"კრისტი ძალიან მიყვარს, რადგან კარგი მეგობარია და ბევრ რამეში ერთმანეთს კარგად ვუგებთ" - კვირის პალიტრა

"კრისტი ძალიან მიყვარს, რადგან კარგი მეგობარია და ბევრ რამეში ერთმანეთს კარგად ვუგებთ"

ენი გასიევა საზოგადოების ნაწილმა მაშინ გაიცნო, როცა მსახიობ გიორგი ყიფშიძეს ცოლად გაჰყვა. დღეს ენის და გიორგის 2 საერთო შვილი - კოსმო და ლუნა ჰყავთ. ახლახან ენი კულინარიულ ტელეშოუში - "სამზარეულოს ომები" გამოჩნდა...

- საერთოდ, კულინარიულ ტელეპროექტებს (ქართულსაც და უცხოურსაც) ვუყურებდი. უბრალოდ, გავიფიქრე, - მონაწილეობა ხომ არ მივიღო-მეთქი? შემდეგ გადავიფიქრე, ბოლოს კი საკუთარ თავს ვუთხარი: - რატომაც არა? ავდგები და პროექტში მონაწილეობის მისაღებად წავალ-მეთქი. ამისთვის მჭირდებოდა ადამიანი, ვისთან ერთადაც კასტინგზე გავიდოდი. თავდაპირველად კულინარი ვეძებე, მაგრამ ასეთი მეგობარი, ვინც პროექტში მონაწილეობაზე დამთანხმდებოდა, ვერ ვიპოვე: ზოგს კამერების ერიდებოდა, ტელეეკრანზე გამოჩენა არ სურდა, ზოგს შეფასება არ უნდოდა, რადგან ძალიან კარგი მზარეულები არიან... მოკლედ, კულინარი მეგობრები არ წამომყვნენ. ერთხელაც ბარში წავედი. სადაც ჩემი მეგობარი - იესო ბარმენად მუშაობდა. პროექტში ჩემთან ერთად მონაწილეობა მას შევთავაზე. იესოც დამთანხმდა...

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა შენს ამჟამად უკვე მეგობარს - იესოს პირველად შეხვდი და მისი სახელი შეიტყვე?

- როცა ის გავიცანი, 17 წლის ვიყავი. მისმა სახელმა ძალიან გამაკვირვა. - მართლა იესო გქვია-მეთქი? - ვკითხე. დავიბენი. არ გამიგონია, რომ ვინმეს იესო ერქვას. ჩემთვის მოულოდნელი იყო. მერე მივეჩვიე და ჩვეულებრივი სახელი გახდა...

kipshidze-eny-4-1649661950.jpeg

- ალბათ, იმიტომ მეგობრობთ, რომ ბევრ საკითხში ერთმანეთს კარგად უგებთ. ამ მხრივ, სამზარეულოში როგორაა თქვენი საქმე?

- თურმე, სამზარეულოში ერთად მუშაობა მარტივი არ ყოფილა. შეთანხმება გვიწევს, თუ რას როგორ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ხარვეზები გვეპარება, მაგრამ ვცდილობთ, ეს საკითხი დავხვეწოთ. იმედია საბოლოო ჯამში კარგი შედეგი გვექნება.

- სანამ მონაწილეობას გადაწყვეტდით, ერთად მოგიმზადებიათ რომელიმე კერძი?

- კი, მაგრამ დიდი არაფერი: ერთი-ორჯერ ჩვეულებრივი სალათი მოვამზადეთ.

- კულინარიულ პროექტთან დაკავშირებით, როგორი მოლოდინი და მიზანი გაქვს?

- ძალიან მინდა მოვიგო, რა თქმა უნდა. პროექტში ყველა მოსაგებად მიდის. მსურს, რომ მინიმუმ, სამეულში მოვხვდე. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა როგორ იქნება...

- საერთოდ, კულინარიის სფეროსთან დაკავშირებული რაიმე გეგმები გაქვს?

- ჩემი გეგმები პროექტში ჩემი მონაწილეობის შედეგზეა დამოკიდებული. საერთოდ, კულინარია ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული რამე ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს...

- "სამზარეულოს ომებში" შენს მონაწილეობას, ეკრანზე გამოჩენას ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?

- ჩემი მეუღლე - გიორგი პირველი იყო, ვისაც ამის შესახებ ვუთხარი და ვინც მხარი დამიჭირა - რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მიიღოო. ზურამ მითხრა, - კარგია რომ მონაწილეობ, მომწონს, მაგრამ რატომღაც, შენ უფრო მაკიაჟის "ამბებში" გხედავ, შენს სახეს ფოტოები რომ გადაუღონ - შენი სახე ძალიან მომწონსო. მადლობა გადავუხადე (იღიმის)... მოკლედ, ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახის ყველა წევრი კარგად შეხვდა, გაუხარდათ... როცა ტელეეკრანზე მნახეს, ზურამ თქვა, - ვაუ, შოუ ძალიან კარგად მიგყავდაო!.. ახლობლებისგან ნეგატიური რეაქცია არ მიმიღია - ყველა კმაყოფილი დარჩა (იღიმის).

kipshidze-eny-1649661876.jpg

- ზურას შენ მიერ მომზადებული კერძი გაუსინჯავს?

- კი. სახლში კერძებს ხშირად, თითქმის ყოველ მეორე დღეს ვამზადებ. ძალიან მოსწონთ. პროექტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ ეს იყო, რომ ოჯახის წევრები ჩემ მიერ მომზადებული კერძების შესახებ ამბობდნენ, - ძალიან გემრიელიაო!..

- შინ ყველაზე ხშირად რის მომზადებას გთხოვენ?

- კონკრეტულად ვერ დავასახელებ. იცი, როგორ ვიქცევი ხოლმე? დილით ყველას ვეკითხები, - რა გესიამოვნებათ, რომელ კერძს მიირთმევთ-მეთქი? როცა უკვე კერძების ჩამონათვალი მაქვს, იქიდან იმას ვარჩევ, რაც თავად მინდა და ვამზადებ (იცინის).

- ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდის?

- სტეიკის შეწვა. ძალიან გემრიელი გამოდის, ასევე, გემრიელ წვნიანებს ვამზადებ... ერთადერთი, ტაილანდურ სამზარეულოსთან არ მქონია შეხება, თუმცა საინტერესო იქნებოდა...

- ყველაზე მეტად, რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონს?

- ამერიკული სამზარეულო ძალიან მომწონს. გემრიელი რაღაცები აქვთ: მაგალითად - სტეიკები, ბურგერები... საერთოდ, სწრაფი კვების ობიექტებში, გემრიელ საკვებს ამზადებენ. ამერიკელებს თითქოს გათანამედროვებული სამზარეულო აქვთ, ბევრი გემო "შემოჰყავთ": მაგალითად, ამერიკული სუში კრემ-ყველით მზადდება, ტრადიციული - ყველის გარეშე...

kipshidze-eny-2-1649662023.jpg

- მარტოს, დამოუკიდებლად გიცხოვრია?

- კი. 19 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად მარტო გადასვლა გადავწყვიტე. ბინა ვიქირავე და დაახლოებით, ნახევარი წელი იქ ვიცხოვრე. რა თქმა უნდა, მეგობრებს, ახლობლებს ჩემ მიერ მომზადებული გემრიელი კერძებით სულ ვუმასპინძლდებოდი. კერძების მომზადებას ბავშვობიდან მივეჩვიე: როცა დედა და ბებია ამზადებდნენ, ვუყურებდი და ვსწავლობდი...

- "სამზარეულოს ომებში" შენი პირველი გულშემატკივარი ვინ არის?

- მამაჩემი და გიორგი (იცინის). სულ აინტერესებთ, რა ხდება, რა ეტაპზე ვარ... გამუდმებით ემოციურად და ინტერესით მგულშემატკივრობენ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ოჯახში ასეთი გულშემატკივრები მყავს.

- კრისტი ყიფშიძე როგორ შეხვდა შენს ახალ გამოწვევას? თავის დროზე, თქვენმა მეგობრობამ ბევრი გააოცა...

- ძალიან გაუხარდა. როცა პროექტში ჩემი მონაწილეობის შესახებ ვუთხარი, დიდად არც გაhკვირვებია. თქვა, - ვა, რა კარგიაო!.. კრისტი ძალიან მიყვარს, რადგან კარგი მეგობარია და ბევრ რამეში ერთმანეთს კარგად ვუგებთ (იღიმის).

- როგორც ვიცი, ფოტოგრაფი ხარ. ამ სფეროში ამჟამად, რას საქმიანობ?

- მოგეხსენებათ, 2 შვილი - კოსმო და ლუნა გავაჩინე. პირველის შემდეგ, 3 თვეში მეორე ბავშვზე ორსულად ვიყავი... მოკლედ, 3 წელი პროფესიაში პატარა "ჩაგდება" მქონდა. ფეxმძიმობის და შვილებზე ზრუნვის პარალელურად, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ისე ვერა, როგორც საჭირო იყო. როცა "სამზარეულოს ომები" დასრულდება, ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები. ერთ ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობ. უბრალოდ, სამუშაო "დროში მეწელება", რადგან ძალიან რთული რეჟიმი მაქვს: პატარებს ვუვლი. თან, გადაღებებზე დავდივარ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"