ვორონეჟის აეროდრომი, საიდანაც უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, შურისძიების სარაკეტო დარტყმის სამიზნე შეიძლება გახდეს... - კვირის პალიტრა

ვორონეჟის აეროდრომი, საიდანაც უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, შურისძიების სარაკეტო დარტყმის სამიზნე შეიძლება გახდეს...

ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ამ ომამდე, წლებით ადრე, ასეთი ანეგდოტი დადიოდა თავად რუსეთის სამხედრო წრეებში: პუტინი იბარებს თავდაცვის მინისტრ შოიგუს და ავალებს ამერიკისა და ევროპის იმ ქალაქების რუკაზე მონიშვნას, რომლებიც რუსეთმა უნდა დაბომბოს მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში. - ნიუ-იორკი იქნებ ამოვშალოთ, იქ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის - ლავროვის ქალიშვილი ცხოვრობს, - შეჰბედავს პუტინს შოიგუ. კარგი, ლონდონზე რას იტყვი? - იქ, თავად აბრამოვიჩის, ჩვენი მთავარი ოლიგარქის სასახლეებია... პარიზი? თქვენი პრესმდივნის - პესკოვის გოგოს აქვს სახლი ნაყიდი. აბა, რომელ ქალაქს დავარტყათ? - ბრაზდება პუტინი. ვორონეჟის დაბომბვა შეიძლება - იქ ჩვენი მთავრობის წევრების არც ერთი ახლობელი არ ცხოვრობს - პოულობს გამოსავალს შოიგუ...

ეს ანეგდოტი მალე შეიძლება რეალობად იქცეს, რადგან სწორედ რუსეთის ვორონეჟის სამხედრო აეროდრომზე ძალიან ილესავენ კბილებს უკრაინელი გენერლები, რადგან ამ აეროდრომიდან აფრენილი რუსული ბომბდამშენები ყველაზე ხშირად და დაუნდობლად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს...

9 აპრილს გადაღებული და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია თანამგზავრული ფოტოები, სადაც მოჩანს, რომ ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომი გადატენილია (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) სხვადასხვა კლასისა და ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით.

მაგრამ როგორი შეირაღება სჭირდება უკრაინას, რომ რუსეთის საბრძოლო ავიაცია მათსავე აეროდრომებზე დააზიანოს და გაანადგუროს და არ იწვალოს მათი სათითაოდ აღმოჩენისა და გაუვნებელყოფისთვის 1 300 კმ-დე გადაჭიმულ უკრაინის საჰაერო სივრცეში?

3-1649672850.png
რუსული და ბელარუსული სამხედრო აეროდრომების განთავსების რუკა უკრაინის საზღვრების სიახლოვეს

უკრაინას რუსეთის როსტოვის, კრასნოდარის, კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში, ასევე, ანექსირებულ ყირიმსა და მეზობელ ბელარუსში აკრავს 40-მდე სამხედრო აეროდრომი, საიდანაც აფრენილი რუსული თვითმფრინავები, შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები ბომბავენ მის ტერიტორიას.

ომის 47-ე დღის მდგომარეობით, აქამდე უკრაინამ საპასუხო დარტყმა მხოლოდ მილეროვოსა და ტაგანროგის სამხედრო აეროდრომებს მიაყენა „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტებით, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დარტყმად იქცა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.

მას შემდეგ ასეთი სარაკეტო შეტევები რუსულ სამხედრო აეროდრომებზე აღარ განხორციელებულა (უკრაინული „მფრინავი ნიანგების“ წარმატებული საჰაერო რეიდის სამიზნე ბელგოროდის ნავთობბაზა გახლდათ), შეიძლება იმიტომაც, რომ „ტოჩკა-უ“-ების რაკეტების მარაგი უკრაინელებს ელევათ, ამასთან, რუსეთმა მოახერხა უკრაინის საზღვრისპირა რაიონების (მათ შორის - ხარკოვის მისადგომების, დონბასისა და ხერსონი-მარიუპოლის ხაზის) დროებითი ოკუპაცია, რის გამოც უკრაინული „ტოჩკა-უ-“ების სასტარტო პოზიციებმა ქვეყნის სიღრმეში დაიხიეს და ამ რაკეტების მოქმედების მაქსიმალური მანძილი - 120 კმ უკვე აღარაა საკმარისი, რომ რუსულ სამხედრო აეროდრომებს მისწვდნენ.

ამ მომენტისთვის უკრაინელების ყველაზე შორსმოქმედ „შურისძიების იარაღს“ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები - „ნეპტუნები“ წარმოადგენენ, მაგრამ ისინი 280 კმ მაქსიმალურ მანძილზე მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების დაზიანება-ჩაძირვისთვის თუ გამოდგება, ვიდრე - აეროდრომის გაშლილ ფართობზე გაფანტული სამიზნეების დასაზიანებლად, რისთვისაც კასეტური ქობინებია საჭირო.

შეიძლებოდა, უკრაინელ პილოტებს ეცადათ, შემორჩენილი მოიერიშე თვითმფრინავებით დაებომბათ უკრაინისსაზღვრებიან 200-300 კმ-ში მდებარე რამდენიმე რუსული სამხედრო აეროდრომი, მაგრამ ეს სუფთა წყლის კამიკაძეობა გამოვიდოდა, რადგან ამ რუსული აეროდრომების სიახლოვეს მეტ-ნაკლებად ძლიერი საჰაერო თავდაცვის ეშელონირებული ზღუდეებია მოწყობილი.

რჩება რამდენიმე სახის გამოსავალი - იმავე ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომის, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან (იქ, სადაც უკრაინელებმა კონტროლი დაიბრუნეს) პირდაპირი ხაზით, 250 კმ-ითაა დაშორებული, დაბომბვა იმ დასავლური წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე - დრონი-კამიკაძეებით, რომლებიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა და, პირველ რიგში, აშშ-მა შეიძლება გადასცეს უკრაინელ სამხედროებს...

2-1649672803.jpg
ამერიკული M142 HIMARS -ის კიევისთვის გადაცემის შემთხვევაში, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომებს კარგი დღე არ ელით

დღეს ვრცელდება ცნობილი ამერიკული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ პენტაგონიდან გამოჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია მომწიფდა იმისთვის, რომ უკრაინას გადასცეს უფრო შორს მოქმედი შეიარაღება, რომლის გამოყენებითაც უკრაინელ სამხედროებს შეეძლებათ შურისძიების დარტყმების მიყენება იმ რუსულ აეროდრომებზე, საიდანაც ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ტერიტორია...

თუ ეს სენსაციური ინფორმაცია ახლოა სიმართლესთან, გამოდის, რომ დასავლეთი „ლენდ-ლიზის“ ახალ ეტაპზე გადადის და უკრაინის არმიის გადაიარაღებას შემტევითი დანიშნულების სისტემებით იწყებს, რომელთა შორის შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M142 HIMARS -ი, რომელსაც MGM-168A ATACMS Block 4A ტიპის ოთხმეტრიანი მართვადი ბალისტიკური რაკეტის გაშვება მაქსიმალურ 270 კმ-მდე შეუძლია, მიზანთან 10-20 მ-ის მოხვედრის სიზუსტით (რასაც დამიზნების ინერციული სისტემა და „ჯი-პი-ესი“ უზრუნველყოფენ), ხოლო რაკეტის 227 კგ მასის მსხვრევად-ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინი აფეთქების ადგილის სიახლოვეს დაუზიანებელს არავის და არაფერს დატოვებს...