გაგრის გენოციდიდან ბუჩის ტრაგედიამდე - დაუსჯელი რუსული სამხედრო დანაშაულების 30-წლიანი პერიოდი უნდა დასრულდეს... - კვირის პალიტრა

გაგრის გენოციდიდან ბუჩის ტრაგედიამდე - დაუსჯელი რუსული სამხედრო დანაშაულების 30-წლიანი პერიოდი უნდა დასრულდეს...

ომი ყველაზე საშინელი რამ არის, რაც კი კაცობრიობას გამოუგონია, მაგრამ ომშიც კი არსებობს დაუწერელი თუ დაწერილი საერთაშორისო კანონები, რომელთა დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ომში არ შეიძლება უიარაღო ადამიანს ესროლო, მით უფრო - ქალსა და ბავშვს. დაჭრილ და ბრძოლისუუნარო მოწინააღმდეგესაც კი შეძლებისდაგვარად უნდა აღმოუჩინო პირველადი სამედიცინო დახმარება, სამხედრო ტყვე არ უნდა აწამო და არავითარ შემთხვევაში არ მოკლა.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ მორალური და საკანონმდებლო აკრძალვებისა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში თვითონ ხდები სამხედრო დამნაშავე და საერთაშორისო ტრიბუნალის მკაცრ გასამართლებას იმსახურებ, თუკი მანამდე მოწინააღმდეგემ შენზე არ "ინადირა"...

17042022-1100-1650178890.55_REC.png
რუსი სამხედროების მიერ ბუჩის ქუჩებში დახვრეტილი მოქალაქების ცხედრები ექსკავატორით სახელდახელოდ გათხრილ საძმო სასაფლაოზე ნაჩქარევად, ჩუმად დაკრძალეს, მაგრამ ქალაქიდან რუსი სამხედროების განდევნის შემდეგ ისინი ამოასვენეს, ექსპერტიზა ჩაუტარეს და ქრისტიანულად დამარხეს

ის საშინელება, რასაც დღეს რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სჩადის (რუსი სამხედროებისგან უკრაინის სხვა დასახლებული პუნქტების გათავისუფლების შემდეგ, სამწუხაროდ, ალბათ, აღმოჩნდება, რომ მათ იქაც არანაკლები მხეცობა ჩაუდენიათ), ჩვენთვის, ქართველებისთვის, არახალია - ზუსტად 30 წლის წინ აფხაზეთში გაგრა-ლესელიძის მონაკვეთის დაპყრობისას აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულებმა და რუსმა სამხედროებმა ისეთი სისასტიკე ჩაიდინეს, რომელთანაც დღევანდელი ბუჩის ტრაგედიაც კი ვერ მოვა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ არც ამდენი ვიდეოკამერიანი მობილური ტელეფონი არსებობდა სამხედრო დანაშაულების ფაქტების დასაფიქსირებლად და დასავლეთიც თვალებში შესციცინებდა კრემლს - ოღონდ ხელისუფლებაში რუსი კომუნისტები არ დაბრუნდნენ და ელცინის მთავრობას ყველა მოთხოვნას შეგისრულებთ, რა დროს საქართველოს აფხაზეთიაო...

დასავლეთმა არც მაშინ გამოიჩინა გაბედულება იმ სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად, რომელთაც რუსეთის არმია ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში სჩადიოდა - ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდება და მათი პრობლემაო...

2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრილმა რუსეთის არმიამ ოს სეპარატისტებსა და ჩეჩენ დაქირავებულებთან ერთად შიდა ქართლის არაერთ სოფელში ქართული ოჯახები ააწიოკა, სამოქალაქო პირები აწამა და დახვრიტა (ისე, ამ სამხედრო დანაშაულებში ყველაზე მეტად ოსი სეპარატისტები იყვნენ შემჩნეული, რომლებიც რუსული საოკუპაციო ძალების საფარქვეშ ასეთ არაკაცობას სჩადიოდნენ). დასავლეთი, რა თქმა უნდა, შეშფოთდა-აღშფოთდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას კრემლთან „გადატვირთვის“ სამშვიდობო პროცესი დაეწყო და რუსეთი ახალი სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის წაეხალისებინა. შედეგმაც არ დააყოვნა - 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა სულ „სიცილ-სიცილით, ტყვიის გასროლის გარეშე, უკრაინას მთელი ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა, აღმოსავლეთ ნაწილში კი იქაურ პრორუსულ ძალებს შეიარაღებული ბრძოლა დააწყებინა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უფრო მეტად დასარღვევად.

ამის შემდეგ დასავლეთმა და ნატომ თითქოს თვალი გაახილეს, მაგრამ ძილ-ბურანს თავი მაინც ვერ დააღწიეს და მკაფიოდ ვერ ან არ დააფიქსირეს სამხედრო დანაშაულის კონკრეტული შემთხვევები, რომელთაც დებალცევოსა თუ ილოვაისკის სისხლისმღვრელი ბრძოლების დროს ადგილობრივ პრორუს სეპარატისტებთან ერთად შენიღბულად სჩადიოდნენ რუსეთის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეები როგორც ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს.

და, აი, დადგა 2022 წლის 24 თებერვალი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომის ერთი თვეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი მსოფლიო, ბოლოს და ბოლოს, კარგად გამოფხიზლებულიყო. ბუჩაში, ირპენსა თუ გოსტომელში რუსეთის რეგულარულმა არმიამ და როსგვარდიამ ისეთი მხეცური სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს ადგილობრივი სამოქალაქო პირების მიმართ, თვით ჰიტლერის შშ-ის სადამსჯელო რაზმებსაც შერცხვებოდათ და არც გაუბედავთ მსგავსი რამ 1941-1944 წლებში უკრაინის 680-დღიანი ოკუპაციის დროს.

უკრაინაში რუსეთის ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ერთ-ერთი სახეობაა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული შეიარაღების გამოყენება. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით სროლა სამხედრო დანაშაულია, რადგან შეიარაღების ეს სახეობა, კონკრეტული მიზნის გარდა, მის გარშემო ცოცხალ ძალას ანადგურებს რამდენიმე ჰექტარზე, სადაც, მოწინააღმდეგის ჯარისკაცების გარდა, დიდი ალბათობით, მშვიდობიანი მოსახლეობაც ბევრია.

ასეთივე აკრძალვა ეხება „ხალიჩისებრი“ საჰაერო დაბომბვების დროს უმართავი საავიაციო, განსაკუთრებით - ცეცხლგამჩენი მოქმედების ბომბების გამოყენებას, რომელთაც შეცდომით „ფოსფორიან ბომბებს“ ეძახიან.

რაც შეეხება კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებას, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ის საყოველთაოდ აკრძალული არ არის, ხოლო იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საკუთარი ნებით თქვეს უარი კასეტური შეიარაღების გამოყენებაზე, არც რუსეთია, არც - უკრაინა და, სხვათა შორის, არც - საქართველო.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ომებში კასეტურქობინიანი რაკეტებისა და ავიაბომბების გამოყენება დაშვებულია, კატეგორიულად აკრძალულია მათი საბრძოლო გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ანუ ქალაქის დაბომბვა კასეტური საბრძოლო საშუალებით ასევე მიეკუთვნება სამხედრო დანაშაულთა კატეგორიას.

მაშასადამე, 8 აპრილს კასეტურქობინიანი "ტოჩკა-უ"-ს ბალისტიკური რაკეტით ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვაც, რასაც ქალაქიდან საევაკუაციოდ გამზადებული 52 მგზავრის (მათ შორის - ხუთი ბავშვის) დაღუპვა და ასზე მეტი ადამიანის დაჭრა მოჰყვა, სამხედრო დანაშაულის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან რაკეტის გამშვებმა რუსმა სამხედროებმა საჰაერო დაზვერვის საშუალებით კარგად იცოდნენ, რომ სამიზნე ობიექტი სავსე იქნებოდა საევაკუაციოდ გამზადებული ასეულობით სამოქალაქო პირით...

სიმართლე რომ ითქვას, ამ საშინელ ომში ვერც უკრაინის მხარე ასცდა სამხედრო დანაშაულს, რის თვალსაჩინო მაგალითადაც გამოდგება ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, უკრაინის მხარეს მებრძოლი პირი ავტომატს რამდენჯერმე როგორ ესვრის ასფალტზე მწოლიარე დაჭრილ რუს სამხედროს, რომელიც ისედაც ხროტინებდა და შეიძლება დიდი დღე აღარც ეწერა, მაგრამ ადამიანი ცხენი არ არის, რომ წვალების შესამსუბუქებლად ტყვია დაახალო. დიახ, ესეც სამხედრო დანაშაულია, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელზე დაიხვია რუსულმა მხარემ და საქმე აღძრა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ, რომელმაც მანამდე ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი რუს სამხედროებს ტყვედ არ აიყვანდნენ.

არადა, კურიოზი (თუ შეიძლება ასეთ შემთხვევაში ამ სიტყვის გამოყენება) ის არის, რომ დაჭრილი რუსი სამხედროს დახვრეტის ამსახველ ვიდეოკადრებში ქართველი, რომელიც სხვებთან ერთად ფიგურირებს, სულ სხვა პიროვნებაა, ოღონდ მასაც, ისევე, როგორც „ქართული ლეგიონის“ იმ წევრს, რომელიც ინტერვიუს აძლევს, მოზრდილი წვერი აქვს, რუსეთის სამხედრო პროკურატურისთვის კი უკრაინაში რუსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ წვერმოშვებულ ქართველებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

ჩვენ, ქართველებს მოსვენებას არ გვაძლევს ჩვენი ტკივილი - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გადამწვარი სოფლები თუ დაბები. ქართველთა ის სოფლებიც კი, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, რუსი სამხედროების მხარდაჭერილმა ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმა 1992-93 წლების აფხაზეთის ომის, 1998 წლის გალის მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაწვეს, რაც, სამხედრო დანაშაულის გარდა, ქართველების მიზანმიმართულ გენოციდადაც აუცილებლად უნდა შეფასდეს.

იმედია, ახლა, როცა დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, 30-წლიანი დაგვიანების შემდეგ აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის არმია სამხედრო დანაშაულებს სჩადის, რაც დღითი დღე ემსგავსება უკრაინელი ხალხის გენოციდს, იქნებ საერთაშორისო ტრიბუნალს ისიც გავახსენებინოთ, რაც რუსეთმა „ჩვენებური“ სეპარატისტებისა და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულების დახმარებით საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა განვლილ სამ ათეულ წელში.

იმედი, რომ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი - თანამედროვე ნიურნბერგის პროცესი შედგება 21-ე საუკუნის ჰიტლერის - პუტინისა და მისი რეჟიმის გასასამართლებლად, ახალი რუსული სამხედრო დანაშაულებისა და დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების მტკიცე განცხადებების ფონზე ყოველდღიურად იზრდება.

ბუჩაში რუსი სამხედროების გააფთრება და მოსახლეობის დაწიოკება გამოიწვია

samx2-1649622564.jpg
ბუჩის ქუჩაში უკრაინელი არტილერისტების მიერ დადუღებული რუსი მედესანტეების ჯავშანტექნიკა, რის გამოც რუსმა სამხედროებმა შური მშვიდობიან მოსახლეობაზე იძიეს

ნელ-ნელა ირკვევა, რომ რუსებს სამხედრო დანაშაულები სხვა უკრაინულ დასახლებულ პუნქტებშიც ჩაუდენიათ, მაგრამ კიევთან ახლოს, დაბა ბუჩაში, მათმა მხეცობამ ყველანაირი ზღვარი გადალახა. რამ გააცოფა ასე რუსი სამხედროები?საქმე ის არის, რომ რუსების მიერ ბუჩის დაკავებისთანავე უკრაინელმა არტილერისტებმა სადაზვერვო დრონების დახმარებით ერთ-ერთ ქუჩაზე ძალზე წარმატებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელეს და რუსი მედესანტეების მთელი ჯავშანკოლონა დაადუღეს“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან რუსეთის მედესანტეთა საბრძოლო მანქანების ალუმინის ჯავშანი ხანძრისას, მაღალ ტემპერატურაზე, დნობას იწყებს). განადგურებული რუსული ჯავშანკოლონის ამსახველმა ფოტოვიდეოკადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა და უკრაინაში რუსეთის არმიის დამარცხების დასაწყისის სიმბოლოდ იქცა, რაც შეიძლება კრემლის მთავარმა ბინადარმა პირად მარცხად აღიქვა, რუსეთის არმიისგან საშინელი სამაგიერო კი ბუჩის უიარაღო, მშვიდობიან მოსახლეობას მიეზღო.