პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?
კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი ევროკავშირის დაწესებულმა სანქციებმა, რომლის ფარგლებშიც მისი უძრავი ქონებაც დააყადაღეს, ისე გააცოფა, რომ დასავლეთისა და უკრაინის ისტერიულ ლანძღვას არ დასჯერდა და ახლა საქართველოს გადმოსწვდა. ჯერ იყო და სოლოვიოვმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები "არაადამიანურ დაჯგუფებად“ და "კრიმინალებად“ მოიხსენია, ახლა კი "როიტერის“ კიევის ბიუროს ფოტოკორესპოდენტ გლებ გარანიჩის საკმაოდ ცნობილი ფოტოს წარმომავლობაში შეიტანა ეჭვი და ბუჩას შემაძრწუნებელი კადრების პარალელურად, ისიც დადგმულ კადრად მოიხსენია. მისი თქმით, ადგილზე მიიტანეს გარდაცვლილის ცხედარი, რომელსაც "ქალაქის მასშტაბით გადაადგილებდნენ ხელსაყრელი რაკურსისთვის“. საუბარია ძმებ რაზმაძეების სულისშემძვრელ ფოტოზე, რომელიც გარანიჩმა 2008 წელს გორის დაბომბვის დროს გადაიღო.
"ბუჩას ფოტოების ავტორი აღმოჩნდა ფოტოგრაფი გლებ გარანიჩი, რომელსაც ბრალს სდებდნენ 2008 წელს გორში დადგმულ კადრებზე. დადგენილია, რომ ერთ-ერთი მოკლული მამაკაცის ცხედარს ქალაქში მათთვის ხელსაყრელი რაკურსისთვის გადააადგილებდნენ. ბუჩას შემდეგ, გარანიჩი გაემართა კრამატორსკისკენ. ეს დამთხვევაა? არა მგონია!“ - წერს პუტინისტი სალავიოვი "ტელეგრამარხზე".
დათო მძინარიშვილს, რომელიც იმხანად "როიტერის“ კავკასიის ბიუროს ფოტოკორესპონდენტი იყო, გორში გლებ გარანიჩთან ერთად მოუწია მუშაობა. დათო ცნობილი ფოტოს ისტორიას იხსენებს:
"2008-ში გორში გადაღებული ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორი "როიტერის“ კიევის ბიუროს ფოტოგრაფი გლებ გარანიჩია. ჩვენ ერთად ვიღებდით ამ კადრს, რომლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. გორის შესასვლელში, სადაც ადრე სამხედრო ნაწილი იყო, კორპუსები იდგა (ახლაც არის მგონი, სატანკო ნაწილი). ეს ფოტო იქვე ახლოსაა გადაღებული. მას შემდეგ, რაც რუსებმა ბომბი ჩამოაგდეს, კორპუსის ეზოში ვინც იყო, ყველა დაიღუპა. ფოტოზე გამოსახული ადამიანი - ზვიად რაზმაძეც ჭურვის შედეგად დაიღუპა. კორპუსებში ვინც იყვნენ, ისინი გადარჩნენ. მაგ დროს ჩვენ გორის ცენტრში ვიყავით და შემდეგ შემთხვევის ადგილისკენ გავეშურეთ. გარდაცვლილის ძმაც მალე მოვიდა, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. სალავიოვის ბრალდებაზე რა უნდა ვთქვა? მეცინება... ჯერ კიდევ 2008-ში რუსმა ბლოგერებმა მოიგონეს ეს "ფეიკი“, მაშინ "ფეისბუკი“ არ იყო და ეს დეზინფორმაცია სხვადასხვა ბლოგებზე გავრცელდა. რუსულმა პროპაგანდამაც აქტიურად აიტაცა "ცხედრის დადების“ ამბავი, თითქოს იქ მიიტანეს, ტელევიზიითაც იყო სიუჟეტები... ახლაც ზუსტად იგივე დეზინფორმაცია ვრცელდება მარიუპოლსა და ბუჩაზე, რაც 2008-ში, თითქოს კადრები დადგმულია. ეს იმდენად აბსურდულია... ანუ რუსები რასაც მაშინ აკეთებდნენ, ამ მიმართულებით დიდად არ განვითარებულან. ფაქტობრივად, ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც მაშინ თხზავდნენ. გააგრძელეთ კითხვა