დონბასი - გადამწყვეტი უკრაინის გამარჯვებისთვის - კვირის პალიტრა

დონბასი - გადამწყვეტი უკრაინის გამარჯვებისთვის

გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილის პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის­ აზრით, დონბასისთვის ბრძოლა­ იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოვლენების განვითარებას განსაზღვრავს.

- ეს ომი კონვენციურ ომად ჩამოყალიბდა, ვინაიდან უკრაინა პირველი დღიდან არაკონვენციური მეთოდებით იბრძვის,­ რაც რუსების დასახლებულ პუნქტებში შეტყუებას და იქ ბრძოლას გულისხმობს, რადგან გაშლილ ადგილებში ნაკლები შანსი­ ჰქონდათ. ეს სწორი სტრატეგია იყო. უკვე მიმდინარეობს ტაქტიკური შეტევები და რუსები აშკარად სუსტდებიან. ამის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინათ რუსული ქვედანაყოფები, გადაეჭრათ ლოგისტიკური მომარაგების ხაზები მათი დემორალიზებისთვის. ასე თავადაც დაცული იქნებოდნენ დასახლებულ პუნქტებში. ვერც დონეცკი-ლუგანსკისკენ წაიწიეს, რადგან უკრაინის ქვედანაყოფებისგან ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდათ.

ცალკე გამოსაყოფია მარიუპოლის ბრძოლა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული, წარმოუდგენელი თავდადების მაგალითი. იგივე­ შეიძლება ითქვას ხერსონი-მიკოლაევის ბრძოლაზე - ანუ რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზი, ფაქტობრივად, მორღვეულია, ძალიან "გაიწელნენ", ამიტომ რაციონალურად, ავანტიურისტულად მოქმედებენ. არაერთი მიმართულებით, განსაკუთრებით, კიევისთვის ბრძ­ოლაში, სამარცხვინოდ დამარცხდნენ და უკუიქცნენ. მე არ ვიცი რუსეთის სტრატეგია, მაგრამ გეგმა ა, სავარაუდოდ, კიევის აღება და დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავება­ ჩაუვარდათ.

ახლა დონბასის, დონეცკისა და ლუგანსკის მთლიანად დაკავებაზეა მიმართული. მერე დანარჩენ უკრაინაზე შეტე­ვას შეეცდებიან. ასევე ეცდებიან დაიკავონ სახმელეთო კორიდორი ყირიმზე გასასვლელად. ხიდი აქვთ, მაგრამ საკმარისი არ არის, ყირიმს წყლით მომარაგება სჭირდება. ამიტომ იბრძვის რუსეთი მარიუპოლი-ხერსონის დასაკავებლად. რუსეთი უკვე გადმოეწყო აღმოსავლეთზე, აღარ აქვს საკმარისი რესურსი ერთიანი ოპერაციისთვის.­ თუ თავდაცვაზე გადავიდნენ, რასაც შედარებით დიდხანს შეძლებენ, უფრო გამოიკვეთება მოუმზადებელი პირადი შემადგენლობის პრობლემა. მათ აღარ ჰყავთ საკმ­არისი პირადი შემადგენლობა, ამიტომ უნდა მოიპოვონ რეზერვები ომის გასაგრძელებლად. ფრონტის წინა ხაზზე მყოფებს შეცვლა სჭირდებათ, რასაც დიდი დრო და მომზადება დასჭირდება. უკვე გავრცელდა ცნობა, რომ კრემლი რეზერვისტებს აგროვებს, რაც საკმარისი მაინც ვერ იქნება. უამრავი ომი მინახავს, მაგრამ ასეთი სისასტიკე, რასაც რუსები იჩენენ - არსად.

სირიასა და მსგავს ქვეყნებში რუსებს ან მათი პატრონაჟით მებრძოლ ხელისუფლებებს საპირწონე მოწინააღმდეგე არ ჰყავდათ, აქ კი უძლიერესი მოწინააღმდეგე ჰყავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახით. ასეთ ომში ქუჩიდან აყვანილი რეზერვისტებითა და მოხალისეებით რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ამას ემატება­ ისიც, რომ რუსებს გააფთრებით ებრძვის მშვიდობიანი მოსახლეობა. დიდი სამხედ­რო მოაზროვნე და თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი ამბობდა, ყველაზე რთული მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლააო. ყველა უკრაინელს ავტომატი არ უჭირავს, მაგრამ ზოგი პროდუქტს ამზადებს, ზოგიც "მოლოტოვის კოქტეილს", ანუ ყველა ცდილობს ქვეყანა დაიცვას, მტრის დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამასთან, უკრაინის ხალხს ნატოს ქვეყნები, დასავლეთი, ამერიკა უდიდეს დახმარებას უწევს. ის, რაც ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანსკში, საზოგადოდ, კიევის ოლქში ხდება, სამხედრო­ დანაშაულია. გასულ კვირას უკრაინის აღმო­სავლეთში ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო ვაგზლის თავზე დღისით აფეთქდა კასეტურქობინიანი ბალისტიკური რაკეტა "ტოჩკა-U". ნამსხვრევებმა 50 მშვიდობიანი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ხუთი ბავშვი, ასამდე კი დაიჭრა. ეს გენოციდია.

რუსების დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტების სამხედრო ტრიბუნალისთვის მოგროვება, წარდგენა და დასაბუთება­ მარტივად შეიძლება. ამისთვის ძალიან სწორად მუშაობს უკრაინის ხელისუფლება. მას დასავლეთის ქვეყნები, ანუ დემოკრატიული სახელმწიფოები უჭერენ მხარს, სადაც ამგვარი სისასტიკეების ჩვენება ყველას არწმუნებს, რა მასშტაბის ბოროტებასთან აქვთ საქმე... რაც შეეხება რუსი სამხედროების გასამართლებას, ცოტა საეჭვო მგონია, რადგან ატომური სახელმწიფოა და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც ძნელად თუ რამეს დათმობს. რუსეთის ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ ცვლილებასა და სანქციებზე არანაკლებ მძიმე იქნება­ ბრძოლის ველიდან გაქცეული, შინ დაბრუნებული დამარცხებული ჯარისკაცები.

სანქციებს არ ვაკნინებ, მაგრამ ირკვევა, რომ რუსეთის მოსახლეობა ამ შეზღუდვებსაც ეგუება დერჟავის სანაცვლოდ. ამიტომ უფრო მკაცრი სანქციებია საჭირო. გაზით მანიპულაცია რთულია, მაგრამ ნავთობის ფასის დავარდნა შესაძლებელია - მაგალითად, საუდის არაბეთის დარწმუნება, რომ მეტი ენერგორესურსები მიაწოდოს ევროპას, ან ირანისთვის სანქციების მოხსნა სურათს შეცვლიდა. ვხედავთ, რომ გლობალური ემბარგო არ იქნება, ამიტომ ნავთობის ფასები მაინც უნდა დავარდეს.

- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ, დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა, მასშტაბით მესამე მსოფლიო ომს შეადარა.

- ვფიქრობ, ეს არ იქნება კონვენციური­ შეტევა, ვგულისხმობ, ტანკებით, კოლონებით შეტევას, რასაც უკრაინა ჯერჯერობით ვერ შეძლებს, რადგან ჰაერში უპირატესობა რუსეთს აქვს და მას სარაკეტო დარტყმების მიყენება შეუძლია, მით უმეტეს უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონი გეოგრაფიულად ძალიან გაშლილია. უკვე ლოკალური შეტევებია ხარკოვის მიმართულებით და ვვარაუდობ, რომ რუსულ ქვედანაყოფებზე­ შეტევა დაიწყება ზაპოროჟიესა და კრივოი-როგის მიმართულებითაც. უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორმე­ შეასუსტოს ან გაარღვიოს მარიუპოლის ალყა. ამ ამოცანის გადაჭრას ხერსონიდან აპირებენ, რათა ყირიმისა და მარიუპოლის მომარაგება მაინც მოშალონ. პარალელურად ზეწოლას გაზრდიან ალყის გარეთ მყოფ სხვა რუსულ დანაყოფებზე.

გასულ კვირას გავრცელდა ცნობა, რომ სლოვაკური შ-300-ები უკრაინაშია, რაც ძალიან კარგი სისტემაა, ავიაციის წინააღმდეგ ძალიან დიდ მანძილზე მოქმედებს, მაგრამ კადრების მომზადება და სისტემას გაწყობა სჭირდება. თუ ომი გაგრძელდა, უკრაინამ სწორედ ასეთი შორსმსროლელი საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანისთვის უნდა იბრძოლოს და მზადყოფნაში მოიყვანოს. რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს ეფექტიანად ჰაერიდან შეტევა და სიღრმეში სარაკეტო დარტყმები. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია უპილოტო საფრენი აპარატებიც, რომლითაც შეუძლია იერიში მიიტანოს დონბასის ზონაზე, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვა ასეთი უპილოტო­ საფრენი აპარატების წინაშე უძლურია. უკრაინის არტილერია ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ ახლა უფრო შორი მოქმედების არტილერია სჭირდება. თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები - Nlaw, "პანცერფაუსტი" და სხვა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, თუნდაც "სტინგერი", საკმარისი არ არის, მას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

- აშშ-ის სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა,­ რომელიც მას პროცედურული დაბრკ­ოლებების გარეშე მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა...

- ამით ამერიკა აშკარად გამოხატავს,­ რომ ის და ნატოს ქვეყნები ბოლომდე დადგებიან უკრაინის გვერდში, სანამ ის არ გაიმარჯვებს. უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა დასავლეთი გამოაღვიძა. ხედავენ, რომ გაბედეს და ევროპის შუაგულში გენოციდი მოაწყვეს. ამიტომაც ევროპისთვის მნიშვნელოვანია მისი პირწმინდად დამარცხება,­ ოღონდ მხოლოდ "ჭკვიანი სანქციებით" ფონს ვერ გავლენ. სხვადასხვა მიმართულებიდან უნდა შეუტიონ, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური გზებით. რუსეთის სამხედრო დანაშაულების შემდეგ ევროპელი საზოგადოების აზრი რუსეთის მიმართ რადიკალურად უარყოფითია­ და მათ მთავრობებს მოსახლეობისთვის ანგა­რიშის გაწევა მოუწევთ. მეტ სამხედრო დახმარებას ველოდები აშშ-ისგან. ბაიდენის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო განცხადება­ გააკეთა, ჩვენ უკრაინას ბოლომდე დავეხმარებით და რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდებაო. რუსეთი ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. ასეთ ომს მხოლოდ იარაღი არ იგებს,­ გაიმარჯვებს ის, ვისაც ძლიერი ეკონომიკა, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. მოკავშირე ქვეყნები უკრაინის მიტოვებას არ აპირებენ. არ დაგვავიწყდეს მოხალისეებიც, მათი მონაწილეობა­ ომში ძალიან მნიშვნელოვანია­, რადგან ასეთ ომში ქუჩაში მდგომი კაცი არ წავა, ისეთი მიდის, ვინც თავისი სამხედრო შესაძლებლობები იცის, მოტივაცია აქვს და ამის გამოვლენა­ უნდა. ასე რომ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ნელ-ნელა, მაგრამ რუსეთს ბევრ ფრონტზე უკან დახევა მოუწევს.

- ანუ 9 მაისს პუტინის "დიადი გამარჯვებით" შეხვედრა უსაფუძვლოა?

- შესაძლოა ყირიმში ან ადრე ოკუპირ­ებულ რეგიონებში აღლუმი ჩაატარონ და თავიანთი ჭია გაახარონ, თორემ არავითარი­ წინა პირობა არ არსებობს, რომ "გამარჯვების" გრანდიოზულად აღნიშვნის განწყობა ჰქონდეთ... პირველ დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება იქით იყო მიმართული, რუსული ჭურვი ან რაკეტა ნატოს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილიყო­ და ეს საფრთხე ახლაც არსებობს. ამიტომ, თუ სურთ რუსეთთან კატასტროფული ომი აირიდონ, ან ევროატლანტიკური ალიანსი არ ჩამოეშალოთ, უნდა დაეხმარონ უკრაინას. კულებამ ძალიან სწორად თქვა, დაგვეხმარეთ, რომ გავიმარჯვოთ, თორემ თქვენს ქვეყნებს მოუწევთ მესამე მსოფლიო ომში ბრძოლაო. უკრაინის გამარჯვება მართლა რეალურია.

- რუსეთი ისევ უტევს ლუგარის ლაბორატორიას. ამტკიცებს, რომ საქართველოდან ისეთი სახეობის კოღოების ნაკადი შეინიშნება, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში იყო გავრცელებული...

- ეს ემსახურება ჩვენს დაშინებას, სხვა მხრივ ჩვენს შესაშინებლად სამხედრო რესურსი არ შერჩათ.­ ცდილობენ საქართველოსგან მტრის ხატი შექმნან, მით უმეტეს, რომ აქაც ჰყავთ ელექტორატი. შეიძლება მთავრობამ ბევრი რამ არ გააკეთოს, მაგრამ პრორუსული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობები უნდა შეზღუდოს, მაგრამ პირიქით იქცევა, ისინი წახალისებული არიან. არადა, ახლა წაყრუება კი არა, დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ... რუსეთს ძალიან უჭირს, იმდენად, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ყარაბა­ღიდან გაჰყავს სამხედრო დანაყოფები. თუმცა მათი გაყვანა ან დაბრუნება ჩვენთვის არაფერს ცვლის, რადგან ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ვაპირებთ. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკრაინის ომზე განსხვავებული განწყობაა: აფხაზეთში რაღაც წინააღმდეგობა მაინც იგრძნობა, ცხინვალში კი ჯარისკაცები დიდი ზარ-ზეიმით შეყარეს ავტომანქანებში, მაგრამ როგორც წავიდნენ, ისევე წამოვიდნენ, რადგან ომისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.