"გავა ხანი და უკვე აღარავის ემახსოვრება, თუ რატომ არ ჩავიდა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში, ან რატომ გამოაცხადა საქართველომ, არ ვუერთდები სანქციებსო" - კვირის პალიტრა

"გავა ხანი და უკვე აღარავის ემახსოვრება, თუ რატომ არ ჩავიდა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში, ან რატომ გამოაცხადა საქართველომ, არ ვუერთდები სანქციებსო"

ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან

- თქვენ უკვე ახსენეთ უკრაინასთან დაკავშირებული ხელისუფლების მეტად გაუგებარი რიტორიკა, თანაც ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინას უჭერს მხარს. რამდენიმე დღის წინ `ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაახლოებით ამგვარი რამ თქვა, უკრაინის არამეგობრული დამოკიდებულება იმაში ჩანს, რომ `ნაციონალური მოძრაობის" წევრები, კრიმინალები თავისთან ჰყავსო და დაასახელა ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე, ახსენა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც... რამდენად სწორია დღევანდელ ვითარებაში ამის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება. თუ ეს პირები კრიმინალები არიან, რატომ ვერ მოახერხეს ამის უკრაინული მხარისთვის სამართლებრივად დამტკიცება?

- ჩვენი სამართალდამცავების მუშაობა თქვენ მიერ ნახსენებ თემაზე კრიტიკას რომ ვერ უძლებს, ეს ყველასთვის ცხადია და ამიტომ ამაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ გავა ხანი და უკვე აღარავის ემახსოვრება, თუ რატომ არ ჩავიდა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში, ან რატომ გამოაცხადა საქართველომ, არ ვუერთდები სანქციებსო, როდესაც რეალურად სანქციების ნაწილს უკვე შეერთებულია, თუმცა შეეძლო ამ მიმართულებით კიდევ გაეკეთებინა სხვა რამ. მეხსიერებაში დარჩება მხოლოდ ის, რომ უკრაინა ეომებოდა ბოროტების იმპერიას, ამ ომში მის გვერდით იდგა ცივილიზებული სამყარო, მთელი დასავლეთი, ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადიოდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა დასავლური ქვეყნების პირველი პირებიც, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის, მეგობარი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

ეს მოწვევა მარტო პაპუაშვილს კი არ გამოუგზავნეს, ის გაეგზავნა ყველა ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელობას. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩადიან უკრაინის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საქართველომ კი ეს არ გააკეთა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვინმეს სიამოვნებს ზელენსკის საყვედურები, ისეთი მკაცრი კილო, როგორითაც ელაპარაკება დასავლელ პოლიტიკოსებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოვისმინეთ მისგან მწვავე კრიტიკა აშშ-ის კონგრესში, გერმანიის პარლამენტში თუ გაეროს ტრიბუნიდან, მაგრამ ამის გამო მას არავინ გაბუტვია.

ზელენსკის განცხადებები ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ დღეს საკითხი დგას ძალიან მარტივად - ან დგახარ სიმართლის მხარეს და ებრძვი ბოროტების იმპერიას, ან სიმართლის წინააღმდეგ გამოდიხარ. ამგვარი პოზიციის დაკავება - მე ამ დაპირისპირებაში არ ვერევიო, უკვე შეუძლებელია. ჩვენ გვინდა თითქოს სადღაც შუაში დავრჩეთ - უკრაინას თან მხარს ვუჭერთ, თან მისი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ უცნაურ განცხადებებს ვაკეთებთ... შუაში დგომა დღეს არ გამოვა, რადგან სამყაროს წინაშეა ძალიან მკვეთრი არჩევანი, რომლის ერთ მხარესაც არის ნამდვილი ბოროტება, რომელიც ყოველდღიურად იღებს სულ უფრო ამორალურ და საზიზღარ სახეს, რეჟიმი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დამნაშავედ, და მეორე მხარეს არის დასავლური სამყარო, რომლის ნაწილიც გვსურს გავხდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამას ვამბობთ... ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ სამყარო დღეს, ფაქტობრივად, ეგზისტენციალური არჩევნის წინაშე დგას და სად იქნება საქართველო, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისად, სრულიად უმნიშვნელოა, ვის რატომ არ მოსწონს ზელენსკის გადაწყვეტილებები თუ ბუჩაში მისაპატიჟებლად გამოგზავნილი მოწვევის წერტილ-მძიმე... გააგრძელეთ კითხვა