"ერთადერთი, რაც მათ შინიდან წაიღეს, დედის თხოვნა იყო" - რას ჰყვება უკრაინაში დაღუპული 21 წლის ნიკა შანავას ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, რაც მათ შინიდან წაიღეს, დედის თხოვნა იყო" - რას ჰყვება უკრაინაში დაღუპული 21 წლის ნიკა შანავას ახლობელი?

რუსეთ-უკრაინის ომში ქართველ მებრძოლთაგან ყველაზე უმცროსი, 21 წლის ნიკა შანავა დაიღუპა. ნიკა და მისი ძმა ლუკა ომში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წავიდნენ. წასვლის წინ დედამ უკვე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნახა. დედამ და ბებიამ ბევრი უშალეს, მაგრამ ბიჭებმა არ დაიშალეს: - ეს ჩვენი ომიც არის, ხვალ ჩვენ რომ არ დაგვიხოცონ ბავშვები, იმიტომაც უნდა წავიდეთო.

ერთადერთი, რაც მათ შინიდან წაიღეს, დედის თხოვნა იყო, - თუ მიდიხართ, სულ ერთად იყავით, ერთმანეთს არ დაშორდეთო. ასეც იყვნენ, მაგრამ სიკვდილმა დააშორა. ხარკოვთან ახლოს, იზიუმთან, ნიკა დაიღუპა, ლუკა კი დაიჭრა. სოციალურ სივრცეში ნიკა შანავას მიმართ მიძღვნილ უამრავ ტკივილიან სტრიქონს შორის, ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს შეხვდებით: "ნიკა, შენ საქართველოსთვის იბრძოდი"; "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"...

277996445-397134681912878-1149485343825396117-n-1649668562.jpg

გმირზე, რომელიც ბავშვობიდანვე ღირსებებითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა, მის მასწავლებელს - ინგა ჯინჯოლიას ვესაუბრე:

- ნიკას ამბავი ჩემთვის ენითაღუწერელი ტრაგედიაა და იმავდროულად - სიამაყეა. ტკივილს თავს ვერ ვაღწევ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ, თურმე, პატრიოტებისთვის მისწავლებია, ამ ბიჭებს, თურმე, თავიანთი ქვეყნის სიყვარული უსწავლიათ, პირველ რიგში, თორემ ახლა უკრაინაში საომრად ხომ არ წავიდოდნენ?! ნიკასთან ერთად, ლუკაც ჩემი მოსწავლე იყო. ის ნიკაზე ერთი წლით უმცროსია. ნიკა კი, საერთოდ, ბაგა-ბაღშიც ჩემს შვილთან ერთად დადიოდა. ამ ტრაგედიის გაგების შემდეგ მთელი ღამე გავათენე ნიკაზე დარდში. რა ვთქვა…

მასწავლებელს ყველა თავისი მოსწავლე უყვარს, თითოეულ მათგანში თავისი სიცოცხლის წილს დებს, მაგრამ ყველა მათგანს ხომ თავისი გამორჩეული თვისებები აქვს. ნიკა წარმოუდგენელი პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის ბიჭი იყო. რასაც იტყოდა და სიტყვას მოგცემდა, დარწმუნებული უნდა ყოფილიყავი, რომ ამ ნათქვამზე დაყრდნობა შეიძლებოდა, რადგან თავის სიტყვას არაფრით გადავიდოდა. ამასთანავე, საოცრად პატიოსანი იყო, რაც აუცილებლად მისდამი პატივისცემით განგაწყობდა.

278173949-661347901785367-4446198558711863904-n-1649668588.jpg

- ვაჟკაცის თვისებები ბავშვობიდანვე ჰქონია. ალბათ, მისი უმცროსი ძმებიც ასეთები არიან. ნიკას სამი უმცროსი ძმა ჰყავს. უმცროსები, როგორც წესი, უფროსისაგან იღებენ მაგალითს. გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას ლუკაც დაიჭრა. ღმერთმა მშვიდობით დაუბრუნოს დედამისს ლუკა.

- ლუკაც ზუსტად ისეთივე ღირსეული ბიჭია, როგორც მისი გმირი უფროსი ძმა იყო. როგორ ვთქვა... სამაგალითო, თითქოს, ასე მკაცრ და სტრესებით აღსავსე ცხოვრებაში მხოლოდ გახსენებითაც რომ გაგითბობს გულს.

ახლაც თვალწინ მიდგას ნიკას მზერა, მაგრამ ისევ ბავშვი მგონია. ასე მგონია, ჯერ წესიერად იარაღის ხმარებაც არ იცოდა და ასეთები ომში არ უნდა მიდიოდნენ. მაგრამ მან მხოლოდ კი არ გაბედა და წავიდა, გმირიც კი გახდა. ვუსამძიმრებ დედამისს, ვიცი, რომ ამ ტრაგედიას ვერანაირი სიტყვები ვერ დაამშვიდებს, ვერაფერი დათრგუნავს მის ტკივილებს, მაგრამ გმირი შვილები ჰყავს და ეს მას აუცილებლად უნდა ვუთხრა".

პ.ს. ნიკა შანავას სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. ძმის გადმოსვენებამდე ლუკაც უკრაინაში რჩება.

(სპეციალურად საიტისთვის)