"ჩვენ მსოფლიოს თვალწინ გვხოცავენ ყველაზე სასტიკი მეთოდებით, ბარბაროსულად­...“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ მსოფლიოს თვალწინ გვხოცავენ ყველაზე სასტიკი მეთოდებით, ბარბაროსულად­...“

რა გზა გაიარა უკრაინამ თავისუფლებისკენ და რა შედეგი მიიღო მსოფლიოს გულგრილობით, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აგრესორი რუსეთის პოლიტიკის კვალდაკვალ ავლენდა; რა შეიძლება შეიცვალოს მსოფლიოში, ამის შესახებ უკრაინელი მთარგმნელი, ლიტერატორი ნატალია ტროჰიმი გვესაუბრა:

- მე ძალიან მიყვარს საქართველო და ყურს მჭრის რუსული­ "გრუ­ზია", მინდება ხოლმე შევცვალო...­ რაც შეეხება რუსეთს, ის არ იცვლება,­ არა აქვს მნიშვნელ­ობა, რომელი საუკუნეა, ის ყოველთვის საშინელი, ჩამორჩენილი, უღმერთო, უუფლებო ფეოდალური ქვეყანაა, სადაც ადამიანის სიცოცხლე გროშიც­ არ ღირს. რუსეთს ბნელი ინსტინქტები ამოძრავებს: საბჭოთა კავშირის აღდგენის მანიაკალური იდეა, პათოლოგიური სიცრუე, განათლების ნაკლებობა, აგრესიული პროპაგანდა, ევროპის ირაციონალური შიში და ფლირტი კი მუდმივად აძლიერებს დაუსჯელობის განცდას - სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული ევროპა ნავთობითა და გაზით. საერთაშორისო საზოგადოებრიობა თავის დროზე უნდა გაერთიანებულიყო რუსეთის­ წინააღმდეგ, თუნდაც მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში, მოლდოვაში, საქართველოში, სრებრენიცაში, სირიაში, ყირიმსა და დონბასში­ ტრაგედია დაატრიალა, მაგრამ მაშინ მსოფლიომ "ღრმა შეშფოთება" გამო­ხატა. რუსული აგრესიის აღკვეთა რამდენიმე ათეული წლის წინ შეიძლებოდა, ახლა კი გვიანია.

- როგორც ლიტერატორს გკითხავთ­ ფრა­ზაზე, რომელიც უკრაინამ გაუგზავნა მსოფლიოს:­ "ბუჩადან გვთხოვეს, ბავშვთა კვების პროდუქტები არ გავუ­გ­­ზავნოთ - ბავშვები აღარ არიან, თითქმის ყველა მოკლეს".

- ერნსტ ჰემინგუეის ფრაზა მიტრიალებს გონებაში: "იყიდება: ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი!.." სულისშემძვრელი პარალელია ჰემინგუეის ცნობილი მინიატიურა უკრაინაში შექმნილი არაადამიანური, ენით აღუწერელი ტკივილის გამოსახატავად. წარმოვიდგინოთ, რა ცოდვის ტრიალია იქ, ამის გადმოცემა შეუძლებელია... მაგრამ ამდენი სისხლის ღვრის შემდეგ რუსეთი შიშვლდება და მარცხდება, მის კვალდაკვალ კი ახალი, უფრო ძლიერი, თავისუფალი უკრაინა იბადება.

ახლა პოლონეთში ვცხოვრობ. ადგილობრივ საავადმყოფოში 40 ობოლი შემოიყვანეს, მათ მშობლები დაუხოცეს. ყველაზე პატარა 3 წლისაა, უფროსი - 14-ის. ბავშვების უმეტესობა გაუპატიურებულია,­ დაცლილი აქვთ კბილები... პოლონელი ქალი, რომელიც ამ არაადამიანური ტრაგედიის შესახებ მიყვებოდა, ცრემლები ახრჩობდა, ლაპარაკი უჭირდა. ყველამ ვიცით, რომ ასეთი რამ მხოლოდ ბუჩაში არ მოხდებოდა, სხვაგანაც იქნება საზარელი ფაქტები. იცოდე ამგვარი ფაქტების შესახებ და ნორმალური ცხოვრება განაგრძო, ადამიანურ ძალას აღემატება. გესმოდეს და უყურებდე ასეთ რეალობას და მომავალზე ფიქრობდე, შეუძლებელია.

ბებიაჩემი მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობდა, თესავდა, მკიდა და ამბობდა,­ რომ ყველაფერ კარგს შრომა, მზრუნველობა სჭირდება, სარეველა კი თავისით იზრდებაო. ბებია თესლს მიწაში ჩაყრამდე კოცნიდა, სიკეთესა და სიყვარულს ატანდა, რომ მასაც გაეხარებინა. სიკეთე - ეს არის სიყვარული და სიმართლე, ბოროტება კი უსიყვარულობა, რომელიც ისევ და ისევ ბოროტებას შობს. იმედია, სიკეთე, სინათლე და სიყვარული გაიმარჯვებს სიბნელეზე, ტყუილსა და ბოროტებაზე...

პირველი სამი დღე ჩემთვის ყველაზე საზარელი იყო, რადგან ჩემი შვილი წავიდა­ ომში - ჯავშანჟილეტი ჩაიცვა და მეგობრებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრა. სამი დღის განმავლობაში არ მქონდა კავშირი შვილთან - ვერ ვჭამდი, ვერ ვიძინებდი, მთელი სხეულით ვკანკალებდი... საბედნიეროდ, ჩემი შვილი შინ, ლვოვში დაბრუნდა. მას იარაღი არასდროს სჭერია და ასეთ გამოუცდელებს არმიაში არ იღებენ. იმ დღეებში განსაკუთრებით მწვავედ ვიგრძენი,­ როგორ აისახება ომი დედ­ებზე, მამებზე, ცოლებსა და შვილებზე, მათზე,­ ვისი ოჯახის წევრიც ფრონტზეა. ომი გარდაუვალი საფრთხეა­ ყველაზე ძვირფასი ადამიანების სიცოცხლისთვის, გვართმევს სიხარულს, სიყვარულს, სიცოცხლის ძალას და გვიწამლავს ცხოვრებას. მადლიერი ვარ ჩემი ქართველი მეგობრების თანადგომით და ვთხოვ მათ, ილოცონ ჩვენი გამარჯვებისთვის, ყველას უამბონ იმ საშინელებაზე, იმ ჯოჯოხეთზე, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის... იმ მძიმე დღეებში ჩემმა მეგობარმა ნატო ინგოროყვამ დაწერა ლექსი: "ღმერთო,­ არ ჩაგეძინოს! ჩემი უკრაინელი მეგობრის, მწერლის, ნატალია ტროჰიმის შვილი ომში წავიდა. მას იარაღი არასოდეს სჭერია ხელში, ნუ აქცევ მკვლელად..."

- ჩვენ დღემდე გვიწევს რუსული­ ჩექმი­სგან თავის დაღწევა. 90-იანი წლების დასა­წყ­ისში და 2008 წელსაც საქართველო მარტო­ დარჩა რუსეთის პირისპირ...

- კოლექტიურმა დასავლეთმა, განსაკუთრებით ბუჩის სულისშემძვრელი კადრების შემდეგ, როგორც იქნა, გამოიღვიძა. უკრაინამ კი არა, შიშმა გამოაღვიძა, იგრძნო, რომ რუსეთი დასავლეთსაც ემუქრება. 2008 წლის აგვისტოში შვილებსა და დედასთ­ან ერთად­ კარპატებში­ ვისვენებდი, მაგ­რამ გონებით საქართველოში ვიყავით, მუდმივად ვადევნებდით თვალს, თუ როგორ იბომბებოდა ქვეყანა...­ ველოდით, რომ მსოფლიო მხარში­ დაგიდგებოდათ, მაგრამ... ამიტომაც განმეორდა ეს ყირიმში. მაშინაც გვეგონა, რომ მსოფლიო პუტინს შეაჩერებდა, მაგრამ როგორც პოეტმა ოლექსანდრ ოლესმა ასი წლის წინ თქვა "ევროპა­ დუმდა"...­ მინდა მჯეროდეს, რომ მსოფ­ლიომ, ბოლოს და ბოლოს, ისე გამოიღვიძა, რომ ნეტარ ძილს აღარ მიუბრუნდება.

- ოკუპანტი ებრძვის უკრაინულ კულტურასაც, წვავს ძეგლებს, ტაძრებს...

- რუსეთი ჩვენ გვიწოდებს "ქვეყანა­ 404"-ს, ანუ ფეიკსახელმწიფოს, სინამ­დვ­ილეში კი მან მოჰპარა უკრაინას ათასწლოვანი ისტორია, სახელი, მიითვისა ჩვენი გენიოსების ღვაწლი კულტურასა და ხელოვნებაში - სკოვოროდა, პოტებნია, გოგოლი, ვერნადსკი და უამრავი სხვა. ბევრი მათგანი რუსეთმა პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით აწამა. ახლა მას ერთადერთი­ რამ სურს - უკრაინა აღარ არსებობდეს. ამიტომაც შეშინებული მტერი მსხვერპლს პირწმინდად­ ძარცვავს, კლავს, რათა ქვეყანამ ვერ შეძლოს შურისძიება, მის წინააღმდეგ სასამართლოს წინაშე მტკიცებულებების წარდგენა. ანადგურებს ყველაფერს, რაც ქვეყნისთვის ღირებულია, ამით ცდილობს სიმართლე საბოლოოდ დაასამაროს, მაგრამ ვერ ეღირსება! უკრაინას სიცოცხლე და განვითარება სურს თავის ულამაზეს მიწაზე, განსხვავებით იმ "ბიოლოგიური ობიექტისგან", რომლისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვიქნებით, საით წავალთ და რას შევქმნით ჩვენი მომავლისთვის. თანამედროვე ფაშიზმი რასიზმია და პუტინი ჰიტლერს კიდევ ერთი იდეით ჰგავს - გერმანელი ნაცისტი ებრაელებზე ამბობდა, ეროვნული საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდესო და მათ მასობრივად ხვრეტდა და გაზის კამერაში ყრიდა. პუტინმაც იპოვა "გამოსავალი" - მობილური კრემატორიუმებით მუშაობს უკრაინის ქალაქებში, მასობრივად წვავს დახოცილ მოსახლეობას.

- თქვენ დიდი ხანია ქართველ მწერლებსა და პოეტებთან მეგობრობთ...

- ძალიან მიყვარს საქართველო, თქვენმა ქვეყანამ, ხალხმა მასწავლა სიხარული,­ თანადგომა. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. 2009 წელს პალანგაში გავიცანი მთარგმნელი ნანო დევიძე და პოეტი ამირან სვიმონიშვილი (ნათელში იყოს მისი სული), ასევე გაგა ნახუცრიშვილი და დავით რობაქიძე. ამირანის შემოქმედებამ ქართული პოეზიის სილამაზე თვალწინ გადამიშალა, მის ლექსებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩემი საყვარელი ქართველი პოეტები რომ ჩამოვთვალო, ძალიან დიდი სია გამომივა, ამიტომ მხოლოდ ანა კალანდაძეს დავასახელებ, რომელიც თავისი მსოფლმხედველობით უფრო ახლობელია ჩემთვის. სხვათა შორის, ოთხი ქართველი ავტორის წიგნი გამოვაქვეყნე. სწორედ ომის წინა დღეებში ვმუშაობდი მეხუთეზე - გაგა ნახუცრიშვილისა და ზურაბ ქიქოძის პიესაზე. პრემიერას მაისის ბოლოს ლვოვში ლესია უკრაინკას თეატრში ვგეგმავდით. ჩვენი და თქვენი გამარჯვების იმედს მაინც არ ვკარგავ! უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან ერს, რომელსაც ამხელა მსხვერპლის გაღება შეუძლია საკუთარი და სხვისი თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, დაუმარცხებელია.