"ინდური სარი ხშირად მეცვა, თუმცა ახლა მის ჩაცმას ვერიდები - ჩემს ასაკში წელის სიშიშვლის გამოჩენა საჭიროდ არ მიმაჩნია" - კვირის პალიტრა

"ინდური სარი ხშირად მეცვა, თუმცა ახლა მის ჩაცმას ვერიდები - ჩემს ასაკში წელის სიშიშვლის გამოჩენა საჭიროდ არ მიმაჩნია"

დღეს მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური განაწილებაა მოსალოდნელი. რა და როგორ იქნება, ამის გამოცნობა ადვილი არ არის, თუმცა არსებობს ქვეყნები, რომელთა წინსვლა ამ ვითარებაშიც არ ფერხდება. მათ შორის არის ინდოეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი განვითარებადი ქვეყანა, რომლის სიღატაკეზე უახლოეს წარსულშიც საუბრობდნენ და რომელიც რუსეთ-უკრაინის სასტიკი ომის დროს რუსული ტირანიის გვერდით აღმოჩნდა. რა არის ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი და როგორ ვითარდება ინდოეთი დღეს? ამის შესახებ გვესაუბრება ინდოელების ქართველი რძალი ნათია საჯაია, რომელიც 25 წელია, ინდოეთის დედაქალაქ დელიში ცხოვრობს.

- ქალბატონო ნათია, თქვენ მაშინ ჩახვედით ინდოეთში, როდესაც ის უღატაკეს ქვეყნად ითვლებოდა. როგორ შეიცვალა მას შემდეგ ვითარება?

- 1990-იანი წლების დასასრულს, როდესაც ინდოეთში ჩავედი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უკვე ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრისა და სიღატაკის კონტრასტი მაშინაც დიდი იყო.

საქართველოსთვის უმძიმეს 1990-იან წლებში მოსკოვში აღმოვჩნდი, სადაც მალე ინდოეთის საელჩოსთან არსებულ კულტურის ცენტრში დავიწყე სიარული ინდური კლასიკური ცეკვისა და ინდურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესასწავლად. ცენტრმა ინდოეთში სწავლის გაგრძელება შემომთავაზა.­ ასე მოვხვდი ამ ქვეყანაში.

- სადაც გაიცანი ინდუსი, რომელიც შეგიყვარდათ...

- არ მინდა, ჩემი მონათხრობი ფილმის სცენარს ჰგავდეს, ამიტომ უბრალოდ გეტყვით: ამ ადამიანმა მტკიცე ხასიათით ისე მომხიბლა, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდა სიმპათიის გასაჩენად. მითხრა, პაემნები­ სულაც არ მჭირდება, ვიცი, რომ აუცილებლად ცოლად მოგიყვანო. მე მშვიდად გავიფიქრე, ამაზე ტყუილად ოცნებობ, შენ მუსლიმ ოჯახს ჩემი რძლობა მაინც არ მოუნდება-მეთქი, თუმცა, მისმა მშობლებმა საოცრად თბილად მიმიღეს. ცოტა ხნის შემდეგ სერიოზული საუბარი დამჭირდა მამამთილთან. ვუთხარი, რომ ვერ დავთმობდი ჩემს რწმენას, ტრადიციებს და ვერც ევროპულ ჩაცმულობას, რაზეც მისი თანხმობა მივიღე. სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, რადგან ინდუსის ოჯახში დედამთილი და მამამთილი უდიდეს როლს თამაშობენ.

ამ გადაწყვეტილებით ჩემი შვილი საქართველოში მოინათლა. რაც მთავარია, ქართული კულტურის უმცირესი ნიუანსებიც ემშობლიურება. "ანა-ბანას" კონკურსში მონაწილეობისთვის ორჯერ ჩამოვედით საქართველოში. ამავე დროს, მართლაც ძალიან შემიყვარდა ჩემთვის ქალურობის ნიმუში - ინდური სარი და ხშირად მეცვა კიდეც, თუმცა ახლა მის ჩაცმას ვერიდები - ჩემს ასაკში წელის სიშიშვლის გამოჩენა საჭიროდ არ მიმაჩნია.

india2-1649619342.jpg

ინდოეთში ერთად ცხოვრების ოჯახური ტრადიცია ძალიან მყარია. ოჯახური ტრადიციებიდან ბევრი რამ მართლაც დადებითად აისახება საზოგადოებაზე. ჩემი და ჩემი მეუღლის ცალკე ცხოვრება კი ჩემი მეუღლის სამსახურმაც გააიოლა - მას ბევრი მოგზაურობა უხდებოდა. ამ დროს აქ უკვე ისეთი სიტუაცია იყო, ადამიანს თუ უნდოდა, სამსახურს აუცილებლად იშოვიდა, თუმცა ამ 25 წელიწადში ეკონომიკაში ქვეყნის ნახტომი მართლაც თვალში საცემია. მაგალითად, მე ინდოეთში დამხვდა კამეჩები, რომლებითაც ქუჩაში ტვირთს ზიდავდნენ. დედაქალაქში დამხვდნენ "კაჩკაში" შებმული რიქშები, დღეს კი დელიში მათ ვეღარ ნახავთ. მხოლოდ კალკუტაშია ეს წესი შემორჩენილი. როდესაც წლების წინ "კაჩკაში" შებმულმა რიქშამ შინ მიმიყვანა, ავტირდი და 10 რუპიას ნაცვლად 30 რუპია გადავუხადე. როდესაც რიქშა ხურდის დასაბრუნებლად გამომეკიდა, მადამ, ზედმეტი გადამიხადეთო, ისე გავიქეცი,­ ვერ დამეწია. ეს სიბრალული წლების მანძილზე გამყვა და შვილსაც კი გადავეცი. ომარი, დაახლოებით 13 წლის იყო, როდესაც შინ დახეულპერანგიანმა რიქშამ მიგვიყვანა. ომარმა თავისი პერანგი გაიხადა და აჩუქა.

ომარი იურისტია. 23 წლის არის და მამის ავიაკომპანიის იურიდიული მრჩეველია. ჩემმა მეუღლემ თვითმფრინავების კომპანია დიდი შრომით შექმნა. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით დაფრინავს, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც გავა­ლთ. ჩემს შვილს საოცრად თბილი ხასიათი აქვს. ეს სკოლაშიც თვალში საცემი იყო. ცდილობდა, ყველას მიმართ სითბო გამოეხატა, ინდუსების მენტალიტეტი კი უფრო მკაცრია, სკოლაში გოგონებსა და ბიჭებს შორის საზღვრებს აწესებს, უფრო მკაცრ ურთიერთობებს ამჯობინებს. როდესაც ომარმა კლასელ გოგონას წელზე ხელი შემოხვია, სკოლაში დამიბარეს. სხვათა შორის, მაშინ ჩემი არგუმენტი დამაჯერებელი აღმოჩნდა. ვუთხარი, ეს ბავშვი მხოლოდ ინდუსი ხომ არ არის, მასში ორი კულტურაა გაერთიანებული, ჩემს სამშობლოში კი ერთმანეთს სითბოს ჩახუტებით გადავცემთ-მეთქი. მოკლედ, დამიჯერეს.

- ამ ეპიზოდითაც ჩანს, როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან ევროპული და აზიური კულტურა.

- უძველესი ინდური ცივილიზაცია ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა, დღევანდელი ინდური კულტურა არა მხოლოდ ევროპულისაგან განსხვავდება, არამედ აზიურისგანაც. მაგალითად: ინდოეთის მეტროში წინა ვაგონით მხოლოდ ქალები მგზავრობენ და იქ მამაკაცი ვერ შევა. დანარჩენი ვაგონები­ საერთოა, რომელთაც მე საგანგებოდ ვირჩევ, მით უფრო, თუ დაღლილი ვარ, რადგან აქ შემიძლია, მამაკაცს ადგილის დათმობა ვთხოვო, რასაც ქალს ვერ ვეტყვი. ისე კი, რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ ქვეყანაში, სტუმართმოყვარეობაა. გამორიცხულია, ინდუსის ოჯახში შეხვიდე და იქიდან გაუმასპინძლებლად გამოხვიდე.

აქ კაცი ღატაკიც რომ იყოს, თავისი ქვეყნის განვითარებას რომ შეჰყურებს, მომავლის არ ეშინია. მაგალითად, ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია, ხალხმა ხვალინდელი დღის შიშით მაღაზიები დააცარიელოს. აქ მარაგს არავინ ყიდულობს, რადგან ახალი პროდუქციის შეძენა ყოველდღე შეუძლიათ. მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ბოსტნეულის და ხილის ისეთ სახეობებს, როგორსაც ინდოეთში. სანელებლების მესამედითაც მსოფლიოს სწორედ ინდოეთი ამარაგებს. დღეს ამ ქვეყანაში ინჟინერია და მედიცინა ყვავის. ორგანოების გადანერგვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც აპენდიციტის მკურნალობა. უკვე გულისა და თირკმელების ერთდროული გადანერგვაც დაიწყეს. ამჟამად ინდოეთის სამედიცინო ტურიზმის სფეროში ვმუშაობ თარჯიმნად და თავად ვხედავ მედიცინის წარმატებებს. პატარა მაგალითსაც გეტყვით: 29 წლის გოგონას თარჯიმანი ვიყავი, რომელიც ფილტვის მეოთხე სტადიის სიმსივნით ჩამოვიდა. გამოკვლევის შემდეგ ექიმი მეუბნებოდა, მისი სხეული ნაძვის ხესავით არის, მეტასტაზები ყველა ორგანოზე "ციმციმებსო" და ეს ახალგაზრდა ქალისთვის როგორ უნდა მეთქვა?! ეს გოგონა მკურნალობის დანიშვნის შემდეგ სამშობლოში წავიდა, სამი თვის შემდეგ კი მდგომარეობის შესამოწმებლად ჩამოვიდა და მხოლოდ ორ ადგილასღა ჰქონდა მეტასტაზები. თუ ასე გაგრძელდა, მისი სიცოცხლე გახანგრძლივდება და მედიცინისთვის ნუთუ არსებობს ამაზე დიდი წარმატება?!

ჩემი საქმე ემოციურად ურთულესია და ამიტომ ახლა მინდა, კულინარიაში მოვსინჯო ბედი. ჩემი ოცნება მსოფლიოს გარშემო გემით მოგზაურობაა, ოღონდ მინდა გემზე შეფმზარეულად ვიმუშაო. ქართველებს გენიალური სამზარეულო გვაქვს, თუმცა გავოგნდი, როდესაც აქ კულინარიული სიახლეები აღმოვაჩინე. ყველა ხალხს თავისი გენეტიკური კულინარია აქვს, ამიტომაც ზოგჯერ თუნდაც საუკეთესო უცხოს ვერ იღებენ. ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ ხაჭაპური, მაგრამ სხვა ინდოელებმა, რადგან ცხარე კერძები მოსწონთ, ხაჭაპურშიც კი ცხარე სანელებლები ჩაამატეს. სამაგიეროდ, გაგიჟდნენ ნიგვზიან ბადრიჯანზე.

- როგორ მოხდა, რომ ინგლისის ყოფილი ორსაუკუნოვანი კოლონია ასე ვითარდება?

- ეს ბევრი ეკონომიკური რეფორმისა და ინდუსების შრომის სიყვარულის შედეგია. გარდა ამისა, ეს ხალხი ემოციებს ამაოდ არ ხარჯავს, განსაცდელისას კი ერთ მუშტად შეკვრის უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში დღესაც არის დიდი სხვაობა სოციალურ ფენებს შორის და ღარიბი მდიდრულ კლინიკაში ვერ შევა, მას არც მკურნალობის გარეშე მოკლავენ და არც - შიმშილით.

- ალბათ, სწორედ სოციალურ ფენებს შორის განსხვავება უბიძგებს ინდუსებს, მთელ მსოფლიოში გაიფანტონ. ზოგიერთმა საქართველოშიც იყიდა უძრავი ქონება.

- საქართველო მშვიდი, ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა, რომელიც ადამიანებსაც სიმშვიდეს ანიჭებს. ეს საკმარისია, რომ ჭრელი და ხშირად ექსტრემალური ინდოეთიდან ადამიანმა საქართველოსაკენ გამოიხედოს. გარდა ამისა, საქართველოში არც სოციალურ ფენებს შორის მკვეთრი სხვაობაა, ბუნება ხომ საოცარი გვაქვს, ასე რომ, ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომელსაც უფრო უკეთ უნდა ვპატრონობდეთ.

- მინდა გკითხოთ რუსეთის ტირანიისადმი ინდოეთის მხარდაჭერაზეც...

- ამ ომის დასაწყისში ინდოეთმა ნეიტრალური პოზიცია აირჩია, რომელიც მერე რუსეთის მხარდაჭერით შეცვალა. მიზეზი მეზობლებთან - ჩინეთსა და პაკისტანთან ურთიერთობაა, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნიან. ჩინეთი ნელ-ნელა აქეთ მოცოცავს, პაკისტანთან კი ინდოეთმა არაერთი ომი გადაიტანა და ამ მხრივ დღესაც მძიმე სიტუაციაა. ერთი სიტყვით, ახლა ინდოეთს სხვა მოკავშირე არ ჰყავს, ამიტომ არ უნდა, რუსეთის სახით ძველი მოკავშირე მოიშოროს და ტერიტორიები დაკარგოს. მომავალი კი, როგორი იქნება, არავინ იცის.