"თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი“ - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი“

მშვიდობა თუ ომი?! - ასეთია დილემა,­ რომლის წინაშეც საქართველო ისევ დადგა.­ ერთი მხრივ, აგრესიული, მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერი მიზეზი შეუძლია საბაბად გამოიყენოს და შემოიჭრას, მეორე მხრივ, მეგობარი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა, რომელიც­ საქართველოსგან აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოსთვის ომის თავიდან აცილება და რა ფასად შეიძლება დაგვიჯდეს მშვიდობა, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- რეგიონში არსებულ კონფლიქტში იმდენად სერიოზული აქტორები­ არიან ჩართული, რომ ჩვენი როლი და ფასი მიზერულია. ჩვენი ოპოზიცია­ იმისთვის კი არ მუშაობს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველო ღირსეულად წარმოჩნდეს, ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს.­ თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია "ომის პარტიად" წარმოაჩინოს და ეს შიდა მოხმარების საგნად გადააქციოს­. გვესმის პრემიერის განცხადებები, რომელმაც ლამის უკრაინა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, როდესაც თქვა, რომ უკრაინა ისჯება და იჩაგრება. კონტექსტი ასეთი იყო - უკრაინა იმიტომ იჩაგრება და ისჯება, რომ ომის თავიდან არიდება ვერ შეძლოო. უცნაურია ოპოზიციის განცხადებებიც.­ ის ხელისუფლებისგან მეტ გახსნილობას­ მოითხოვს­. კი, მაგრამ სად უნდა ვიყოთ­ გახსნილები?!­ საქართველო უერთდება­ ყველა იმ ინიცია­ტივას, რეზოლუციას­ თუ დეკლარაციას, რომელთაც ჩვენი პარტნიორები იღებენ. კი, პრემიერმა თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება, მაგრამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთში არასდროს გავა სანქცირებული ტვირთები. ოპოზიცია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ხელისუფლება დასავლელი­ პარტნიორების ყველა ინიციატივას იზიარებს და იწყებს შავი ხვრელების ძიებას, თუ საიდან შეიძლება გადიოდეს სანქცირ­ებული ტვირთები რუსეთში. ამ საკითხზე დეკანოიძის უკრაინის ტელევიზიით გაკეთებული განცხადება გამაოგნებელი იყო...

- ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების­ ყველა ინიციატივას უერთდება, მეორე მხრივ, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ რუსეთის კეთილგანწყობა მოიპოვოს. იქნებ მართლაც ეს არის ერთადერთი გზა, რომ ომიც ავირიდოთ თავიდან და დამოუკიდებლობაც შევინარჩუნოთ?

- "ოცნება" უკვე დიდი ხანია ატარებს ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბიბილოვის განცხადებაც მოვისმინეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედარუსეთთან შეერთების თაობაზე და კრემლის აზრიც. ვერანაირი დათმობა და საამებელი განცხადებები ვერ შეცვლის რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებას. თუ კრემლში დასჭირდებათ სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, წამოვლენ კიდეც. ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ მოქმედებდა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად. როდესაც გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო, ჩვენ ვპასუხობდით, დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო; როდესაც გვირჩიეს, პროვოკაციას არ წამოეგოთო, ჩვენ ვთქვით, მაგათ ვინ ჰკითხავთო;­ ახლა მთელი დასავლეთი გაერთიანებულია, ჩვენც ამას მოგვიწოდებენ და ვამბობთ, არა, ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთო. ახლა რაშია პრობლემა? ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ხომ ყოველთვის დასავლეთის მხარდაჭერა იყო. ეს ნიშნავდა, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და ამიტომ ერიდებოდა საქართველოს აშკარა ინტერვენციას. დღეს რუსეთმა დასავლეთთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. დასავლეთმა რუსეთს უკვე ყველა ის სანქცია დაუწესა, რისი დაწესებაც­ შეიძლებოდა. პუტინი, ფაქტობრივად, სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადეს. ახლა არგაღიზიანების პოლიტიკა ვერ გვიშველის, ვეღარაფერი გვიშველის.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში, როგორ დამთავრდება ომი. ჩვენ დღეს უსაფრთხოების გარანტია აღარ გვაქვს. ამიტომ ხელისუფლების ვითომ ორმაგი თამაში შედეგს არ მოიტანს. თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება­ ჩვენი ჯერი. ჩვენც წამოგვიყენებენ იმავე ულტიმატუმს და უარის შემთხვევაში ჩვენთანაც შემოიჭრება.

- ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? ახლავე უნდა ვიწყებდეთ თუ არა მზადებას?

- უკვე დაწყებულიც უნდა გვქონდეს. მხოლოდ დასავლურ რეზოლუციებთან შეერთებაც არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება გაცილებით აქტიური თანამშრომლობა იარაღისა და თავდაცვითი საშუალებების მისაღებად. თუ ამისთვის არ ვემზადებით, ესე იგი, მინდობილი ვართ უფალს.

- სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, ჩვენი თავდაცვა ისე ვერასდროს გაძლიერდება, რომ რუსეთს გაუწიოს წინააღმდეგობა.

- თემა, რომელიც თქვენ წამოჭერით, ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მხოლოდ მე და თქვენ კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება და ოპოზიცია დღედაღამ უნდა მუშაობდნენ. თუ ეს ასე არ არის, ეს ნიშნავს, რომ წინასწარ ვართ შეგუებული მარცხს და ხელები დაბანილი გვაქვს ყველაფრისგან.

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის უარი ბუჩაში მიპატიჟებაზე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფალთა შორის სააკაშვილის მიზეზით შექმნილი გაუგებრობაა?

- ამას მნიშვნელობა­ არა აქვს, ფაქტია, ურთი­ერთობა დასარეგულირებელია. არ მესმის პაპუაშვილის განცხადების, არ ჩავალ ბუჩაში იმიტომ, რომ რაღაც საკითხები გაურკვეველიაო. რატომ არ არის უკრაინასთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური, რა ხდება სინამდვილეში?

- "ოცნების" ლიდერები მიზეზად ოპოზიციის "დახლართულ ინტრიგებს" ასახელებენ.

- ოპოზიციისთვის "ომის პარტიის" ძახილი და იმაზე საუბარი, რომ უკრაინის­ ხელისუფლებასთან ურთიერთობას "ნაციონალები" აფუჭებენ, განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის და ამას ქვეყნის ინტერესები ეწირება. ამას ვერ აცნობიერებენ? თუ აცნობიერებენ, შეგნებულად ვნებენ სახელმწიფოს. ერთადერთი, რისი თქმაც ზუსტად შემიძლია, ის არის, რომ ამ ხელისუფლებას პერსონალურად ეშინია რუსეთის და არ ეშინია დასავლეთის. ბუჩაში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩავიდნენ და რა მოხდებოდა, პაპუაშვილიც რომ ჩასულიყო?!

- თუმცა უკრაინის ხელისუფლებამაც დაუშვა შეცდომები. მაგალითად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა­ განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გავა. მათი მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტებს.

- ეს ის საკითხია, რომელიც საჯაროდ­ გამოტანამდე სახელისუფლებო დონეზე უნდა გაერკვიათ. ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება სწორად იქცევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას სთხოვს არგუმენტირებულ ფაქტებს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა ახალი არ არის. საქართველოს ხელისუფლებაზე ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა ეჭვი, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო სანქციებს არ შეუერთდებაო. მას შემდეგ ეჭვიც მძაფრდება და პრობლემაც მწვავდება.

- შეიძლება უკრაინულ დაზვერვას მართლაც ჰქონოდა ფაქტები თუ უკრაინის ხელისუფლებამ პრევენციულ ღონისძიებას მიმართა?

- არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის დაზვერვას რაღაც ინფორმაცია აქვს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, ინფორმაცია და არა კონკრეტული ფაქტი. მეც არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საუბრები ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის, ან მეორე პირებს შორის და უკრაინის თუ დასავლეთის დაზვერვამ­ ჩანაწერები მოიპოვა.­ თუ ეს მართლაც მოხდა, უკეთესიც კი იყო, რომ ეს უკრაინამ გაახმოვანა და არა დასავლეთმა. დღეს დასავლეთი ცდილობს­ შექმნას მასშტაბური ანტირუსული კოალიცია, შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის გახმაურება წამგებიანი იქნებოდა, უკრაინა კი დღეს ისეთ სიტუაციაშია, ბევრი რამ ეპატიება. ვხედავთ, როგორი მოთხოვნებით გამოვიდა ზელენსკი ევროპარლამენტში, ამერიკის სენატში, ბოლოს კი ბუნდესტაგში, ფაქტობრივად, კედელთან მიაყენა მთელი გერმანია, ისინი კი ადგენენ და ტაში დაუკრეს. დღეს უკრაინის დამარცხება-მოგ­ებაზეა­ დამოკიდებული მთელი ევროპის უსაფრთხოება, მეტიც, ცივილიზაციის ბედი. შესაბამისად, დასავლეთისგან იმის თქმა, ვწუხვარ, უკრაინაში ხალხი რომ იღუპება, მაგრამ მე გაზის შეზღუდვის შიშით ვერაფერს ვიზამო,­ ცოტა არ იყოს, უხერხულია. გასაგებია, კომფორტი საჭიროა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, დაღუპულ ადამიანებს კი ვერავინ გააცოცხლებს.­ ამიტომაც ისმენენ ზელენსკის საყვედურებს დასჯილი ბავშვებივით. ჩვენი ხელისუფლება ამ მხრივაც გამონაკლისია - ზელენსკისთვის ტაშის დაკვრას ვინ ჩივის, იქით ადანაშაულებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს.

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რომ უკრაინის სოლიდარულია, ამაზე ღარიბაშვილის განცხადების შედეგად გამართული­ აქციებიც მეტყველებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი ცუდი მოლოდინის ტყვეობაშია, ქვეყანაში უკვე ომის შიშია დათესილი. შესაბამისად, უნდათ თუ არა, მაინც ხელისუფლებას უჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ასეთი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა რუსეთს სანქციები დაუწესდეს, რის შედეგადაც ჩვენი ცხოვრება გაძვირდება, უმრავლესობა სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს, მაგრამ თუ კითხვა ასეთი ფორმულირებით იქნება: მზად ხართ თუ არა უკრაინის მხარდასაჭერად ომში ჩასართველადო, მაშინ სხვაგვარ შედეგს მივიღებთ.

- რით ახსნით რუსების სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ?

- რუსი ჯარისკაცი ყოველთვის სასტიკი იყო. უბრალოდ, ჩვენ გაყალბებულ ისტორიას გვასწავლიდნენ, თუნდაც მეორე­ მსოფლიო ომზე. ყველას გვაქვს ნანახი "ჯარისკაცის მამა", სადაც რუსმა ჯარისკაცმა­ ვენახს ტანკით არ გადაუარა. ასეთი შემთ­ხვევა სინამდვილეში რომ ყოფილიყო,­ რუსი ჯარისკაცი ვენახსაც გადაუვლიდა და ჯარისკაცის მამასაც ზედ მიაყოლებდა. რუსული არმია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში რომ შევიდა, პრაღა მიწასთან გაასწორა. კორპუსებს საძირკველში ესროდნენ ყუმბარსატყორცნებს, რათა მოსახლეობა მთლიანად მოყოლილიყო ნანგრევებში. რუსები სასტიკად მოქმედებდნენ ცხინვალსა და აფხაზეთშიც, უბრალოდ, ახლა მასშტაბია სხვა და ამიტომ არის მსოფლიო შოკში.

- თქვენ რა გაძლევთ იმედის საფუძველს, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება?

- დღეს რუსეთი სრულ იზოლაციაშია.­ პოლიტიკის ისტორიიდან არ მახსენდება ფაქტი, როდესაც მთელ მსოფლიოს დაპირისპირებულ ერთ სახელმწიფოს გაემარჯვოს. გარდა ამისა, ეკონომიკური სანქციები ხვალ-ზეგ რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებს. მთავარია, სანქციები არ მოიხსნას და რუსეთი ისე ჩამოიქცევა, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი. რუსეთი იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს და პუტინიც ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რუსული იმპერიალიზმის დამარცხებით დასრულდება და ჩვენც მოგვეცემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება­ მშვიდობიანი გზით.

ხათუნა ბახტურიძე