"ხელისუფლებამ აირჩია პინგ-პონგის რეჟიმი, თითქოს არ უნდათ უკრაინაში წასვლა და რაღაც მიზეზებს ეძებენ" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ აირჩია პინგ-პონგის რეჟიმი, თითქოს არ უნდათ უკრაინაში წასვლა და რაღაც მიზეზებს ეძებენ"

შიდა დაპირისპირება, რომლითაც აქაც ყველანი დაღლილები ვართ გადატანილია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე და ქართულ-უკრაინულ-რუსულ ურთიერთობებზე - საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია პინგ-პონგის რეჟიმი, თითქოს არ უნდათ უკრაინაში წასვლა და რაღაც მიზეზებს ეძებენ, რასაც იმ არარაციონალურ შიშს ვუკავშირებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში გამოუმუშავდა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გიორგი კანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თემა დასავიწყებელია და კარგი ჟესტი იქნება, თუ ოპოზიცია და პოზიცია უკრაინაში ერთად გაემგზავრება.

„ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იქ ჩავიდა ახლდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამ ყველაფერზე საუბარი, როდესაც მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ, როდესაც ძალიან მნიშვენლოვანია ერთი მხრივ, სოლიდარობის დაფიქსირება უკრაინელების მიმართ და მეორე მხრივ, მართლაც ხვალ და ზეგ აქ რომ ცუდად განვითარდეს პროცესები და აქეთაც შეეცადონ სიტუაციის დაძაბვას, არანაირი მორალური წინაპირობა არ გვექნება, რომ ვინმეს რამე მოვთხოვოთ, თუნდაც უკრაინელებს და დასავლეთს. შიდა დაპირსპირება, რომლითაც აქაც ყველანი დაღლილები ვართ გადატანილია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე და ქართულ-უკრაინულ-რუსულ ურთიერთობებზე, რადგან ფაქტობრივად, რუსი პროპაგანდისტები ციტირებენ ქართველ პოლიტიკოსებს. არამგონია ეს ხელს უწყობდეს საქართველოს იმიჯს, ან ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.

ხომ უნდა გამოვიჩინოთ ოდესღაც რაღაც პოლიტიკური სიმწიფე ყველა მხარემ?! უკრაინაში წავიდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად - ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი და თუ ამის გამო პროვოცირება მოხდა რუსეთის და თუ ეს არგუმენტი მოიყვანა ვინმემ, რომ აი, ამის გამო შეიძლება რუსებმა ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით პოზიციას გადახედეს - ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება წამოგვიკიდონ, ამიტომ ერთია, რაციონალური პოლიტიკის გატარება რუსეთთან მიმართებაში და მეორეა, საერთოდ ყველაფრის შეთანხმება და მაშინ გავხდეთ რუსეთის გუბერნია.

საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია პინგ-პონგის რეჟიმი. თითქოს არ უნდათ უკრაინაში წასვლა და რაღაც მიზეზებს ეძებენ, რასაც იმ არარაციონალურ შიშს ვუკავშირებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში გამოუმუშავდა“, - განაცხადა კანაშვილმა.