"უმაღლესი რადას სპიკერის განცხადება არის აბსოლუტურად ობიექტური - ამ დროს ბუჩაში არ ჩასვლა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"უმაღლესი რადას სპიკერის განცხადება არის აბსოლუტურად ობიექტური - ამ დროს ბუჩაში არ ჩასვლა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება"

უმაღლესი რადას სპიკერის განცხადება არის აბსოლუტურად ობიექტური. ამ დროს ბუჩაში არ ჩასვლა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, - ასე აფასებს პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს მაქსიმალურად გაიფუჭოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები უკრაინასთან და ,,ამით ასიამოვნოს ჩვენს საერთო მტერ რუსეთის ფედერაციას”.

,,ეს პოზიცია, რომელიც კობახიძემ, პაპუაშვილმა და მათმა ძმებმა დაიკავეს არის ქვეყნის ინტერების საწინააღმდეგო და ემსახურება პირდაპირ კონფრონტაციას უკრაინის ხელისუფლებასთან. კობახიძის და პაპუაშვილის განცხადებებს წინ უძღოდა აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებები სანქციებთან არ შეერთებასთან დაკავშირებით და სხვა.

,,ქართული ოცნება” ცდილობს მაქსიმალურად გაიფუჭოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები უკრაინასთან და ამით ასიამოვნოს ჩვენს საერთო მტერ რუსეთის ფედერაციას, ამ ეჭვს ამყარებს ის განცხადებები, რომელიც გვესმის მათი ლიდერებისგან”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა. „არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, - აცხადებს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, "ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს."

ინტერპრესნიუსი