"ეფ-ეს-ბე" აფეთქებს უკრაინის სპეცსამსახურების ოფიცრებს: სამი ტერაქტი ერთი ხელწერით - კვირის პალიტრა

"ეფ-ეს-ბე" აფეთქებს უკრაინის სპეცსამსახურების ოფიცრებს: სამი ტერაქტი ერთი ხელწერით

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდგ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რამდენიმე სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით საინტერესო 2016 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ყირიმში, არმიანსკის რაიონში დაგეგმილი სპეცოპერაციაა. 2016 წლის 6 აგვისტოს, პუტინის ყირიმში ვიზიტის წინა დღეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა: პოლკოვნიკებმა მაქსიმ შაპოვალმა (მეთაური), ალექსანდრე გრომოვმა, მაიორმა კირილ ბუდანოვმა და კიდევ ოთხმა სპეცრაზმელმა ფარულად შეაღწიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გასაგები მიზეზების გამო უცნობია ამ სპეცოპერაციის კონკრეტული სამიზნეები, თუმცა ღალატის გამო, მათ ვერ შეძლეს ამოცანის შესრულება, რადგანაც რუსეთის ეფ-ეს-ბეს სპეცრაზმი ჩასაფრებაში მათ უკვე ელოდა. ორმხრივი სროლების შემდეგ ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. უკრაინელებმა დავალების შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა ყირიმის დატოვება მოახერხეს. მათი ვინაობა ცნობილი გახდა. ამის შემდეგ, პუტინის განკარგულებით ეფ-ეს-ბემ “ნადირობა” დაიწყო უკრაინის სპეცსამსახურების ოფიცრებზე: როგორც სამხედრო მზვერავებზე, ასევე უკრაინელ კონტრმზვერავებზე. ამ მიზნებისთვის ოკუპირებულ დონეცკში შექმნეს “სპეცოპერაციების ცენტრი”, რომელიც ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობით გეგმავდა და ახორციელებდა ტერაქტებს უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დონეცკის ოლქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ორმოცი წლის პოლკოვნიკი ოლექსანდრ ჰარაბერიუში მარიუპოლში 2017 წლის 31 მარტს ავტომობილში ააფეთქეს. ის აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური წევრი იყო. მისი ხელმძღვანელობით დააკავეს რუსეთის მრავალი აგენტი.

1-1649742096.jpg
ოლექსანდრ ჰარაბერიუში

ამიტომაც ეფ-ეს-ბეს პრიორიტეტული მიზანი ჰარაბერიუშის ლიკვიდაცია გახდა და ამისთვის მათ უკრაინის დონეცკის მცხოვრები იულია პრასოლოვა მოამზადეს, რომელსაც 15 000 დოლარი გადაუხადეს. 30 მარტს ღამით პროსოლოვამ ასაფეთქებელი მოწყობილობა Toyota-ს ქვეშ მიამაგრა. მეორე დილას ის აკვირდებოდა, თუ როდის წავიდოდა ჰარაბერიუში სამსახურში. 8.30-ზე პროსოლოვამ მის ნომერზე დარეკა და ავტომობილიც აფეთქდა. ოლექსანდრ ჰარაბერიუში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2-1649742160.jpg
ოლექსანდრ ჰარაბერიუშის ავტომობილი აფეთქების შემდეგ

ტერაქტის შემდეგ აფეთქების შემსრულებელი იულია პროსოლოვა დონეცკში გაიქცა, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა სათვალთვალო კამერების დახმარებით შეძლო მისი პიროვნების დადგენა. 2018 წლის ოქტომბერში პროსოლოვა ოდესაში დააკავეს, მან დანაშაული აღიარა და 12 წელი მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ პროსოლოვა (სხვა რუს დივერსანტებთან ერთად) რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელებზე გაცვალეს.

ეფ-ეს-ბეს შემდეგი მსხვერპლი პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი მეთაური (ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რეზერვს ხელმძღვანელობდა) გახდა.

3-1649742249.jpg
მაქსიმ შაპოვალი (1978-2017)

ეფ-ეს-ბეს გეგმის მიხედვით ტერაქტი ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს სპეცოპერაციების ცენტრის” თანამშრომელს ოლეგ შუტოვს უნდა განეხორციელებინა. შუტოვი სეპარატისტული რეგიონიდან პრობლემების გარეშე ჩავიდა კიევში და ბინა იმ სახლში იქირავა, სადაც მაქსიმ შაპოვალი ცხოვრობდა. შუტოვმა ასევე იქირავა პარკინგის ადგილი შაპოვალის მანქანის გვერდით და ღამით ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვეშ მიამაგრა.

2017 წლის 27 ივნისს დილით მაქსიმ შაპოვალის Mercedes-Benz კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობისას აფეთქდა, უკრაინელი სამხედრო მზვერავი ადგილზე დაიღუპა. ტერაქტის ორგანიზატორებმა და შემსრულებელმა მიმალვა მოახერხეს. პრეზიდენტმა პოროშენკომ შაპოვალს გარდაცვალების შემდეგ უკრაინის გმირის და გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

4-1649742343.jpg
მაქსიმ შაპოვალის ავტომობილი აფეთქების შემდეგ

ეფ-ეს-ბეს შემდეგი სამიზნე 2016 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, სპეცრაზმის ოფიცერი კირილ ბუდანოვი აღმოჩნდა. 2019 წლის 4 აპრილის ღამეს კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე Chevrolet Evanda-ს მარკის ავტომობილი აფეთქდა. გენერალურმა პროკურატურამ აფეთქებას უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელზე თავდასხმად შეაფასა. თუმცა მაშინ გვარი არ დასახელებულა.

სათვალთვალო კამერებიდან გადაღებულ ფირზე კარგად ჩანს, თუ როგორ იმალება მამაკაცი ავტომობილის გვერდით და რამდენიმე წამში ისმის აფეთქების ხმაც: მან მანქანის ქვეშ ნაღმის დადება სცადა, გაააქტიურა ნაღმის დეტონატორი თუმცა ხელში აუფეთქდა და მარჯვენა ხელი, იდაყვს ქვემოთ დაკარგა. წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის შედეგად უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოახერხა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის დაკავება, რომლებმაც მოაწყვეს ბუდანოვის მკვლელობის მცდელობა. უშუალო შემსრულებელს აღმოუჩინეს ყირგიზეთის მოქალაქის, “ალექსეი ლომაკოს” პიროვნებაზე გაცემული პასპორტი. მძიმედ დაშავებული დივერსანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსეთის მოქალაქე ალექსეი კომარიჩევი აღმოჩნდა. მალევე უკრაინის კონტრდაზვერვამ დააკავა, რუსეთის მოქალაქე თემურ ძორტოვი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ეფ-ეს-ბეს აგენტურიდან, რომლებიც მათ უკრაინაში ეხმარებოდნენ.

5-1649742449.jpg
კირილ ბუდანოვი

მათ შორის იყო ეფ-ეს-ბეს აგენტი, უკრაინის მოქალაქე, სახელმწიფო ფისკალური სამსახურის თანამშრომელი რუსლან ტკაჩუკი, ის დაეხმარა რუსეთის სპეცსამსახურებს ბუდანოვის მანქანაზე დაკვირვებაში. ტკაჩუკს ჰქონდა წვდომა კიევის "უსაფრთხო ქალაქის" ვიდეოთვალთვალის სისტემაზე - რამდენიმე ათასი ვიდეოკამერის ქსელზე. ამ კამერების საშუალებით ტკაჩუკი თვალყურს ადევნებდა ბუდანოვის მანქანის გადაადგილებას და ინფორმაციას კიევში ეფ-ეს-ბეს რეზიდენტურას გადასცემდა. რუსეთის ფედერაციის ორივე მოქალაქე, ალექსეი კომარიჩევი და თემურ ძორტოვი, ყირგიზეთის პასპორტს აფარებდნენ თავს.

6-1649742518.jpg
კირილ ბუდანოვის ავტომობილი აფეთქების შემდეგ

დავუბრუნდეთ კირილ ბუდანოვს, რომლის შემდგომი კარიერა ამ წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ ძალზე სწრაფად განვითარდა. კირილ ბუდანოვი დაიბადა 1986 წლის 4 იანვარს კიევში. 2007 წელს დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, რის შემდეგაც დაიწყო სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმში, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 2014 წლის გაზაფხულიდან იგი მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში აღმოსავლეთ უკრაინაში. 2018 წლიდან 2020 წლამდე ბუდანოვი სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა. 2020 წელს დანიშნეს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი დეპარტემენტის დირექტორის მოადგილედ. 2020 წლის 5 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 34 წლის პოლკოვნიკი ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა. ამ პოსტზე ბუდანოვმა შეცვალა ვასილი ბურბა, რომელსაც 2020 წლის ივლისის ბოლოს “ვაგნერის ჯგუფის” შემოტყუებისა და დაკავების სპეცოპერაციის ჩავარდნის შემდეგ ძალზე დაეძაბა ურთიერთობა ზელენსკისთან.

დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 24 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბუდანოვს ბრიგადის გენერლის, ხოლო ამა წლის 3 აპრილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰყავს საკუთარი აგენტები რუსეთში, მათ შორის კრემლში, პუტინის ადმინისტრაციაში. მისი თქმით, უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ სფეროებში შეღწევა და ბევრ ინფორმაციას იღებს ოკუპანტის განზრახვების შესახებ. როგორც იტყვიან, შენს პირს შაქარი კირილ, ახლა მთავარია, როგორ გამოიყენებთ ამ ინფორმაციას!