"ვერ ვიტყვი, რომ კიევისთვის ბრძოლა მოვიგეთ - უკრაინისთვის გამარჯვება წინ არის" - კვირის პალიტრა

"ვერ ვიტყვი, რომ კიევისთვის ბრძოლა მოვიგეთ - უკრაინისთვის გამარჯვება წინ არის"

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ფაქტი, რომ უკრაინამ კიევის დაცვა მოახერხა, საბოლოო გამარჯვება არ არის.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 Minutes“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ კიევისთვის ბრძოლა მოიგო.

„მგონია, რომ კი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ვერ იტყვი, რომ ჩვენ კიევისთვის ბრძოლა მოვიგეთ. ამის თქმა მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია, როდესაც მოვიგებთ ამ ომს, როცა გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს“, - უპასუხა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ქალაქი ბუჩა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკე ჩაიდინეს, დიდი კიევის ნაწილია.

"ბუჩა, ირპინი, გოსტომელი - თუ იქაური ხალხი მთლიანად განადგურდა, მოვიგეთ თუ არა ეს ბრძოლა? ამაში დარწმუნებული არ ვარ! ჩვენ გავუძელით და არ დავნებდით. ამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია. მოვიგეთ თუ არა - ამას, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, იმ ტერიტორიებს, რომლისთვისაც მისი ჯარი იბრძვის, არ აქვს აზრი, თუკი იქ ხალხი არ იცხოვრებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, გამარჯვება მაშინ მოვა, როდესაც დაბომბვები დასრულდება და მოსახლეობა დაბრუნდება.

„მესმის, რომ ისინი [ოკუპანტები] კიევს არ დატოვებენ. ისიც მესმის, რომ მათთან უკრაინის დასავლეთ ნაწილში, დონბასში ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების გამო დიდხანს ვიომებთ და ვივაჭრებთ. ყველაფერს ვიაზრებ, თუმცა ახლა არც კიევში მივსულვართ გამარჯვებამდე - ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერჯერობით, ეს არის ცარიელი ქალაქი. როდესაც დაბრუნდება ხალხი, ალბათ, გამარჯვებაც ეს იქნება. ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის გამარჯვება წინ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

IPN