"რუსებს სათავეში სატანა ჰყავთ. გასტროლებზე რუსეთის სოფლებში მიწევდა გასვლა, ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ!" - კვირის პალიტრა

"რუსებს სათავეში სატანა ჰყავთ. გასტროლებზე რუსეთის სოფლებში მიწევდა გასვლა, ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ!"

"მარტო ვცხოვრობ - აღარც შვილი მყავს, აღარც ქმარი, დედა, ნათესავებიც გარდაიცვალნენ... მართალია, ასაკოვანი ვარ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. მუსიკოსი ვარ, ჯაზმენი, სხვანაირი მოხუცი ვარ, სხვანაირი კონსტრუქცია მაქვს. სიყვარულით ვარ სავსე... ვარსკვლავი ხარო, მეუბნებიან, თუ ვარსკვლავი ვარ, იცით, როგორ უნდა ვიყო? უნდა შემეძლოს, უკრაინაში სოლიდური თანხა გავგზავნო და გაუბედურებულ ხალხს დავეხმარო!“

"გასტროლებზე რუსეთის სოფლებში მიწევდა გასვლა, ვერც წარმოიდგენთ, როგორ ღარიბულად ცხოვრობენ! ხის ასფალტები და პატარა სახლები სულ ტალახით იყო გალესილი. საშინელი სიღარიბე­ იყო და რაში სჭირდებათ ამდენი მიწა, როცა თავისი სოფლებისთვის ვერ მოუვლიათ?!" - ამბობს ქართველი ჯაზმუსიკოსი, 87 წლის გიული ჩოხელი. იგი რუსეთ-უკრაინის ომს განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდის, რადგან უკრაინაში მის გასტროლებს ყოველთვის დიდი ტრიუმფი ახლდა და ამ ქვეყანასთან საუკეთესო მოგონებები აკავშირებს.

"პუტინს რა სასამართლო უნდა, ჩასვამენ, ვთქვათ, ათი წელი, მერე გამოვა და ისევ უამრავ ადამიანს შეიწირავს!"

- რაც დღეს ხდება, ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან შვილი დამეღუპა და ვიცი, რას ნიშნავს ტრაგედია, ის ენით აღუწერელი უბედურება, რასაც ახლა ამდენი ხალხი განიცდის... სატანა ვლადიმირ პუტინი დიდი ხნის წინ უნდა დაესვათ ელექტროსკამზე! რუსეთმა ჯერ საქართველოში რა ჩაიდინა 2008 წელს! ახლა კი იგივე სცენარი უკრაინაში განმეორდა...

კონცერტებს მთელ საბჭოთა კავშირში ვმართავდით, უკრაინაში ჩასვლა კი განსაკუთრებით მიხაროდა. ძალიან დიდი საკონცერტო დარბაზი ჰქონდათ. თავიდან ორი ან სამი კონცერტი იყო ხოლმე დაგეგმილი, მაგრამ ათი დღე მაინც გვტოვებდნენ. ზღვა ხალხი მოდიოდა, ძალიან უყვარდათ ჯაზი და მეც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი.

ჩემი მაზლის ცოლი უკრაინელია. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი წელი გვაქვს გატარებული, მოსკოვში ცხოვრობდა, მე კი მოსკოვში ყოფნა ხშირად მიწევდა. უკრაინასთან იმდენი კარგი რამ მაკავშირებს, გეფიცებით, მართლაც ძალიან ცუდად ვარ ამ ომის გამო...

რუსებს სათავეში სატანა ჰყავთ. ბავშვები დაიხოცნენ და ოდნავი სინანული არ ეტყობა. დიქტატორი კი არა, ფაშისტია! რა სასამართლო და ცივილიზებული მიდგომა უნდა, ჩასვამენ, ვთქვათ, ათი წელი, მერე გამოვა და ისევ უამრავ ადამიანს შეიწირავს!

giuli-choxeli-3-1651480955.jpg

- თქვენი მეუღლე ბორის რიჟკოვი ეროვნებით რუსი იყო...

- დიახ, მამით რუსი და დედით ფრანგი... ჩვენ ერთად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირში ვარსკვლავის სახელი. ბორისი ქართული ფილარმონიის სოლისტი გახლდათ. ჩვენი ორკესტრი "ჩანგი", რომელიც მან ჩამოაყალიბა, გენიალური იყო. ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ის დღემდე კარგად ახსოვთ ქართველ მუსიკოსებს და თბილად იხსენებენ. საქართველო და ქართველები რომ არ ჰყვარებოდა, მეც არ წამიყვა­ნდა ცოლად. ჩვენ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ. სად არ გამოვდიოდით, გადავაბრუნეთ ქართული ესტრადა...

- ანუ არც თქვენს მეუღლეს და არც მის ოჯახის წევრებს ხასიათში იმპერიალიზმი­ არ ჰქონდათ...

- როცა დავქორწინდით, ჩემს მეუღლეს­ მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა ერთ წელიწადში გარდაეცვალა. როგორც მოგახსენეთ, მისი ძმის უკრაინელი ცოლი, გვარად შევჩენკო, არაჩვეულებრივი ქალი იყო. ძალიან გვგავდა ქართველებს... ჩემს მეუღლეს ხასიათში იმპერიალიზმი ჰქონდა კი არა, ნამდვილი ევროპელი გახლდათ. ის რომ რუსეთ-საქართველოს ომს მოსწრებოდა, რუსებს ფაშისტებს უწოდებდა! სამწუხაროდ, მე და ჩვენს უკრაინელ რძალს დღეს კონტაქტი აღარ გვაქვს. გავიგე, რომ მისი შვილი ახლა უკრაინაში იბრძვის.

- რას ეტყვით იმ ხელოვანებს, ვინც მხარს პუტინის რუსეთს უჭერს?

- არასოდეს შევხვდები ასეთ ხალხს! დღეს რუსეთში კულტურის ძალიან დაბალი დონეა და, სამწუხაროდ, ჩვენი მომღერლებიც მათ ჰბაძავენ, არადა, ქართული ხელოვნება უმაღლესი დონისაა...

- დიდი ხანია, რუსეთში აღარ ყოფილხართ. ეს თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა?

- 9 აპრილს თბილისში ვიყავი... მოსკოვში 1990 წელს უნდა ჩავსულიყავი,­ გრანდიოზული კონცერტი იმართებოდა, მაგრამ უარი ვთქვი, ჩემთვის რუსეთის კონცერტები აღარ არსებობს-მეთქი...

გამსახურდია რომ დაიღუპა, გული ძალიან გამიტყდა, ვყვიროდი, ქართველებო, ეს რა ქენით-მეთქი. გაბრაზებული­ ამერიკაში წავედი, მაგრამ ერთ წელზე მეტხანს ვერ გავძელი და დავბრუნდი. მე ვერსად გავძლებ, აქ დავიბადე და აქ უნდა მოვკვდე!

- რუსეთში ბევრი კოლეგა გეყოლებათ. ვინმეს ესაუბრეთ?

- მე არავისთვის დამირეკავს და ისინი ვერ დარეკავდნენ, რადგან ბოლო ორი წელია, უმეტესად, შეკვეთილში ვარ, მათ კი მხოლოდ ჩემი თბილისის ბინის ნომერი აქვთ. მარტო ვცხოვრობ - აღარც შვილი მყავს, აღარც ქმარი, დედა, ნათესავებიც გარდაიცვალნენ... მხოლოდ ერთი ბიძაშვილი მყავს, ჩემი ასაკის.

მართალია, ასაკოვანი ვარ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. მუსიკოსი ვარ, სხვანაირი მოხუცი ვარ, სხვანაირი კონსტრუქცია მაქვს. სიყვარულით ვარ სავსე. ჟურნალებსა და გაზეთებში "სიყვარულის ტაბლეტკას" მეძახდნენ...

giuli-choxeli-1651480861.jpg

- როგორი იყო თქვენთვის პანდემიის ეს ორი წელი შემოქმედებითი თვალსაზრისით?

- ფილმებს ვიღებ იმ ადამიანებზე, ვინც ღირებული რამ შექმნეს, დატოვეს და, სამწუხაროდ, წამებულები წავიდნენ. გადავიღე ფილმი ევგენი მიქელაძის შესახებ. ამჯერად წიგნზე ვმუშაობ, მალე გამოვცემ. მუსიკალური კომედიის თეატრის სუპერმსახიობის, ელენე ჩოხელის, შვილი ვარ. ფილმში "მხიარული რომანი" იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟის უფროსი დაა დედაჩემი. მეც ძალიან მიყვარს იუმორი და ხანდახან ჩემს თავზეც ვხუმრობ... ბანკში რომ მივდივარ, იქ ვამბობ, ჩემმა ქვეყანამ მომატყუა, თითქოს ვარსკვლავი ვარ, მაგრამ ხომ ხედავთ, პენსიაზე თქვენთან მოვედი-მეთქი. არ ვხუმრობ, მართლაც მომატყუეს, ვარსკვლავი ხარო. თუ ვარსკვლავი ვარ, იცით, როგორ უნდა ვიყო? უნდა შემეძლოს, უკრაინაში სოლიდური თანხა გავგზავნო და გაუბედურებულ ხალხს დავეხმარო!

- ამერიკაში რომ დაბადებულიყავით, მართლაც ვარსკვლავური ცხოვრება გექნებოდათ...

- ამერიკაში რომ დავბადებულიყავი, ქართველი ხომ აღარ ვიქნებოდი?! ქართველი ვარ, მთიული ქალი და ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!

გიული ჩოხელი - „ხელოვნების ქურუმი“

12 თებერვალს პირველ ქართველ ჯაზმუსიკოს ქალს, გიული ჩოხელს, 87 წელი შეუსრულდა. საქართველოს დამსახურებულ არტისტსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - ტალინის ფესტივალის ლაურეატის წოდება და საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმი". 1967 წელს გიული ჩოხელი სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის "გრან-პრის" მფლობელი გახდა და ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შევიდა. 1995 წელს ქართველი მუსიკოსი აშშ-ში, "კარნეგი ჰოლში", ცნობილი ჯაზ­კომენტატორის, ულის ქანოვერის, მიკროფონით დააჯილდოეს და ამერიკულმა ფირმა "ინტერპრაისისმა" გამოსცა მისი ფირფიტა "მუდამ იქნება მუსიკა". 2015 წლის 28 მარტს თბლისის ივენთჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2019 წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პირველი ქართველი ჯაზმუსიკოსი ქალი საუკუნის პერსონად დასახელდა.