"რუსული სპეცსამსახურები, ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ" - კვირის პალიტრა

"რუსული სპეცსამსახურები, ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ"

რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ფედერაციაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტების სერიას საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანაღმვითა და აფეთქებით, ასევე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ბელგოროდსა ან ყირიმის რომელიმე სხვა ქალაქზე“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში მობილიზაციის გეგმის ჩავარდნა აიძულებს პუტინის რეჟიმს „ბინძური სცენარების განხორციელებას, რათა ემოციურად შეარყიოს რუსული საზოგადოება და კიდევ უფრო მეტად მოახდინოს მისი კონსოლიდირება უკრაინელების წინააღმდეგ.

„ამისთვის ისინი გეგმავენ რუსული საცხოვრებელი სახლების აფეთქებებს ან სარაკეტო თავდასხმებს, რათა ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები დაადანაშაულოს, რათა შექმნას „უკრაინელი ნაციონალისტების სიმხეცის ემოციური სურათი“. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ტერაქტები საზოგადოებისთვის ისე იყოს მიწოდებული, როგორც შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის“,- განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში აქტიურად იჭრება თხრილები და მოსახლეობაში პანიკა ითესება უკრაინული მოხალისეთა ბატალიონებისა და დივერსიული ჯგუფების წარმოსახვითი შეტევის გამო.