რას აცხადებს ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ?

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დღეს განაცხადა, რომ ის არ არის "განსაკუთრებით ოპტიმისტური“ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიმართ. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

"პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ, ამჟამად მე არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტური. შეტევა უკრაინაში მზადდება მონდომებით", - აღნიშნა ნეჰამერმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

კანცლერმა დასძინა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს "ფაქტებით" დაუპირისპირდა.

"მე ნათლად ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ მის დამოკიდებულებას, მის შეხედულებას არავინ იზიარებს. ის ამას რუსეთის ფედერაციის ერთგვარ თავდაცვით ოპერაციად თვლის. ის ამას უწოდებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს. მე ამას ომს ვეძახი", - თქვა მან.

კანცლერის თქმით, ასევე ნათელი და გასაგები იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს ნდობა რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

კარლ ნეჰამერის თქმით, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ომის დანაშაულებებში "ყველა პასუხისმგებელი პირი" უნდა დაისაჯოს და გააფრთხილა, რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება მანამ, სანამ ადამიანები იღუპებიან უკრაინაში.

”მე აღვნიშნე სერიოზული ომის დანაშაულებები ბუჩასა და სხვა ადგილებში. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს”, - დასძინა ნეჰამერმა.

"ინტერპრესნიუსი"