„ომი უკრაინაში: სამი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციისა და მასში ნატოს სავარაუდო ჩაბმის შესახებ“ - კვირის პალიტრა

„ომი უკრაინაში: სამი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციისა და მასში ნატოს სავარაუდო ჩაბმის შესახებ“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „ომი უკრაინაში: სამი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციისა და მასში ნატოს სავარაუდო ჩაბმის შესახებ“ (ავტორი - ფრენკ გარდნერი, სამხედრო მიმომხილველი).

გთავაზობთ ამონარიდს:

"უკრაინის მთავრობა რუსეთთან ომში დაბეჯითებით ითხოვს დასავლეთის მხარდაჭერას. კიევში ამბობენ, რომ უკრაინის არმიას რომ დონბასზე რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად შანსი ჰქონდეს, მას აუცილებლად სჭირდება ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების - Javelin-ების, Stinger-ებისა და Starstreak-ების მიწოდება, რომლებსაც წარმატებით იყენებდნენ კონფლიქტის დროს. ამჟამად იარაღის მარაგი იწურება და შევსებას საჭიროებს.

რასაკვირველია, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან, მაგრამ კიევი უფრო მეტს ითხოვს: მას უნდა თანამედროვე ტანკები, თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მოწინავე სისტემები, რომ რუსეთის არმიის საჰაერო შეტევები მოიგერიოს. გარდა ამისა, უკრაინას თითქმის ამოწურული აქვს საწვავის სტრატეგიული რეზერვი და სხვა აუცილებელი ამუნიციისა და აღჭურვილობის მარაგი.

და რატომ იკავებს თავს ნატო? იმიტომ, რომ უკრაინისადმი ჩამოთვლილი იარაღით დახმარება ომის ესკალაციას გამოიწვევს: არის იმის საფრთხე, რომ რუსეთი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს გასცდება და უფრო ფართო ევროპულ ომად გადაიქცევა. დასავლეთში ეს კარგად ესმით და აცნობიერებენ, რომ ფსონები სახიფათოდ მაღალია.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კონფლიქტის დასაწყისშივე გაახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთი ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს და რომ კრემლს თავისი ბირთვული შეკავების სტრატეგიული საშუალებები მზადყოფნის უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს.

აშშ-მა რუსეთს არ მიბაძა, რადგან ვერ აღმოაჩინა ნიშნები, რომ რუსეთს თავისი ბირთვული ქობინები იმ ბუნკერებიდან გამოაქვს, სადაც ისინი ინახება. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს თავისი აზრი გააცნო. პრინციპში, მისი ნათქვამი ასე უნდა გავიგოთ: „რუსეთს უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს, ასე რომ, არავინ გაბედოს ჩვენი დამუქრება, თორემ პასუხს მიიღებს“.

რუსეთის სამხედრო დოქტრინა უშვებს მცირე სიმძლავრის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენებას სამხედრო ოპერაციების საწყის ეტაპზე.

ნატოს სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტები შეშფოთებულები არიან იმით, რომ როგორც კი ბირთვული ტაბუ დაირღვევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ზარალი ლოკალიზებული და არცთუ დიდი იქნება, ესკალაციის რისკი მაინც არსებობს: დასავლეთსა და რუსეთს შორის კატასტროფული ბირთვული დარტყმების შესაძლებლობა მკვეთრად მატულობს.

მიუხედავად ამისა, ნატო მაინც ეხმარება უკრაინას: ჩეხეთმა ტანკები გაუგზავნა - მართალია მოძველებული, საბჭოური Т-72-ები, მაგრამ - მაინც, სლოვაკეთმაც - ასევე მოძველებული, საბჭოური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300... ომის დაწყების პირველ ეტაპზე ასეთი დახმარება წარმოუდგენელი იყო, ახლა კი სრულიად ნორმალურად ითვლება.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტობიას ელვუდი, რომელიც თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თვლის, რომ „ვლადიმერ პუტინი ბლეფობს, როცა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მიანიშნებს“. დეპუტატის აზრით, ნატომ უკრაინას უფრო მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს: „ჩვენ გადაჭარბებულ სიფრთხილეს ვიჩენთ. უკრაინას ვაძლევთ იმდენ იარაღს, რომ იომოს, მაგრამ ვერ გაიმარჯვოს. კიევს გამარჯვება სჭირდება. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს“.

როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი უფრო ფართო, საერთო ევროპულ კონფლიქტად გადაიქცეს, რომელშიც ნატოც აღმოჩნდება ჩაბმული?

არის რამდენიმე პოტენციური სცენარი, რომელზეც, უეჭველია, დასვლეთის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროები ფიქრობენ. აი, მხოლოდ სამი მათგანი:

პირველი სცენარი - ნატოს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც უკრაინის არმიის მიერ იქნა გასროლილი ოდესიდან, მოხვდება და ჩაძირავს რუსეთის სამხედრო ხომალდს და ამ დროს იღუპება, დაახლოებით, 100-მდე რუსი მეზღვაური და ათობით საზღვაო ქვეითი. ერთბაშად დაღუპულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, ამა თუ იმ ფორმით რეაგირება მოახდინოს;

მეორე სცენარი - რუსეთი სარაკეტო დარტყმას აყენებს ნატოს ქვეყნებიდან უკრაინის დასახმარებლად მიწოდებულ სამხედრო ტექნიკის კოლონას, მაგალითად, პოლონეთიდან ან სლოვაკეთიდან. თუ დარტყმა მოხდება ნატოს რომელიმე იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და მას დანაკარგები მოჰყვება, მაშინ ამ ინციდენტს პოტენციურად შეუძლია ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება, რის შედეგადაც ყველა ქვეყანა იმ ქვეყნის დასაცავად დადგება, რომლის ტერიტორიასაც რუსეთმა დარტყმა მიაყენა;

მესამე სცენარი - დონბასში მძიმე ბრძოლების დროს უკრაინის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხდება აფეთქება და მომწამლავი გაზი გამოიყოფა. მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ არავინ დაღუპულა. თუ ამ შემთხვევაში მსხვერპლი იქნება, როგორც ეს, ვთქვათ, სირიის გუტაში მოხდა და თუ ამ დროს დადგინდება, რომ ეს რუსეთმა განგებ გააკეთა, ნატო იძულებული იქნება, მოსკოვს უპასუხოს.

სრულიად შესაძლებელია, რომ ამ სცენარებიდან არც ერთი არ განხორციელდეს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა იშვიათი ერთიანობა გამოავლინეს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, მაინც არსებობს ვარაუდები, რომ დასავლეთის ქვეყნები მოვლენაზე მხოლოდ უბრალო რეაგირებას ახდენენ დ მათ სამომავლოდ მკაფიო სტრატეგია არ აქვთ.

„უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რით არის დაკავებული ჩვენი მთავრობა - კრიზისული მართვით თუ რეალური სტრატეგიით, - ამბობს ერთ-ერთი ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, - ჩვენ ვცდილობთ უკრაინას ყოველგვარი შესაძლო დახმარება გავუწიოთ, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა არ გვსურს. ასეთ პირობებში პრობლემა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინი პოკერს ჩვენზე უკეთ თამაშობს“.

ტობიას ელვუდი სიტუაციის ასეთ გაგებას ეთანხმება: „რუსეთი ძალიან ეფექტიანად იმუქრება, ესკალაციით ჩვენ დაშინებულები ვართ. ჩვენ დავკარგეთ იმის უნარი, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ესკალაციის დონეები“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ