"შეიძლება მივიღოთ ახალი ორპოლუსიანი მსოფლიო“ - კვირის პალიტრა

"შეიძლება მივიღოთ ახალი ორპოლუსიანი მსოფლიო“

"დღეს საქართველოს აქვს ბევრი შესაძ­ლებლობის ფანჯარა, იმავდროულად, გავდივართ დიპლომატიურ დანისპირზე, მაგრამ ჩვენ ვერც შესაძლებლობას ვიყენებთ და ძალიან ვუახლოვდებით საშიშ ნიშნულებსაც", - ამბობს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე.

- ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს არის ევროპის უდიდესი კრიზისი­ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. რუსეთი ცდილობს­ გად­ახედოს მსოფლიო წესრიგს და შეარყიოს­ ქვეყნის სუვერენიტეტი. ამასთან, მისი­ მიზანი იყო ნატოს უკიდურესად­ დასუსტება. მაგრამ დღეს ნატო აღმოსავ­ლეთ ევროპაში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე იყო. გადაისროლეს დამატებითი ამერიკული ნაწილები. ნატომ არ დაიხია უკან, პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდება. წლების განმავლობაში რუსეთი აღქმული იყო სახიფათო ქვეყნად, მაგრამ დასა­ვლეთი ცდილობდა მასში დაენახა შესაძლებლობები, ვიდრე საშიშროება, დღეს კი პუტინმა აიძულა თუნდაც გერმა­ნია (ტრადიციულად რუსეთის მეგობარ­ სახელმწიფოდ მოიაზრებოდა) უსაფრთხოების სტრატეგია 180 გრადუსით შეეცვალა. გაერთიანებული სამეფოც, ფაქტობრივად, ახალი სახით წარმოგვიდგა. საფრანგეთიც გააქტიურდა ისე, როგორც არასდროს. გავიხსენოთ გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერის­ განცხადებაც, რომ ის ცდებოდა რუსეთის შეფასებაში. ყოველივე­ ეს მიუთითებს, რომ რუსეთმა მიზანს, დაესუსტებინა ევროპა, ვერ მიაღწია. რუსეთმა უკრაინაში შეჭრით ახალი­ სული შთაბერა ნატოს. თუკი საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდგომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იყო მხოლოდ კოლექტიური თავდაცვითი ორგანიზაცია, დღეს ჩამოყალიბდა ანტირუსულ ორგანიზაციად... რუსეთმა ვერც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღება ვერ შეძლო, მაგალითად, მარიუპულისა­ და ხარკოვის. მას შემდეგ, რაც არმიამ ვერ შეასრულა ამოცანა, მოსახლეობის დატერორებაზე გადავიდა... რუსეთმა ვერ გათვალა. ალბათ, მრავალი წლის მერე, როდესაც არქივები იქნება ხელმისაწვდომი,­ გავიგებთ, რას ეუბნებოდნენ პუტინს ომის დაწყების წინ.

უკრაინა ევროპის ყველაზ­ე დიდი სახე­ლ­მ­წიფოა და ჰყავს მოქმედი 250-ათას­იანი შეიარაღებული ძალა, რეზერვი, 10 ათასზე­ მეტი ტერიტორიული თავდაცვის ძალები­ და ამხელა ძალის დამარცხებას როგორ აპირებდა რუსეთი 200-ათასიანი ძალით? ალბათ, პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინა­ წინააღმდეგობას გაუწევდა. რუსეთის ისტორიას თუ გადახედავთ­, ეს არ არის მისი პირველი შეცდომა. იგივე დაემართა 1905 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა იაპონიის კოლონიზაცია და სამარცხვინოდ დამარცხდა. ალბათ, ახლა ეგონათ, რომ უკრაინელი რუსულენოვანი ხალხი­ მათ მხარეს გადავიდოდა, იმ შედეგს ელოდებოდა, რაც ყირიმში დადგა, მაგრამ რუსულენოვანმა მოსახლეობამ თვითონ დაიწყო ბრძოლა... რაც შეეხება ბუჩის მიმართულებას, ცალკე კითხვა ჩნდება, რატომ ეგონათ, რომ 5-მილიონიანი ქალაქი ადვილი დასაკავებელი იქნებოდა? ფურცელზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, რუსეთის არმია მსოფლიოში მეორე სამხედრო ძალა იყო, მაგრამ ეს მითი აღმოჩნდა და რუსეთის სიძლიერე კორუფციამ შთანთქა.

რუსეთი შავ ბაზარზე იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.­ ამას აკეთებენ ის გენერლები, რომლებიც იარაღს სამხედრო ძალებს აწერენ. ასე რომ, პუტინმა ვერ გათვალა მოწინააღმდეგის ძალა, საკუთარი შესაძლებლობა და დასავლეთის აქტიურობა. აგერ თვით ნეიტრალური სახელმწიფო, შვეიცარიაც შეუერთდა სანქციებს.

- რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში?

- არც უკრაინას და არც რუსეთს არა აქვთ უკანდასახევი გზა, მაგრამ როგორც უნდა დამთავრდეს ომი, რუსეთი საგარეო პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, შეწყვეტს არსებობას. ე.წ. რუსული ძლევამოსილება ვეღარ გაუწევს კონკურენციას რეგიონის დონეზე თურქეთსა და პოლონეთს. რუსეთის ეკონომიკური დასუსტება აუცილებლად გააჩენს სხვადასხვა მიმართულებით ვაკუუმს, რომლის შევსებას შეეცდება როგორც დასავლეთი, ასევე ჩინეთი. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ახალი­ ორპოლუსიანი მსოფლიო, სადაც იქნება ძალის ერთი პოლუსი - ვაშინგტონი და მეორე - პეკინი. ეს იმისდა მიუხედავად, როგორი შედეგით დასრულდება ომი. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან რუსეთი თურმე მაგარია მხოლოდ ბავშვებთან, ქალებსა და მოხუცებთან. უკრაინას თითქმის ყველა ქვეყანა აწვდის შეიარაღებას. ამ ომის შემდეგ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა მთლიანად გადაიხედება, თუმცა როგორ, ეს ომის შედეგზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი უფრო მეტად იზოლირებული იქნება და, ალბათ, ვიხილავთ ახალ რკინის ფარდას ევროპაში, რაც თავის დროზე სტალინს ჰქონდა დაშვებული.

- ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში სად იქნება საქართველოს ადგილი?

- საქართველოს აქვს შანსი ისარგებ­ლ­ოს მომენტით და ის მაინც გააკეთოს, რომ 2008 წლის შედეგებზე დააფიქროს მსოფლიო. შეწყდეს დავა, თუ ვინ დაიწყო­ ომი და ვინ არის აგრესორი. ახლაა დრო, რომ 90-იანი წლების ეთნოწმენდაც შევახს­ენოთ და ვაჩვენოთ ყველას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს დასავლეთის უმოქმედობას...