„სირცხვილი, საყვედური და დანაშაულის გრძნობა - ვინ და რატომ არიდებს თავს უკრაინის არმიაში სამსახურს“ - NYT - კვირის პალიტრა

„სირცხვილი, საყვედური და დანაშაულის გრძნობა - ვინ და რატომ არიდებს თავს უკრაინის არმიაში სამსახურს“ - NYT

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „სირცხვილი, საყვედური და დანაშაულის გრძნობა - ვინ და რატომ არიდებს თავს უკრაინის არმიაში სამსახურს“ (ავტორები - ჯეფრი გეტლმანი და მონიკა პრონჩუკი). მასალაში განხილულია იმ უკრაინელი მამაკაცების მოტივაცია, ვინც თავს არიდებს ომის დროს ეროვნულ არმიაში სამსახურს და სამშობლოს დაცვაში არ მონაწილეობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ახალგაზრდა და მოდური კიეველი ფოტოგრაფი ვოვა კლევერი რუსეთ-უკრაინის ომში თავის ადგილს ვერ ხედავს: „ძალადობა ჩემი საქმე არ არის“, - ასეთია მისი რწმენა. ამიტომაც, როცა რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო „სპეცოპერაციის“ შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ფარგლებიდან ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცების გასვლა აკრძალა, ვოვა კლევერმა მოახერხა და ლონდონში მიიმალა. მაგრამ მან ერთი შეცდომა დაუშვა, შორს მიმავალი შედეგებით - ამის შესახებ მეგობარს მიწერა და გააგებინა.

მეგობარმა კი ბოროტად ისარგებლა ვოვას ნდობით და მიმოწერა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პოსტი ვირუსად იქცა: ატყდა ისეთი აჟიოტაჟი, რომ ინტერნეტი პირდაპირ აფეთქდა - რისხვითა და გულისწყრომით. „ჩათვალე, რომ უკვე გვამი ხარ, - ნათქვამია ერთ ტვიტში, - იცოდე, სადაც უნდა იყო, ყველგან გიპოვით“.

უკრაინელები, განსაკუთრებით - ახალგაზრდა მამაკაცები, მტერთან მეომარი სამშობლოდან გარბიან და ცხოვრებისათვის საზღვარგარეთ უსაფრთხო ადგილს ირჩევენ. მოსახლეობის წინაშე ერთ-ერთი უმძიმესი ზნეობრივი დილემა დადგა - ბრძოლა თუ გაქცევა.

იმ მიზნით, რომ მტერთან ბრძოლისთვის თავი აერიდებინათ, ქვეყანა უკვე ათასობით სამხედრო სამსახურში გასაწვევი ასაკის მამაკაცმა დატოვა: ამას მოწმობს როგორც რეგიონული სამართალდამცავი ორგანოების მონაცემები, ასევე - ინტერვიუები ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან, როგორც უკრაინის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ. გაქცეული ახალგაზრდების საზღვრებზე გადაყვანით ახლადმოვლენილი „კონტრაბანდისტები“ არიან დაკავებული, რომლებმაც ერთობ აქტიური ბიზნესი წამოიწყეს - როგორც, მაგალითად, მოლდოვას ან სხვა ქვეყნების საზღვრებზე. მოლდოველი ჩინოვნიკების თქმით, ზოგიერთი მამაკაცი მზად არის 15 000 დოლარიც კი გადაიხადოს, რომ საზღვარზე ღამით ჩუმად გადაიყვანონ.

ჩვეულებრივ, ლტოლვილთა საერთო ნაკადში ჯარში სამსახურიდან თავის ამრიდებლები გამონაკლისია, რადგან მათთვის ყველას თვალწინ ასე ყოფნა ძნელია - როგორც მორალურად, ისე - ყოფითი თვალსაზრისით. ომში, როცა საზოგადოება მობილიზებულია, როცა უამრავი უკრაინელი მოხალისედ ეწერება, ამ დროს თავის არიდება ძნელი ხდება. უკრაინის მთავრობამ ყველა ძალის ერთ მუშტად შეკვრისათვის, უკიდურესი ნაბიჯი გადადგა და 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

ამიტომაც ისინი, ვისაც არმიაში სამსახური არ სურთ, შემოვლითი, არალეგალური გზებით გადადიან უნგრეთში, მოლდოვაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. მაგრამ იმათაც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გააკეთეს, სინანული არ ასვენებთ, სირცხვილსა და სინდისის ქენჯნას გრძნობენ.

„ჩემგან კარგი ჯარისკაცი მაინც არ დადგებოდა“, - ამბობს პროგრამისტი ვლადიმერი, რომელიც უკრაინიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გაიქცა. იგი თავის გვარს არ ამხელს - ეშინია, ვაითუ, სამართლებრივი დევნა დაუწყონ. „აბა, შემომხედეთ, - მეუბნება ვლადიმერი, რომელიც ვარშავის კაფეში მაგიდასთან ზის და ლუდს წრუპავს, - სათვალეს ვატარებ, 46 წლის ვარ. განა მე კლასიკურ მებრძოლს ვგავარ? განა მე ვგავარ იმ რემბოს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს ჯარს?“. მან ლუდი ბოლომდე დალია და შემდეგ კათხის ძირს ჩააჩერდა: „დიახ, მრცხვენია, რომ გამოვიქეცი და ეს, ალბათ, ჩემთვის პირველი დანაშაულია“.

უკრაინელი პოლიტიკოსები ქვეყნიდან გაქცეულ თავის ამრიდებლებს საპყრობილეში ჩაჯენითა და ქონების კონფისკაციით დაემუქრნენ, თუმცა თვით საზოგადოებაში განწყობა სხვადასხვანაირია. და ეს ხდება იმ დროს, როცა ქალაქებს ბომბავენ.

ამას წინათ ასეთი დევიზი გაჩნდა - „გააკეთე რაც შეგიძლია იქ, სადაც შენ ხარ“, რომელიც აშკარად იმათი მოქმედების გასამართლებლად და დანაშაულის შესარბილებლად არის მოგონილი, ვინც საზღვარგარეთ წავიდა და თავს უშველა. თითქოსდა ერთგვარი მინიშნებაა, რომ მათაც, გარკვეულწილად, შეუძლიათ მტერთან ბრძოლაში თავიანთი წვლილის შეტანა.

რასაკვირველია, ლტოლვილთა უმეტესობას - ბავშვებს და ქალებს არავინ აკრიტიკებს, მაგრამ ახალგაზრდების მიმართ სულ სხვაგვარი მიდგომაა. სწორედ ამიტომ „დაზარალდა“ კიეველი ფოტოგრაფი ვოვაც.

ოლღა ლეპინა, სამოდელო სააგენტოდან, ჰყვება: „მარტის შუა რიცხვებში ვოვა კლევერმა ჩემს ქმარს შეატყობინა, რომ ლონდონში იმყოფება. ქმარი გაოცდა - ოჰო, როგორ მოახერხე? - როგორ და უნგრეთში გადავედი, კონტრაბანდისტებმა საზღვარზე ხუთი ათას დოლარად გადამიყვანეს... მხოლოდ არავის უთხრა, კრინტი არსად დაძრა“.

ოლღა ლეპინას თქმით, ის და მისი ქმარი ვოვა კლევერთან დიდი ხანია, მეგობრობენ, ვოვა მათ ქორწილშიც კი იყო. „როცა უკრაინაში რუსეთის ჯარი შეიჭრა, ფოტოგრაფმა გადაჭარბებული "პატრიოტობა" დაიწყო და ინტერნეტში მათ, ვინც კი ოდნავ ლოიალობას გამოავლენდა [რუსი ეროვნების მიმართ], შეურაცხყოფასაც კი აყენებდა. და ამ დროს ასეთმა ადამიანმა უცებ გუდა-ნაბადი აიკრიფა და საზღვარგარეთ მოუსვა. ამიტომაც ჩემი ქმარი ძალიან გაბრაზდა და მიმოწერა Instagram-ში გამოაქვეყნა“.

„ჩემი აზრით, ვოვას საქციელი თვალთმაქცობაა. საზღვარგარეთ გაიქცა, თანაც ფული გადაიხადა“, - განმარტავს ოლღა ლეპინა. იგი თვლის, რომ ვოვამ თავისი საქციელისთვის პასუხი უნდა აგოს.

ვოვა კლევერს - იგი 20 წელზე ცოტა მეტი ხნისაა - მუქარა დაუწყეს, ანგარიშსწორების მიზნით. ბევრი თვლის, რომ მან ისარგებლა თავისი სიმდიდრით, ფული გადაიხადა და თავს უშველა. „ვერც წარმოიდგენთ, როგორ სიძულვილს აფრქვევდნენ და როგორ მაგინებდნენ“, - დაიჩივლა მან.

კითხვაზე, როგორ და რა გზებით დატოვა უკრაინა, ვოვა კლევერი ორჭოფულად ლაპარაკობს და რამე კონკრეტულს არ ამბობს.

თუმცა ცნობილია, რომ უკრაინელი მამაკაცებისათვის „თავისუფლების სიმბოლოდ“ მოლდოვას საზღვარი იქცა.

მოლდოვა-უკრაინის საზღვარი თითქმის 1300 კილომეტრის სიგრძისაა. უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთისაგან განსხვავებით, მოლდოვა ევროკავშირში არ შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საზღვრები ნაკლებად არის დაცული და კონტროლი სუსტია. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, ადამიანებით ვაჭრობისა და ორგანიზებული დამნაშავეობის ცენტრი.

მოლდოველი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოლდოველმა ბანდიტებმა, რომლებიც ადამიანთა „კონტრაბანდითაც“ არიან დაკავებულნი, „ტელეგრამში“ განცხადებები გამოაქვეყნეს და უკრაინის ჯარში გაწვევისაგან თავის ამრიდებლებს სამსახური შესთავაზეს - ავტომობილები და მიკროავტობუსებიც კი.

მოლდოველი სამართალდამცველების თქმით, კონტრაბანდისტები, ჩვეულებრივად, თავიანთ კლიენტებს ღამით შეხვედრის ადგილს უთითებენ „მწვანე საზღვართან“ ახლოს (ასე უწოდებენ საზღვრის მოუწყობელ, ღია უბნებს), შემდეგ კი მოლდოვის ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

ამას წინათ მოლდოველი მესაზღვრეების ჯგუფი მუხლამდე ტალახში მისდევდა კონტრაბანდისტებს და საზღვრის დამრღვევ უკრაინელებს იჭერდა. ჰორიზონტზე საზღვრის მანიშნებელი არაა - ერთი სასაზღვრო ბოძიც კი არ იყო, სიბნელეში მხოლოდ მეზობელი უკრაინული სოფლის მკრთალი შუქი ჩანდა... უკრაინაში გადასვლა და იქიდან უკან დაბრუნება ისე შეიძლება, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

მოლდოველი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ თებერვლის ბოლოდან მათ 20-მდე კონტრაბანდული ქსელის ლიკვიდირება მოახერხეს, მათ შორის ისეთებისაც, რომლებსაც ცნობილი კრიმინალები ხელმძღვანელობენ. დააკავეს 1091 არალეგალი, რომელთაგან ყველა მამაკაცია.

როცა არალეგალებს იჭერენ, მამაკაცებს არჩევანი აქვთ: თუ მათ არ სურთ, რომ ისევ სამშობლოში [უკრაინაში] დააბრუნონ, მაშინ მათ შეუძლიათ განცხადება დაწერონ მოლდოვაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით. შესაბამისად, მათი დეპორტაცია არ მოხდება. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ უკრაინის ხელისუფლებას გადასცემენ [სხვათა შორის, უკრაინა მოლდოვაზე ამ საკითხში ზეწოლას ახდენს და დაკავებულების დეპორტაციას ითხოვს]. დაახლოებით, ათასმა არალეგალმა თავშესაფარზე განცხადება დაწერა, ასამდე კი ისევ უკან, უკრაინაში დაბრუნდა. გარდა ამისა, კიდევ ორი ათასი უკრაინელი მამაკაცი მოლდოვაში კანონიერად გადავიდა და მათაც თავშესაფარი ითხოვეს.

ერთ-ერთი მათგანი ვლადიმერ დანილოვია, რომელიც ბრძოლაზე უარს ამბობს. მას სიკვდილის კი არ ეშინია, არამედ პირიქით - თვითონ არავის მოკვლა სურს.

„მე არ შემიძლია რუსებს ვესროლო და მოვკლა“, - ამბობს 50 წლის ვლადიმერ დანილოვი. იგი განმარტავს, რომ მისი ორი და რუსებზე არიან გათხოვილები, ორი ძმისშვილი კი რუსეთის არმიაში მსახურობს: „აბა, როგორ შემიძლია ვიბრძოლო? ჩემიანებს ხომ ვერ მოვკლავ“.

უკრაინის სამხედრო რეზერვის სამსახურის ჩინოვნიკი მიროსლავ გაი აღიარებს: „მობილიზაციისაგან თავის ამრიდებლები ნამდვილად არიან, მაგრამ მოხალისეებთან შედარებით მათი რაოდენობა მცირეა“. სხვა ჩინოვნიკებმა კი განმარტეს, რომ ომის იდეოლოგიურ და რელიგიურ მოწინააღმდეგეებს, რეგულარული არმიის ნაცვლად, შეუძლიათ სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურონ, მაგალითად, მძღოლებად, მზარეულებად და ა.შ.

ამ სტატიის მოსამზადებლად ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ათეულ ადამიანს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა ამგვარი ვარიანტით. ზემოთ ხსენებულმა ვლადიმერ დანილოვმა, დასავლეთ უკრაინელმა ბიზნესმენმა, განაცხადა, რომ საერთოდ არ სურს ომში მონაწილეობა. კითხვაზე - არ ეშინია სირცხვილისა და საზოგადო გაკიცხვისა? - მან თავი გადააქნია: „ჩემთვის მთავარია, რომ მე არავინ მომიკლავს. ხალხი კი რასაც იტყვის, მე ეს არ მაღელვებს“.

რა იქნება, როცა ომი დამთავრდება? რამდენი შეურაცხყოფა ელოდებათ გაქცეულებს? ეს კითხვები უკვე ისმება უკრაინელების - როგორც მამაკაცების, ასევე - ქალების მიმართ.

როცა ოლღა ლეპინა ვოვა კლევერს არცხვენდა, თვითონ ოლღა უკვე საზღვარგარეთ იყო. დიახ, ისიც წავიდა უკრაინიდან თავის ქმართან ერთად საფრანგეთში. მეუბნება, რომ დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს: „უკრაინელები გაწამებულები არიან, მე კი აქ ვარ. მინდა, რომ იქ ვიყო და მათ როგორმე დავეხმარო, - ამბობს ოლღა, - მაგრამ, იმავდროულად, აქაც მინდა ვიყო და უსაფრთხოდ ვიცხოვრო... ეს ძალიან წინააღმდეგობრივი, არაერთმნიშვნელოვანი გრძობაა“.

ოლღამ მშვენივრად იცის, რომ უკან დაბრუნებისას მის ქცევას დაგმობენ: „რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ისინი, რომლებიც უკრაინელთა დაყოფას დაიწყებენ - ვინ დარჩა და ვინ წავიდა... მე ამისთვის მზად ვარ“, - ამბობს ოლღა ლეპინა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ