უკრაინის საგარეო უწყება - მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - კვირის პალიტრა

უკრაინის საგარეო უწყება - მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რომ დღეს გამართული ე.წ კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი შედეგები.

"იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შემოჭრას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის , - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს სანქციები რუსეთის მიმართ, რათა მან პასუხი აგოს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევისთვის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.

IPN