პუტინის სტრატეგიული შეცდომა - მან უკრაინაზე თავდასხმამდე რუსული სამხედრო შენაერთები ერთი თვე მინდორში, ყინვაში აყურყუტა - კვირის პალიტრა

პუტინის სტრატეგიული შეცდომა - მან უკრაინაზე თავდასხმამდე რუსული სამხედრო შენაერთები ერთი თვე მინდორში, ყინვაში აყურყუტა

დღე-დღეზე უკრაინის აღმოსავლეთში ახალი რუსული ფართომასშტაბიანი შეტევა უნდა დაიწყოს, რომლის მიზანი ოკუპირებულ დონეცკთან მედგრად მებრძოლი უკრაინის გაერთიანებული ძალების ალყაში მოქცევა იქნება, ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლით, რათა 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე პუტინმა თავის 146 მილიონ მოქალაქეს რუსეთის „მორიგი დიდი გამარჯვება“ აუწყოს, მანამდე კი რუსეთის საოკუპაციო ძალები ყველა ღონეს ხმარობენ, რაც შეიძლება მალე დაიპყრონ დაბომბილ-განადგურებული მარიუპოლი და მერე ქალაქზე შეტევის მონაწილე 10 ათასამდე რუსი სამხედრო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშისთვის გადაისროლოს.

უკრაინის ოკუპაციის ახალი, კორექტირებული გეგმა არანაკლებ ამბიციური და გრანდიოზულია, ვიდრე სამარცხვინოდ ჩაშლილი პუტინის თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმა იყო, მაგრამ თითქმის 50-დღეღამიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგის შემდეგ შესწევს კი რუსეთის არმიას ძალა, ხარკოვი-ხერსონის რკალის გაყოლებით (იხ. რუკაზე წარმოსახვითი ფრონტის ხაზი) ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყოს?

გარდა იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო შენაერთები თვე-ნახევარზე მეტია, ომობენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის საზღვრებთან მათი გადასროლა შეჭრამდე ერთი თვით ადრე დაიწყო, ანუ რუსი სამხედროები, განსაკუთრებით - ჯარისკაცები ერთი თვე ბელარუსში, ასევე რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებში, ყინვაში, საველე კარვებში იყვნენ (ბევრ რუსულ დანაყოფს ასეთი კარვებიც არ ჰქონდა, რადგან მანამდე პრაპორშჩიკებმა საწყობებიდან გაუყიდეს და რუსი ჯარისკაცები სახელდახელოდ ამოთხრილ მიწურებში იყინებოდნენ) და ამის შემდეგ, ოკუპაციის მესამე თვის დასაწყისში, ამ რუს სამხედროებს პუტინი ამჯერად უკრაინის აღმოსავლეთში შეტევაზე გაგზავნის უპირებს?!

დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებიდან მასმედიაში განზრახ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, თვენახევრიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინაზე თავდასხმის მონაწილე 120 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფიდან 29 ბრძოლისუუნაროა და ახლა რუსეთის გენშტაბი ცდილობს, ორი-სამი ასეთი ჯგუფიდან ერთი მაინც შეაკოწიწოს, მაგრამ აქაც დიდ პრობლემებს აწყდება, რადგან ახალ ბრძოლებში მონაწილეობა, იმის შემდეგ, რაც სამშობლოს დასაცავად უკრაინელების მედგარი ბრძოლა იხილა, რუსეთის არმიის ძალიან ბევრ კონტრაქტით მომსახურეს აღარ უნდა.

ამასთან, მალე ტყეები შეიფოთლება და უკრაინელები დასავლური "ჯაველინებითა" და "სტინგერებით" სასიკვდილო ჩასაფრებებს მოუწყობენ რუს ოკუპანტთა ჯავშანკოლონებს. მართალია, ტყის მასივები უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 16%-ზეა, მაგრამ საავტომობილო გზების უმეტესობას მიჰყვება ქარსაფარი ზოლები, რომლებშიც ჩასაფრება ძალიან ადვილია.

დიახ, რუსეთის პრეზიდენტს სურს, 9 მაისის აღლუმისას სამხედრო წარმატებაზე მოუყვეს რუსულ პროპაგანდისტულ ტელეგადაცემებს მიჯაჭვული მოსახლეობის დიდ ნაწილს და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წინ იგი ცვლის რუსეთის საოკუპაციო არმიის სარდალს. ამ პოზიციაზე პუტინი ნიშნავს არმიის გენერალ დვორნიკოვს, სწორედ იმ დვორნიკოვს, რომელმაც სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის საავიაციო დაბომბვის ბრძანება გასცა და რის გამოც სირიის ოპოზიცია მას „ალეპოს ყასაბს“ უწოდებს.

არმიის გენერალი დვორნიკოვი პუტინის "ლიუბიმჩიკია“ - სირიის დაბომბვისთვის რუსეთის გმირის ვარსკვლავი თავად გადასცა, მერე კი სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლად დანიშნა (ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ბაზებიც დვორნიკოვს­ ექვემდებარება).

უკრაინის აღმოსავლეთში ახალი შეტევების მეთაურად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის დანიშვნა მიანიშნებს, რომ „ალეპოს ყასაბი“ არც უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს დაინდობს, მაგრამ ამ ომში გამარჯვება რუსეთს მაინც არ უწერია, რადგან წარმოუდეგენელი სისწრაფით ყალიბდება ახალი დასავლური ალიანსი უკრაინის უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერითა და ახალი „ლენდ-ლიზის“ პროგრამით, რაც უკრაინის არმიისთვის მეტი თანამედროვე და, ამასთანავე, შემტევი დანიშნულების შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს, ამას კი, ომის თვეობით გახანგრძლივების შემთხვევაში, რუსეთის სანქცირებული ეკონომიკა ნამდვილად ვერ მოერევა.