"მარკ ჯეიკობსს ჩემი ქორწილის ფოტოები გავუგზავნე. მისი შეკერილი ვარდისფერი კაბა მეცვა ქორწილში" - კვირის პალიტრა

"მარკ ჯეიკობსს ჩემი ქორწილის ფოტოები გავუგზავნე. მისი შეკერილი ვარდისფერი კაბა მეცვა ქორწილში"

ემილი სენდბერგი ამერიკელი მოდელია. ის ხუთი წელი მუშაობდა მოდის ინდუსტრიაში, იყო რამდენიმე მოდური გამოცემის სახე და ამერიკელი მოდის დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის მუზა, თუმცა მერე ინდუსტრიიდან წასვლა და საკუთარი საქმის დაწყება გადაწყვიტა, ამისთვის კი 15 წელი ისწავლა. როგორია მოდელობა ყველაზე კონკურენტულ გარემოში და რა სირთულეები ახლავს გოგონების საოცნებო პროფესიას? ამას "კვირის პალიტრის" მკითხველს ემილი სენდბერგი უამბობს.

"სტივენის დახმარებამ გზა გამიკვალა"

13 წლიდან მოდელი ვარ. დედამ მიმიყვანა რამდენიმე კასტინგზე გასართობად. 18 წლისა საცხოვრებლად ნიუ-იორკში წავედი. თავგადასავლის ძიებაში აღმოვაჩინე სამოდელო სააგენტო Next-ი და დავრეკე. მალევე კასტინგზე დამიბარეს, მეორე დღეს კი თმა შემაჭრეს, შემიღებეს და მუშაობას შევუდექი. ძალიან გამოუცდელი ვიყავი, თუმცა, რატომღაც სააგენტოს სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და გავამართლე კიდეც მათი იმედი. უამრავი რამ მაგონდება მოდელობის პერიოდიდან. დაახლოებით ერთი თვის წინ მილანში ვიყავი მოდის კვირეულზე და ყველაფერი გამახსენდა. იტალიური "ვოგის" ყდისთვის ვმუშაობდი სტივენ მეისელთან ერთად. მთხოვეს, თმა მალეტის სტილით შემეჭრა. სტივენს ვუთხარი, თმა ისე შემჭერით, რომ გარშემო ერთი სიგრძე იყოს და მია ფეროუს სტილის ვიქნები-მეთქი. მიმიხვდა, რომ მალეტის სტილი არ მომწონდა. ერთი თვის შემდეგ დამირეკა და ჩვენ მია ფეროუს პროტოტიპი შევქმენით. ის კარიერის დასაწყისიდანვე მამხნევებდა. მაშინ არ ვიცოდი ინდუსტრიაში გამეფებული წესების შესახებ, არც წესიერად სიარული მეხერხებოდა, მაგრამ სტივენის დახმარებამ გზა გამიკვალა. ფაქტობრივად, ის დგამდა ყველაფერს და მეუბნებოდა, როგორ მოვქცეულიყავი კამერის წინ.

vogue2-1649620223.jpg

ჩემი სახელობის ჩანთა

ხშირად მეკითხებიან, მართალია, რომ მარკ ჯეიკობსმა თქვენი ინსპირაციით შექმნა ჩანთა და სახელიც ემილი ამიტომ დაარქვაო? დიახ, ეს სიმართლეა. მარკ ჯეიკობსს ჩემი ქორწილის ფოტოები გავუგზავნე. მისი შეკერილი ვარდისფერ კაბა მეცვა ქორწილში. მომდევნო წელს მან გამოუშვა ჩანთა ამ ფოტოების ინსპირაციით და ჩემი სახელი დაარქვა. ეს ძალიან გამიხარდა.

ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო პიტერ ლინდბერგი. გამუდმებით ვმოგზაურობდი ნიუ-იორკიდან პარიზში ფრანგული, იტალიური, გერმანული "ვოგის" გადაღებებისთვის. სულ თვითმფრინავში ვიჯექი, მაგრამ ბოლოს ამ რეჟიმით გადავიწვი, ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ უნდა დამესვენა და ექვსთვიანი შვებულება ავიღე. ზუსტად შვებულების პერიოდში პიტერ ლინდბერგმა დამირეკა და მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო გადაღებებში ბრენდ Gap-ის სარეკლამო კამპანიისთვის, სადაც მსახიობებს იღებდნენ. მან იცოდა, რომ მე რამდენიმე ფილმში მონაწილეობის გამოცდილება მქონდა. კასტინგი რომ დაიწყო, მოგვცეს დავალება - უნდა გვეცეკვა. მე საშინლად ვცეკვავ და ისეთი მოუხერხებელი მოძრაობები გავაკეთე, დაძაბულობისგან ფეხი დამისხლტა. სანამ დავეცემოდი, პიტერი მომვარდა და ხელი შემაშველა. აი, ასეთი გულისხმიერი და სანდო გულშემატკივარი მყავდა პიტერ ლინდბერგის სახით.

mark-1649620223.jpg

ახალი გამოწვევები

ხუთი წელი ვიყავი მოდელი, შედეგი 15 წელი კი მარკეტინგის სწავლას მოვანდომე.­ შევისწავლე ყველაფერი, რაც ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება. ბევრი ტრენინგი­ გავიარე და როცა ცოდნა დავაგროვე, დავიწყე ნაბიჯების გადადგმა ჩემი ცხოვრების­ მომდევნი ეტაპზე. ზუსტად იმ პერიოდში, როცა სწავლა დავასრულე, მე და ჩემი მეუღლე პატარა ქალაქ ნეშვილში გადავედით საცხოვრებლად. სწორედ იქ დავინახე ახალი­ საქმის კეთების შესაძლებლობა. ჯერ ფეხსაცმლის გამყიდველად დავიწყე მუშაობა,­ რადგან მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა გაყიდვის პროცესის შესახებ. ვაკვირდებოდი გაყიდვების პროცესს როგორც მაღაზიაში, ასევე - ონლაინ. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, გამეგო, როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას და რა გამოწვევებია ამ სფერ­ოში, როგორ გაყიდო პროდუქცია, როგორ შეისწავლო, განავითარო მომხმარებელთა ბაზა, იყო კონკურენტუნარიანი, ამისთვის კი მხოლოდ თეორიული განათლება არ კმაროდა. აი, ამიტომ დავიწყე ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობა. ამაში ჩემი მოდელის კარიერა დამეხმარა, რადგან ისევ მოდის სფეროში ვიყავი, ოღონდ - უკვე სხვა ამპლუაში. ამის პარალელურად, შევისწავლე ვებ და გრაფიკული დიზაინი, ჩემს ცოდნას ახალი უნარები დავუმატე და დავიწყე ის, რასაც ახლა ვაკეთებ - სოციალური მედიამარკეტინგი და კომუნიკაციის მენეჯმენტი. ახლა ჩემი კომპანია მაქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაარსე.