"30 წლის წინ აფხაზეთში რაც მოხდა, გენოციდი იყო, აბა, რა იყო?!“ - კვირის პალიტრა

"30 წლის წინ აფხაზეთში რაც მოხდა, გენოციდი იყო, აბა, რა იყო?!“

"ტირანს, რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს ებრძვის, მთელი მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს“

"ჩვენმა ხალხმა ჭუბერის გოლგოთა­ გამოიარა, საკუთარ ქვეყანაში გავხდით დევნილები, ამიტომ გულის სიღრმემდე განვიცდით იმ საშინელებას, რომელიც უკრაინელებს დაატყდა თავს" - გვითხრა მსახიობმა ჯანო იზორიამ, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის მტკივნეულ საკითხებზე ვესაუბრეთ

- ომი უბედურებაა და ეს უბედურება­ ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გამოცადა. ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინაა, ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ამიტომ მათ ტრაგედიას ორმაგად განვიცდით. თითქოს გაცოცხლდა 2008 წლის აგვისტოს ომის ჭრილობები, თუმცა მანამდე იყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები, სადაც დიდი ტრაგედია დატრიალდა. როცა ეს ყველაფერი გახსოვს, არ შეიძლება ჭეშმარიტების და სიმართლის მხარეს არ დადგე. მთელმა საქართველომ გულთან ახლოს მიიტანა უკრაინელების განსაცდელი და როგორც შეგვიძლია, ისე გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას.

- დღეს ხშირად გაიგონებთ საყვედურს: რუსეთის ქმედებები მსოფლიოს თავის­ დროზე რომ აღეკვეთა, აქამდე არ მივიდოდითო...

- როცა რუსეთი ჩვენ დაგვიპირისპირდა, დასავლეთი ნაკლებ ყურადღებას იჩენდა. მათი დახმარება მხოლოდ აღშფოთებით და შეშფოთებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მარტო შეშფოთება საქმეს ვერ შველის. ტირანს, რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს ებრძვის, მთელი მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს. პუტინის რუსეთი უკვე მთელი მსოფლიოსთვის საშიში ხდება, ამიტომ, იმედია, საკადრის პასუხს გასცემენ და ეს ომიც დასრულდება.

- უკრაინელები რუსულ ჯარს გენოციდში ადანაშაულებენ. ჰააგაში ათეულობით ქვეყანამ შეიტანა სარჩელი ამავე ბრალდებით, მათ შორის ჩვენც ვართ. იმედი გაქვთ, რომ რუსებს ამ ბრალდებას დავუმტკიცებთ?

- 30 წლის წინ აფხაზეთში რაც მოხდა, გენოციდი იყო, აბა, რა იყო?! ადამიანების ტყვედ აყვანა, წამება იქაც ისე ხდებოდა, როგორც ახლა უკრაინაში ხდება. თითოეულ ადამიანს, რომელიც აფხაზეთიდან გამოდევნეს, თავისი შემზარავი ისტორია აქვს. ვისაც აწ გარდაცვლილი ნაირა კალანდიას და სხვა დევნილების ტრაგიკული ისტორიები მოუსმენია, იცის, რომ გენოციდი ჩვენთან 30 წლის წინ მოხდა. ქართველებს ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, ბავშვები და ქალები აქაც იღუპებოდნენ, უბრალოდ, მაშინ ინტერნეტი არ იყო და ტამიშის ბრძოლის დროს მეომარი ვიდეოს ვერ გადაიღებდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ კარგად იცოდა, აქ რაც ხდებოდა. იმედია, ცივილიზებული სამყარო ჩვენს მსხვერპლს დაინახავს და ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი გავხდებით. იმედს რა მაძლევს? ჩემს მშობლიურ აფხაზეთში ახლაც ცხოვრობს ქართველი მოსახლეობა, მასწავლებლები ქართულ ენას ასწავლიან და ბავშვებიც ქართულად ლაპარაკობენ. თანადგომა მათაც სჭირდებათ, მაგრამ ქართველებს რატომღაც ერთმანეთის დაფასება და მხარში ამოდგომა გვიჭირს. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, აფხაზები და ოსები მიხვდებიან, რომ ჩვენ შორის რაც მოხდა, რუსეთის ბრალი იყო. ეს ძმათამკვლელი ომი იყო, სადაც შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა და მტერმა ეს შეცდომები სათავისოდ გამოიყენა. რაღაცნაირად მჯერა, რომ ისინი, ადრე თუ გვიან, შემოგვიერთდებიან და ჩვენ ერთად, ერთ სახელმწიფოში გავაგრძელებთ ცხოვრებას.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი მთავრობა საკმარის მხარდაჭერას არ იჩენს უკრაინის მიმართ. თქვენ როგორ აფასებთ ხელისუფლების სიფრთხილეს?

- ემოციური კაცი ვარ, ცხელ გულზე შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, მერე აღარ მომეწონოს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: არის საკითხები, რომელთაც მეტი დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება. როდესაც შენი შვილი 10 თვისაა, ცხადია, გინდა, რომ ის მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობდეს. ახლა მთავარია, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს. იქნებ მოვლენები ისე წარიმართოს, რომ საქართველო მართლაც ვნახოთ გამთლიანებული და გაბრწყინებული. ამას მხოლოდ ის ხალხი შეძლებს, ვინც ჭკვიანურად და მოხერხებულად გაუძღვება ჩვენს ქვეყანას, ვინც იცის, რომ თავის დროზე სიფრთხილეა საჭირო და თავის დროზე - ვაჟკაცობა. ისიც ვიცი, სად დავიბადე და გავიზარდე და თუ ქვეყანას დასჭირდება, სად ვიქნები... უბრალოდ, არ მინდა ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთი ტრაგედია გამოიაროს...

რა თქმა უნდა, უკრაინას თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებ, უკრაინელ დევნილებსაც მხარში ვუდგავართ. მათ დასახმარებლად ვიღაცამ მეტი გაიღო, ვიღაცამ შეიძლება პატარა სათამაშო გაუგზავნა, მაგრამ ეს სულითა და გულით გააკეთა­. მეც ვწუხვარ იმის გამო, რაც ამ ქვეყანაში მოხდა, ჩემს ქვეყანას კი მშვიდობასა და სიფრთხილეს ვუსურვებ. მშობლები ახლაც აფხაზეთში მყავს და, ალბათ, მიხვდებით, რომ მშვიდობის ფასი ჩვენზე კარგად არავინ იცის.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული, მთლიანი და ბედნიერი ვიხილოთ?

- მხოლოდ ერთი რამ: ერთმანეთის სიძულვილი და შუღლი უნდა დავივიწყოთ. თუ ერთად ვიქნებით, სხვებიც პატივს გვცემენ. ახლა რა ხდება?სოციალურ ქსელში თუ შენს აზრს გამოთქვამ, პუტინის კაცი ხარო, ვიღაც კომენტარებში დაგიწერს! ამას ხომ სჯობს, იმ ვიღაცამ დედა შეგაგინოს? ხომ არ შეიძლება, ერთმანეთი ასე ადვილად გავიმეტოთ, ვლანძღოთ და ვთათხოთ? აფხაზები და ოსები რომ წაიკითხავენ, ხომ იფიქრებენ, ეს ხალხი ერთმანეთს არ ინდობს და მათთან როგორ ვიცხოვრებთო? რაც უფრო გავაკვირვებთ ყველას ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით, რაც მეტ ჭკუასა და წინდახედულობას გამოვიჩენთ, მით უფრო ძლიერები ვიქნებით.

ხათუნა ჩიგოგიძე