"გამოკვეთილი არიან პირები, რომლებმაც კავილაძესა და ჭელიძეს მკვლელობა დაუკვეთეს...ვფიქრობ, მეზობელ ქვეყანაში დაიგეგმა" - ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"გამოკვეთილი არიან პირები, რომლებმაც კავილაძესა და ჭელიძეს მკვლელობა დაუკვეთეს...ვფიქრობ, მეზობელ ქვეყანაში დაიგეგმა" - ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის მოსამართლეს, დავით მგელიაშვილს მიმართავს.

სწორედ, აღნიშნულმა მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი. მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მოსამართლისგან სამართლიანი სასჯელის გამოტანას ითხოვს.

როგორც იზა ომაძე აღნიშნავს, მკვლელთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში მის შვილს ტერორისტული აქტი მოუწყო.

ნიკა კვარაცხელიას დედის განცხადებით, მტკიცებულებებით გამოკვეთილი არიან პირები, რომლებმაც გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს მკვლელობა დაუკვეთეს. იზა ომაძე დარწმუნებულია, პროკურატურა ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას დროულად დაასრულებს.

„თქვენო უზენაესობავ! შვიდი თვე გადის იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც საბჭოთა მენტალობამ, ვფიქრობ, მეზობელ ქვეყანაში დაგეგმა. დიახ, მათ საბჭოური მეთოდით მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც ამ უსასტიკეს დანაშაულზე წავიდნენ! განსასჯელის სკამზე ჯერ მხოლოდ ორი მოტყუებული მკვლელი და მათი ერთი მასპინძელი ზის! ცხრატომიან საქმეში კი ძალიან დასაბუთებულად, ყველა მტკიცებულებით არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კავილაძესა და ჭელიძეს. სწორედ კავილაძესაგან გახდა ცნობილი, როგორ მიატოვეს ის დამკვეთებმა გაგარინის მოედანზე დაქირავებულ ბინაში ჭელიძესთან ერთად. მათ თანამზრახველებს კი, დღეს კვალიფიკაციას რომ იმაღლებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დარწმუნებული ვარ პროკურატურა დროულად დაასრულებს ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას, ჩვენ ის ახალგაზრდები მონობისგან უნდა ვიხსნათ და ეს მხოლოდ კანონის აღსრულებით მოხდება.

12 აპრილს კი ჯერი თქვენზეა, პატივცემულო მისამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ, ნიკოს და-ძმების სახელით, იმ ხალხის სახელით, ვინც შვიდი თვეა ჩვენთან ერთად გლოვობს ნიკოს მოწამებრივ გასვლას ამ ქვეყნიდან. დიახ, მკვლელთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში ტერორისტული აქტი მოუწყო ჩემს შვილს! ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!

15 სექტემბერს, მარტო ნიკოსთვის არ უსვრიათ, ესროლეს ახალგაზრდების სურვილს, გააკეთონ შეუძლებელი საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის! არ წაახალისოთ მკვლელები ისე, როგორც ამას სამი უღირსი, 30 ვერცხლად გაყიდული უფლებადამცველი ვინმე ზაზა დათუკიშვილი, ონისე ონიანი და გიორგი ტურაზაშვილი აკეთებს!

ჩვენთვის შეჩერდა დრო, მაგრამ ჟამთასვლა გრძელდება…საშინელი ომის ფონზე, სადაც მშობლები შვილებს კარგავენ, მიჭირს ჩვენს ტრაგედიაზე საუბარი, მიჭირს საუბარი იმ დიდ პროექტებსა და წარმატებებზე, რომელიც ნიკოს ძალისხმევით ზეციდან ისევ გრძელდება და გაგრძელდება, დიახ, სიკეთით, წარმატებით და მაინც დიდი იმედით თუ დაამარცხებ ბოროტებას”, - წერს ომაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია

IPN