტს, რომელიც ბავშვობაში ოკუპირებული აფხაზეთიდან თავადაც დევნილად იქცა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი კახაბერ ყალიჩავა ავტორია წიგნისა "კოსოვო,­ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი - თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი".

- როცა აფხაზეთის ომზე ვსაუბრობთ,­ რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ გენოციდზე, რომელიც აშკარად შეიცავს ეთნიკური წმენდის ელემენტებს. დღეს ფართოდ არის გავრცელებული რუსული ნარატივი, რომ უკრაინაში რაც ხდება, ხდება იმიტომ, რომ მან დასავლური კურსი და ნატო აირჩია. სპეციალისტების წრეში ეს საკითხი ნაკლებად არგუმენტირებული ჩანს, რადგან­ 1992 წელს, როდესაც აფხაზეთში­ ომი დაიწყო, ჩვენმა სახელმწიფომ მაშინ გამოაცხადა ოფიციალურად ეს კურსი. მანამდე სადმე­ გავაჟღერეთ? რუსეთისთვის 1992 წელს ნატო არანაირი საბაბი არ ყოფილა, ისევე, როგორც მანამდე ცხინვალში. ბუქარესტის ცნობილ შეთანხმებაზე თუ ვისაუბრებთ (რითაც უკრაინამ ატომური ქვეყნის სტატუსი დათმო), არც მაშინ საუბრობდა ღიად უკრაინა ნატოს წევრობაზე, მაგრამ რუსეთი­ მაინც შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არაფერი უთქვამს ნატოს წევრობაზე, ამ შეთანხმების საფუძველზე მან დათმო ატომური სტატუსი. საქმე მარტივადაა - პუტინი არის ადამიანი, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ სსრკ-ის დაშლა მისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფა­ იყო, რომ მისი მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ადრე შორსაც წავიდა პუტინი, როცა საბ­ჭოთა კავშირი კი არა, მეფის რუსეთის საზღვრებიც კი ახსენა. ალბათ, გაეცანით მედვედევის რომელიღაც ტელეგრამ­არხზე გავრცელებულ პოსტსაც, სადაც სიგიჟეზე საუბრობს - პუტინის მიზანია ააშ­ენოს ღია ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდეო. ეს უკვე რა განზომილებაა, არ ვიცი. მოკლედ, ნატოში გაწევრება თითიდან გამოწოვილი მიზეზია რუსეთისთვის, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენის ცდა. ასე იყო აფხაზეთშიც და 2008 წელს ცხინვალში, ახლა კი უკრაინაშიც.

- რა პარალელის გავლება შეიძლება აფხაზეთის ომის უკრაინის ომთან?

- აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მუშაობისას საინტერესო მასალას წავაწყდი, კერძოდ, ვლადისლავ არძინბას დამოკიდებულებას კონფლიქტისადმი. ის თავიდან ბოლომდე რუსული პროექტი იყო, მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები:L "ჩვენ ნებისმიერ ფასად ვაიძულებთ ქართველებს გვესროლონ". ეს ციტატა ბრუნავდა სამეცნიერო ლიტერატურაში და ისტორიული დისკურსიდანაც ხომ ვიცით, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც 20-იანი წლებიდან მოყოლებული ნელი მოქმედების ორი ნაღმი იყო, რომლებიც ამოქმედდა მაშინვე, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა. მახსენდება 1991 წლის 3 აპრილს საბჭოთა კავშირში­ გამოცემული კანონი, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში ავტონომიურ ერთეულებს ეძლევათ საშუალება თავად გადაწყვიტონ წევრობა-არწევრობის, ანუ თვითგამორკვევის საკითხი. ამ კანონით პირდაპირ დაიწყო ნაღმმა ამოქმედება - საკუთარი გავლენის ზონაში საქართველოს გამოკეტვა და ამ ორი რეგიონით მისი დაჭერა იყო კრემლის მიზანი, რასაც მიაღწიეს კიდეც.

აფხაზეთისა და უკრაინის ომებში წამების მეთოდებს შორის ბევრი საერთოა. აფხაზეთის ომს, 9 ათასი კაცი ემსხვერპლა (ამაში შედის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანაკარგი, ნაწამები ადამიანები).

omi2-1649598631.jpg

აფხაზეთში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ კონფედერატები, ჩეჩენი მებრძოლები. ბუჩის ამბებს რომ ვეცნობოდი, იგივე ითქვა კადიროველებსა და 141-ე პოლკზე. ერთმანეთს ძალიან ჰგავს აფხაზეთსა და ბუჩაში გათამაშებული სცენარები და გამოყენებული მეთოდები - მოსახლეობის წამებით დახოცვა და შემდეგ ამის მეტოქისთვის გადაბრალება. ამის მაგალითი შემიძლია აფხაზეთიდანაც მოგიყვანოთ და იუგოსლავიიდანაც. როცა მარტში სოხუმში "სუ-25"-მა 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდო, მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა ეს ქართველებს დააბრალა,­ თვითმფრინავი ქართველების იყოო. თითქოს ჩვენ ის გადავღებეთ და თავად დავბომბეთ სოხუმი. კოსოვოს კრიზისის დროს სოფელ რაჩაკში სასაკლაო გაიმართა - სერბებმა უამრავი ალბანელი დახოცეს და რუსებმა, როგორც სერბების მოკავშირეებმა, საერთაშორისო საზოგადოებას განუცხადეს, ეს სერბებს არ უქნიათ, ალბანელებმა თავად დახოცეს თავიანთი მოსახლეობა, ცხედრები მოიტანეს და ამ ადგილას დაყარესო. ხელწერას არც ახლა იცვლის რუსეთი.

- ალბათ, თავისუფლად შეგვიძლია ბუჩის სასაკლაო გაგრის მოვლენებს შევადაროთ...

- 1992 წლის ოქტომბერში გაგრა დაეცა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშინელება, რაც რუსებს გაუკეთებიათ - ქართველებისთვის თავების მოკვეთა და ფეხბურთის თამაში. ჩემი ოჯახია ამის მომსწრე. მერე რუსები ამბობდნენ, ეს ქართველების ფანტაზიის ნაყოფიაო...

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ, როგორ იქეცით დევნილებად?

- 2 წლის ვიყავი, სოხუმიდან რომ წამოვედით. მამაჩემი, გოჩა ყალიჩავა, მანამდე აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდა. მისგან მახსოვს ტამიშთან ბრძოლის ამბები, სამხედრო ოპერაცია, რომელიც 1993 წლის ივლისში დაიწყო და სადაც ენით აღუწერელი ამბები დაატრიალეს. მამა საავადმყოფოში ძმას ადგა თავზე და იხსენებდა, შემოჰყავდათ ჩვენი ბიჭები საშინელი ჭრილობებით, ისეთი იარაღი ჰქონდათ ნასროლი, რომ კიდურები ჰქონდათ წაწყვეტილიო. მამას ერთისთვის უკითხავს, ასეთი ჭრილობებით საიდან მოდიხართო. ჯარისკაცს უთქვამს, ასეთი არაფერი მინახავს, ვესვრი ადამიანს და არ იქცევა (თურმე მთლიანად ჯავშანში იყვნენ ჩამჯდარი), ვერაფრით მოვახვედრე და მერე საპასუხო ცეცხლი გამიხსნაო.

ჩემი ოჯახი ჭუბერით გადმოვიდა უღ­ე­ლ­ტეხილზე და ეს ცალკე საშინელება იყო. აფხაზეთშიც იგივე ხდებოდა, რაც დღეს უკრაინაში ხდება - ადამიანებს ჰუმანიტარულ დერეფნებში არ აცლიან გასვლას. ალბათ, გინახავთ ჩანაწერი - ხალხით დატვირთული ვერტმფრენი აფრინდება და მაშინვე ჩამოაგდებენ რაკეტით. სხვათა შორის, ცნობილი ვიდეოა, მამაკაცი ოჯახს ჩასვამს ვერტმფრენში, რომელსაც მის თვალწინ აფეთქებენ. მერე კაცი მუხლებზე ეცემა. ასე იყო - რუსები ჰუმანიტარულ დერეფნებს გამოაცხადებდნენ, მეორე დღეს კი დერეფანს ცეცხლს უხსნიდნენ. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა გოგონა გაუპატიურების შემდეგ შუაზე გაჭრეს, შემდეგ გადაჭრილ ნახევრებს ფოტოები გადაუღეს და სხეულს დააწერეს: "როგორც ეს სხეული არ გაერთიანდება, ისე არასდროს გაერთიანდება აფხაზეთი და საქართველო". ეს ფაქტი თავის წიგნში აქვს გადმოცემული თამაზ ნადარეიშვილს, წიგნის ბოლოს კი დართული აქვს ყველა მოკლული და ნაწამები ადამიანების გვარები.

- რუსეთთან მოლაპარაკების თუ გჯერათ?

- აფხაზეთის ომის დროს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ მასზე მელანი არ იყო შემშრალი, რომ რუსებმა ცეცხლი განაახლეს. რუსეთთან შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომ პირობები­ შესრულდება, აბსურდია. დააკვირდით, მოლაპარაკების დროს წუთითაც კი არ წყდება ცეცხლი, პირიქით, უფრო ინტენსიურად ხსნიან, იმიტომ, რომ რუსეთი არც აპირებს დათმობაზე წასვლას. ახლა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ დასავლეთმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რითაც პუტინის რეჟიმს დაასრულებს. ნიანგი თუ ბოლომდე არ დაახრჩვე, აუცილებლად გადმოვა შეტევაზე. ასეთია მისი ბუნება.

- შეძლებენ ნიანგის მოხრჩობას? რა შეიძლება გახდეს რუსეთის შემაკავებელი?

- 90-იანი წლებთან, თუნდაც 2008 წელთან შედარებით, დღეს გაცილებით აქტიურია დასავლეთი. მასშტაბიც სხვაა,­ სხვა გეოპოლიტიკაა. საუბარია ევროპის­ ჭიშკარზე (უკრაინას ასე მოიხსენიებენ ევროპაში). ეს არის ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელსაც ევროპისთვის სენსიტიური მდებარეობა აქვს. აი, ამის ფონზე გააქ­ტიურდა დასავლეთი. რუსეთის ბოლო 200 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც აშკარად გრძნობს, რომ მის მოწინააღმდეგეს სამხედრო უპირატესობა აქვს. 2-3 წლის წინ, როდესაც ტრამპი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, სირიაში რუსებმა ამერიკული ზონის საზღვრები დაარღვიეს. ამაზე ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ კითხვით მიმართა, სირიაში ჩვენს ზონაში მოძრაობა შეინიშნება და თუკი ახლავე არ გაირკვევა სიტუაცია, გადმოსული ჯარების გასანეიტრალებლად საჰაერო ოპერაციას ვიწყებთო. რუსეთიდან­ უპასუხეს, არა, ეს ჩვენ არ ვართო. თუ არ ხართო და, ვესტ-ფოინთიდან აფრინდა რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებმაც ამერიკის ტერიტორიაზე გადასული რუსების­ დანაყოფები გაანადგურეს. მაშინ ამაზე რუსეთს პასუხი არ გაუცია, როგორც კი იგრძნეს, რომ ტრამპი უკან არ დაიხევდა, გაჩერდნენ. როცა უკრაინაში შეჭრამდე პუტინმა ერთსაათიანი მონოლოგი გვასმენინა, იმ შეხვედრაზე მედვედევმა თავხედურად განაცხადა, სანქციების არ გვეშინია, თვითონვე მოხსნიან და აქეთ შეგვეხვეწებიანო. თუ დასავლეთმა იოტისოდენა შესაძლებლობა დაუშვა იმისა, რომ რუსული სანქციები შერბილდეს, ეს სიგნალი იქნება იმისა, რომ დასავლეთი უკან იხევს. ერთადერთი რამ, რაც რუსეთს შეაკავებს, ძლიერი წნეხია, იმაზე დიდი, ვიდრე ახლაა: საჭიროა ენერგორესურსების­ ბლოკირება, სასიცოცხლო არტერიების გადაკეტვა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შეიძლება რუსეთის დაჩოქება. გარდა ამისა, უკრაინა ბრიტანეთსა და პოლონეთთან ერთად ახალი ტიპის უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნაზე მუშაობს. ნატომ გაგზავნა სიგნალი, რომ უკრაინას როგორც წევრს არ მიიღებენ, შესაბამისად, უკრაინას ალტერნატივა სჭირდება და ასეთი იქნება ეს ორგანიზაცია.

- რუსეთმა 2008 წელს აგვისტოს ომიც იმ მოტივით დაიწყო, რომ თითქოს ნაცისტებისგან უნდა ეხსნა მოსახლეობა...

- ის ნარატივი, რაც ტალიავინის დასკვნაში ეწერა (რომ ომი დაიწყო მაშინ, როცა ქართული მხარე გადავიდა მოქმედებაზე, რითაც არც მწვადი დაწვა და არც შამფური), სულაც არ იყო ნეიტრალური. საუბარი იყო იმაზე, რომ არ სურდათ რუსეთთან თუნდაც დიპლომატიური ესკალაცია.­ ამიტომ შეიმუშავეს თითქოს ნეიტრალური დოკუმენტი. თორემ სინამდვილეში ჩვენი ჯარები მოქმედებაზე გადადიან 7 აგვისტოს შუაღამეს, როდესაც პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, მაგრამ ერთი ეპიზოდია საინტერესო - 7 აგვისტომდე მინიმუმ ორი კვირით ადრე რუსული ნაწილები ე.წ. სამშვიდობო ბაზებიდან პირდაპირ ბომბავდნენ ქართულ სოფლებს. ჩვენ გვქონდა მარტივი ამოცანა - ან როკის გვირაბში განლაგებული ძალების ჩახერგვა, ან მომხდარიყო ის, რაც მოხდა. საინტერესო ის არის, რომ ცხინვალის მოსახლეობა 2 აგვისტოდან თავად რუსებმა გახიზნეს ვლადიკავკაზში. რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა მის ცნობილ ნაშრომში პირდაპირ წერს, რომ ხალხის გახიზვნის შემდეგ ცხინვალში 40-მდე რუსი ჟურნალისტი იყო მობილიზებული, რათა თავიანთი, ალტერნატიული ისტორია შეექმნათ, თუ როგორ ყრიდნენ ცხინვალში ქართული ჯარები ოს ბავშვებს ტანკების ქვეშ, როგორი ფაშისტური იყო რეჟიმი, როგორ უკეთებდნენ სხვადასხვა საიტზე ჩვენს პრეზიდენტს ინტერნეტში ჰიტლერის ულვაშს... გეცნობათ სცენარი? რუსებმა ოსი მოსახლეობა ქართული ნაციზმისგან "გადაარჩინეს". ახლაც იგივე ხდება უკრაინაში.

- მუსირებს აზრი, რომ უკრაინის შემდეგ პუტინის რუსეთი ორი რეგიონის ანექსიის მიზნით საქართველოსაც მოადგება.

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში გასაგებია, აგერ, 10 აპრილს რეფერენდუმი დაგეგმეს. მართალია, ის არ იქნება იურიდიული ძალის მქონე, თუმცა ჩვენი საზღვარი რუსეთთან დე ფაქტო შეიცვლება. აფხაზეთში ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია. საქმე ის არის, რომ ანექსიის შემთხვევაში რუსეთი თავად წავა თავისივე გადაწყვეტილების წინააღმდეგ - 2008 წელს თვითონ კრემლმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ახლა ის საერთაშორისო არენაზე ცდილობს მათ აღიარება მოუპოვოს და ანექსიით რომ შემოვიდეს, ეს ცოტა არაადეკვატურია. მეორე მხრივ, რეალისტურია ასეთი სცენარი: საქართველოს წაუყენოს ულტიმატუმი, რომ უბლოკო სტატუსი იქნება თუ ნეიტრალიტეტი, დასავლეთისკენ შევწყვიტოთ სვლა. ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი ჯერ იდეის დონეზეა და იმ დროს, როდესაც ეს პროექტი დაიწყება, ჩვენ სად ვიქნებით? მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი პოლიტიკურ შედეგს არ იძლევა. ერთი რუსი ანალიტიკოსის ანალიზს ვუსმენდი და იცით, საკითხი როგორ დასვა? - ასეთ რთულ სიტუაციაში ქართულმა მხარემ ძლივს მკვეთრად ანტირუსული პოზიცია არ დაიკავა და ახლა რაში სჭირდება კრემლს სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმიო - ანუ თვითონ რუსებს უკვირთ, თითიდან გამოწოვილ საბაბსაც არ ვაძლევთ და მაინც რეფერენდუმზე, გამოყოფასა და ანექსიაზე მიდის ლაპარაკიო. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ურთიერთობა გაქვს რუსეთთან, ის მაინც თავისი გეგმით მიდის.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი და სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურად. არადა, უკრაინის ომმა გვაჩვენა, რომ დასავლეთის გარდა, სხვა ალტერნატივა არა გვაქვს... ცოტა გაუგებარია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა. გასაგებია, რომ სანქციებმა შეიძლება ეკონომიკურად დაგვაზარალოს, მაგრამ ამავე დროს ვსვამ კითხვას: სანქცირებულ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაცხოველებამაც ხომ შეიძლება უარესად დაგვაზარალოს, ისე, რომ დასავლეთთანაც მოვიჭრათ ეკონომიკური ხიდი? გასაგებია სურვილი, რომ არ გაკეთდეს აშკარად ანტირუსული განცხადებები, მაგრამ ომში დაღუპული ჩამოსვენებული მებრძოლების სამძიმარზე მისვლა ხომ შეიძლებოდა? უკრაინის ომის "სხვის ომად" მონათვლაც წარმოუდგენელი მგონია იმ ქვეყნისთვის, რომელიც უკრაინამდე იყო რუსეთისგან ოკუპირებული.

რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის ბრალდებას, მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადების გაკეთება დაუშვებელია. რაც უნდა იყოს და როგორც უნდა დავალაგოთ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენთვის ერთი რამ უნდა იყოს პრიორიტეტი - საქართველო აუცილებლად უნდა იყოს დასავლეთისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკურ მხარეს.

ნანა ფიცხელაური