ვინ იყო ოდესაში თავგანწირული 32 წლის ქართველი მეცნიერი, რომლის ცხედარს ქუთაისში 20 ათასი კაცი დახვდა - კვირის პალიტრა

ვინ იყო ოდესაში თავგანწირული 32 წლის ქართველი მეცნიერი, რომლის ცხედარს ქუთაისში 20 ათასი კაცი დახვდა

"რუსეთ-იაპონიის ომის დროს რუსეთმა ებრაელთა დარბევის ახალი ტალღა ააგორა. აბობოქრებული ბრბო ებრაელებს შავრაზმელების ხელმძღვანელობით ხოცავდა... 1905 წელს ებრაელების ამგვარი ჟლეტა ოდესაში მოხდა... უბედურების ადგილზე მისაშველებლად გაქცეულა საბა კლდიაშვილი, ხალხი გააპო, გამოეყო მათ და ხელებგაშლილი წინ აეფარა ებრაელებს...", - საბა კლდიაშვილის შესახებ ქართულ-ებრაული ურთიერთობების მკვლევარი - მამუკა აშვეთია და ამერიკაში მცხოვრები მხატვარი - ცისანა ჯანაშვილი, რომელმაც იგი დახატა, ასეთ ფაქტებს გვიამბობენ...

მამუკა აშვეთია:

საბა კლდიაშვილი - ებრაელებისთვის თავგანწირული ქართველი, ხასიდი უმოთაყოლამი...

1905 წლის 5 ოქტომბერს ოდესაში ანტისემიტურმა ტალღამ პიკს მიაღწია. გავეშებული ბრბო არ ინდობდა არც ქალს, არც ბავშვს. ქუთაისელმა კაცმა, 32 წლის ქიმიკოსი საბა კლდიაშვილი, როცა შეიტყო მომხდარის შესახებ, მაშინვე ებრაელთა უბნისკენ გაეშურა, სადაც შემზარავი სურათები ერთმანეთს ენაცვლებოდა... მალე შეაღწია უბანში, მკერდით თუ ხელით ხან ერთ მსხვერპლს ეფარებოდა და ხან - მეორეს. საბა კლდიაშვილი იქვე გარდაიცვალა... ეს მოხდა დღის ორ საათზე. იმ დღეს კი სულ ოდესაში 1100 ებრაელი მოჰკლეს, ხოლო 3000 - დაჭრეს და დაასახიჩრეს.

44458594-2188056917871261-7870339965748510720-n-1649675011.jpg

საბა ოდესიდან ბათუმში გადმოასვენეს, სადაც სამგლოვიარო პროცესიას ბათუმის აშკენაზი ებრაელობა ხელმძღვანელობდა. ბათუმიდან ქუთაისამდე მატარებელს ყოველ გაჩერებაზე ადგილობრივი ებრაელები ხვდებოდნენ. ქუთაისში ცხედარს 20 000 კაცი დახვდა. დაკრძალვაზე ასობით გვირგვინს შორის გამოირჩეოდა ქუთაისელ ებრაელთა ერთი ოქროს და ორი ვერცხლისლენტიანი გვირგვინი, გვირგვინის არშიები დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული...

გარდაცვლილს ებრაულ ენაზე უგალობეს... საბა კლდიაშვილი საფიჩხიის სასაფლაოზე განისვენებს.

აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ისრაელში საქართველოდან ახალი წასული ქართველი ებრაელების ინიციატივით, ქალაქ აშდოდის ერთ-ერთ ქუჩას საბა კლდიაშვილის სახელი ეწოდა. გასულ წელს კი მის მშობლიურ ქალაქში მერიის შენობის გვერდით არსებულ სკვერს საბა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა.

83278218-3047639238579687-6331421525387771904-n-1649674984.jpg

ცისანა ჯანაშვილი, ამერიკაში მცხოვრები მხატვარი:

საბა კლდიაშვილი - ქართველი შინდლერი

- მეცნიერი, ქიმიკოსი, პუბლიცისტი, ეროვნული გმირი საბა კლდიაშვილი დაიბადა 1873 წელს, 2 თებერვალს, ქუთაისში. მეოცე საუკუნის დასაწყისში საბა კლდიაშვილი ქ.ოდესის უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც სტუდენტთა პრაქტიკულ დაოსტატებას ხელმძღვანელობდა...

რუსეთ-იაპონიის ომის დროს რუსეთმა ებრაელთა დარბევის ახალი ტალღა ააგორა. აბობოქრებული ბრბო, შავრაზმელების ხელმძღვანელობით, ხოცავდა ებრაელებს. 1905 წელს ებრაელების ამგვარი ჟლეტა ოდესაში მოხდა.

სასოწარკვეთილმა ერმა ერთადერთ იმედს - ღმერთს მიმართა ლოცვით. მოსაკლავად განწირულებს წინ ციცით მოსხმული მოხუცები უძღოდნენ თორით ხელში, ბიბლიურ საგალობლებს გალობდნენ და ასე ეგებებოდნენ სიკვდილს. ჯალათებმა მლოცველებს ტყვიები დაუშინეს.

1905 წლის 5 ოქტომბერს საბა ადრე მივიდა ლაბორატორიაში და ქიმიური ცდების ჩატარება განაგრძო. „კავკასიის მებრძოლთა რაზმის” წევრებმა მას საზარელი ამბავი ამცნეს, რისი მოწმეც თავად გამხდარიყვნენ... ოდესაში რომ უდანაშაულო ებრაელების ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა, არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს... უბედურების ადგილზე მისაშველებლად გაქცეულა საბა კლდიაშვილი. ხალხი გააპო, გამოეყო მათ და ხელებგაშლილი წინ აეფარა ებრაელებს... იმ დროს საბა კლდიაშვილი 32 წლის იყო.

საბა ბათუმში ჩამოასვენეს. ოჯახის წევრების გარდა, ახლოს არავის უშვებდნენ, მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა მოახერხა, კუბოსთან მიიჭრა და თქვა:

“ძვირფასო ადამიანო, შენ ჩვენთვის გასწირე საკუთარი სიცოცხლე, შენი მეცნიერება, შენი ყველაფერი. ჩვენი საცოდავი ხალხის მისაშველებლად გამოხვედი, შენც იგივე გხვდა წილად, რაც ჩვენებს და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ შენს ჩვენდამი გულკეთილობას, შენს სახელს, ჩვენთვის ძვირფას სახელს, გმადლობთ, ძვირფასო ადამიანო! შეჩვენება შენს მკვლელებს, ჩვენს მტარვალს!”, - მწარედ აქვითინებული ჯარისკაცი ებრაელი იყო...

1989 წლის ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნებაში” აკაკი გელოვანის სტატიაა - “მიხეილ ჯანაშვილის გახსენება”, სადაც წერს: “მიშამ ერთხელ მითხრა: მინდა, საბა კლდიაშვილი დავხატო, მასალებს ვეძებო"... აი, იმ ლამაზი ვაჟკაცის დახატვა სურდა მიშას, ვინც ოდესღაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ებრაელები... კაცი ყველაფერს ვერ მოასწრებს, ხელოვნება უკიდეგანოა, სიცოცხლე მოკლე...”

მამაჩემის - მიშა ჯანაშვილის ჩანაფიქრი დღეს მე განვახორციელე! საბა კლდიაშვილის ერთი ფოტოა შემონახული, სადაც სახის ნაკვთები არ ჩანს, მეტად ბუნდოვანია. მისი პორტრეტი ჩემი წარმოდგენით დავხატე!

received-3152661706708221-1649674937.jpeg

მოვძებნე ჩემს ბიბლიოთეკაში გურამ ბათიაშვილის წიგნი - “ვარ დარაჯი ჩემი ძმისა”, რომელიც მისახსოვრა 1997 წელს, თბილისში, როდესაც გამოფენით ვიყავი მიწვეული. ამ წიგნშია მისი წერილი საბა კლდიაშვილზე.

ავტორის წინათქმა:

“და როდესაც მინდორში იყვნენ, აღდგა კაენი თავისი ძმის, აბელის წინააღმდეგ და მოკლა იგი. და უთხრა უფალმა კაენს: სად არის აბელი, შენი ძმა? და მან უთხრა: არ ვიცი, განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ”, - ვკითხულობ ბიბლიაში....

...დღეს, ჩვენს მკაცრ დროში, ისე როგორც არასოდეს, საჭიროა გვესმოდეს მოძმის გასაჭირი, ადამიანი იყოს დარაჯი თავის ძმისა.”

(სპეციალურად საიტისთვის)