"დათის ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“ - კვირის პალიტრა

"დათის ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“

ისე განვიცდით მომხდარს, სიტყვებით ვერც გადმოგცემთ. სკოლის ავტობუსი რომ მივიდა, ეს უმძიმესი ფაქტი უკვე მომხდარი იყო. ბავშვები და მასწავლებლებიც შეესწრნენ, რომლებიც ისე იყვნენ განადგურებული, სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. სკოლის მძღოლი ადგილიდან ვერ იძვროდა, ტიროდა, ამბობდა, ერთი წუთით ადრე რომ მოვსულიყავი, ხომ გადავარჩენდიო...

8წლის დავით ქოქაშვილს, რომელიც შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი ისევ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია, იგეგმება მისი ისარელში წაყვანა, მაგრამ ამისთვის დიდი თანხაა საჭირო.

"სასწრაფოს ხუთი წუთის დაგვიანებით რომ მოეყვანა, სისხლის დანაკარგის გამო, დიდი ალბათობით, ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. დილის 10 საათზე დაწყებული ოპერაციები ღამის 2-ის ნახევარზე დასრულდა. სხეულის სხვადასხვა უბანი ისეთი დიდი მოცულობით იყო დაზიანებული, რომ სპეციალისტების აზრით, მისი გადარჩენა სასწაულია... ამ ეტაპზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ისევ მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გრძელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი. როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული კვლევების შედეგების მიხედვით პარამეტრები არ უარესდება. ნევროლოგიური სტატუსი ტრავმის სიმძიმეს შეესაბამება და, რაც მნიშვნელოვანია, შედარებით შემცირებულია ჭრილობებიდან გამონაჟონის მოცულობა, თუმცა ოპერაციებიდან ჯერ ცოტა დროა გასული, ამიტომ პროგნოზზე ლაპარაკი ადრეა", - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მაკა თევზაძე, იაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსი: "ბავშვის ზოგადი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ შედარებით სტაბილიზაცია დაიწყო. ნაწილობრივ გავაღვიძეთ. მისი ცნობიერება ადეკვატურია. მშობლები ნახა და იცნო, ანუ ნევროლოგიური მდგომარეობა ნორმალურად ფასდება, ოღონდ ანალგეზია გრძელდება, ანუ სრული გაღვიძება ადრეა, რადგან ამხელა ოპერაციის შემდეგ ჯერჯერობით ტკივილის მართვა სჭირდება. ბავშვი ისევ მართვით სუნთქვაზეა".“

საქმის მასალების მიხედვით, 31 მარტს დავით ჯალაღონიამ, რომელიც BMW-ს­ მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ დაიცვა საგზაო მოძრაობის წესები, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ სიჩქარეს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ ზოლში გადასვლის მანევრის დროს მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ მართვადაკარგული BMჭ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ არასრულწლოვანს, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. დამნაშავე მძღოლი დაკავებულია.

"ბავშვის დახმარება რამით შემიძლია? ჩემთვის მთავარია, ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად. ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ და როგორც დამნაშავეს, პატიმრობა მეკუთვნის", - თქვა მან პროცესზე.

ხატია, დავითის თანაკლასელის დედა: "ყოველ დილას ბავშვი იმ ადგილას, ტროტუარზე, სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. დათი ძალიან დამოუკიდებელი ბავშვია. რვა წლის არც გეგონება, ისეთი ჩამოყალიბებულია. თავისი მეგობრებისგან გამორჩეულია, განსაკუთრებული და ამას სკოლაშიც ყველა აღნიშნავს. უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა. ისე განვიცდით მომხდარს, სიტყვებით ვერც გადმოგცემთ. სკოლის ავტობუსი რომ მივიდა, ეს უმძიმესი ფაქტი უკვე მომხდარი იყო. ბავშვები და მასწავლებლებიც შეესწრნენ, რომლებიც ისე იყვნენ განადგურებული, სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. სკოლის მძღოლი ადგილიდან ვერ იძვროდა, ტიროდა, ამბობდა, ერთი წუთით ადრე რომ მოვსულიყავი, ხომ გადავარჩენდიო.

დათი რომ ცოცხალია, ეს უფლის სასწაულია, ჩვენი სკოლა წმინდა გიორგის სახელობისაა, სამლოცველოში ლოცულობენ პატარები მეგობრის გადარჩენისთვის. ბავშვს ბევრი ორგანო აქვს დაზიანებული და ამიტომ აუცილებელია მისი ისრაელში წაყვანა... ახლა სჭირდება ოჯახს საზოგადოების დახმარება. ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, ჯერაც ვერ აცნობიერებენ, რა თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მკურნალობა, ამიტომ ჩვენ, მშობლებმა და სკოლამ, ავიღეთ ინიციატივა, გამოვაქვეყნეთ ანგარიშის ნომერი და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ყოველ დილით შვილებს სკოლაში ვაცილებთ და ასეთ საშინელებას არ ველოდებით, არადა, არავინ არის დაცული დამნაშავეებისგან, რომლებსაც არც იმის ეშინიათ, რომ შეიძლება ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან.

ბავშვს, მუცლის ღრუს ოპერაციები ჩაუტარდა, სამწუხაროდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. სასწაული ჩაიდინეს ექიმებმა! არავის ეგონა, რომ დათი გადარჩებოდა. ახლა მთავარია, ბევრი ადამიანი დაგვეხმაროს. თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია მის გადასარჩენად.

პ.ს. ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ქვეყანაში მართლაც საგანგაშოა და, სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მძღოლის უპასუხისმგებლობას ეწირებიან ტროტუარზე ან გაჩერებაზე მყოფი ადამიანები. 2020 წელს ავარიით 450 ადამიანი გარდაიცვალა და 6640 დაშავდა; 2021 წელს 449 გარდაიცვალა, 7705 კი დაშავდა.

დღეს დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და მას ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება. გვჯერა, რომ ყველას დახმარებით ჩვენს უსაყვარლეს ბიჭს გადავარჩენთ.

საბანკო რეკვიზიტები:

TBC: #GE05TB7962745064300024;

BOG: #GE90BG0000000101545483;

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა.