"პუტინის მოკავშირე ექვსი ქვეყანა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს მხარს დაუჭერენ მესამე მსოფლიო ომის დროს“ - კვირის პალიტრა

"პუტინის მოკავშირე ექვსი ქვეყანა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს მხარს დაუჭერენ მესამე მსოფლიო ომის დროს“

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (Daily Express) დაბეჭდილია მასალა სათაურით - „პუტინის მოკავშირეები: ექვსი ქვეყანა, ჩინეთის ჩათვლით, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს მხარს დაუჭერენ მესამე მსოფლიო ომის დროს“ (ავტორი - ჯეიმს გრეი).

„მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, დასავლეთის პასუხი უკიდურესად ფრთხილი იყო. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მუდმივად ემუდარებოდა ნატოს ქვეყნებს უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე, მაგრამ ალიანსმა მისი ყველა თხოვნა უარყო - ვაითუ, უკრაინის კრიზისი მსოფლიო ომად გადაიზარდოსო. მაგრამ თუ ახალი მსოფლიო ომი მაინც დაიწყება, მაშინ, ალბათ, ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს მხარს დაუჭერს.

აი, ეს ქვეყნები:

პაკისტანი

ომის დაწყების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი მოსკოვს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. რუსეთში ყოფნის დროს მან უარყო დასავლეთის მოთხოვნა, ანტირუსული პოზიცია დაეკავებინა: „რატომ ითხოვთ თქვენ ჩვენგან ამას? ჩვენ რა, თქვენი მონები ვართ, რომ რასაც გვიბრძანებთ, ყველაფერს შევასრულებთ? - განაცხადა მან. 69 წლის პრემიერმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც პაკისტანის დედაქალაქში აკრედიტებულმა 22-მა ელჩმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა ქვეყნის მთავრობის მიმართ მოწოდებით - შეუერთდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ ანტირუსულ რეზოლუციას, რომელშიც კრემლის მიერ დაწყებული ომია დაგმობილი. მაგრამ პაკისტანი იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის დარჩა, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციისათვის ხმის მიცემისაგან.

ინდოეთი

ნიუ-დელის პოზიციის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დასავლეთის სანქციები შექმნილი პრობლემისთვის პასუხს არ წარმოადგენს. ამასთან, საყურადღებოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის - დონალდ ლუს განცხადება, რომლის თანახმად, „დადგა დრო, რომ [ინდოეთმა] მოსკოვისაგან დისტანცირება მოახდინოს და კრემლთან ურთიერთობისაგან თავი შორს დაიჭიროს“.

გავიხსენოთ, რომ რუსეთი ინდოეთისთვის იარაღის ყველაზე დიდ მიმწოდებელ ქვეყანას წარმოადგენს: 2018 წელს დადებული ორმხრივი კონტრაქტის მიხედვით, რუსეთმა უკვე დაიწყო ინდოეთისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - С-400-ის მიწოდება 5,43 მილიარდ დოლარად.

ჩინეთი

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ბოლო დღეებში გარკვეულწილად ცდილობს, რუსეთისაგან დისტანცირება მოახდინოს, „სპეციალური ოპერაციის“ დაწყება პეკინს არ დაუგმია. ამის ნაცვლად, ჩინეთმა ხაზი გაუსვა თავის ნეიტრალიტეტს და რუსეთთან თავისი ურთიერთობა „სტრატეგიულ პარტნიორობად“ შეაფასა. პაკისტანის მსგავსად, ჩინეთმაც თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან გაეროს ორი, ანტირუსული რეზოლუციისათვის.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელობა, რომელიც იმავდროულად ქვეყნის მმართველიც არის, რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას დაუბრუნდა. ასეთი თბილი დამოკიდებულება მათ შორის, ცივი ომის დროსაც კი არ ყოფილა, როცა საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა კონგრესის ბრძოლას აპართეიდის წინააღმდეგ.

ჯეიკობ ზუმამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ამას წინათ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი „მშვიდობისმყოფელი“ ლიდერია, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოები - „ჭირვეულები და შარიანები“. მართალია, ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ჩემი პირადი აზრიაო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მმართველ პარტიასაც იგივე პრორუსული პოზიცია აქვს.

ბრაზილია და მექსიკა

ლათინური ამერიკის ორივე სახელმწიფომ უარი განაცხადა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე და თავი შეიკავა აგრესიის ბრალდებისაგან. მექსიკის პრეზიდენტი ლოპეს ობრადორი, რომელიც მემარცხენე ტიპის პოპულისტ პოლიტიკოსს წარმოადგენს, განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს განზრახული რამე ეკონომიკური შეზღუდვები დავიწყოთ რუსეთის წინააღმდეგ - იმიტომ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გვინდა“.

[ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს - ანტონიუ მოურანს, როცა მან რუსეთის კრიტიკა დააპირა, ამ თემაზე ყველანაირი განცხადების გაკეთება აუკრძალა და აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ბრაზილიას ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს].

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ