"აზოვსტალის" მიწისქვეშა საამქროებს შეფარებული მარიუპოლის ბოლო დამცველების გასანადგურებლად რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას არ მოერიდება...
"აზოვსტალის" მიწისქვეშა საამქროებს შეფარებული მარიუპოლის ბოლო დამცველების გასანადგურებლად რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას არ მოერიდება...
დაბომბილი და ბოლომდე განადგურებული, ერთ დროს ნახევარმილიონიანი აზოვის ზღვისპირა უკრაინული ქალაქი, სამწუხაროდ, ეტყობა, რამდენიმე დღეში დაეცემა, რასაც აგრესორი პუტინი 9 მაისს, მოსკოვის წითელ მოედანზე გასამართ სამხედრო აღლუმზე „რუსეთის დიდ გამარჯვებად“ შეასაღებს პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ დაზომბებულ რუსეთის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს...
მანამდე კი მარიუპოლის ბოლო დამცველები - უკვე ლეგენდად ქცეული „აზოვის“ პოლკისა და უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის შეთხელებული დანაყოფები, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამაგრებენ ბოლო თავდაცვის ზღუდეებს...
„აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. იგი ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და ათასობით ტონა თუჯის ჩამოსხმასთან ერთად სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა.
1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის სექტემბრამდე „აზოვსტალი“ გერმანელების მიერ იყო დაკავებული.
ომისშემდგომ პერიოდში კი „აზოვსტალის“ სერიოზული მოდერნიზაცია განხორციელდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნა შესაძლო ბირთვული ომის საფრთხე და „აზოვსტალის“ უზარმაზარი საამქროების ქვეშ მოეწყო კარგად დაცული მიწისქვეშა საამქროებიც, რომლებსაც უნდა გაეძლოთ დიდი აფეთქებისთვის და სადაც გადატანილი იქნებოდა წარმოება, „აზოვსტალის“ ძირითადი მიწისზედა კორპუსების დანგრევის შემთხვევაში...
დღეს სწორედ ეს გარმოება შეიძლება იქცეს იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც რუსეთის არმიამ სცადოს ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენება მარიუპოლში...
დასავლეთის დაზვერვა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არსებობს რუსი სამხედროების მიერ ამ ომში ქიმიური იარაღის გამოყენების მაღალი ალბათობა.
12 აპრილს კი „აზოვის“ პოლკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან გამოფრქვეული ნივთიერების ზემოქმედების შედეგად „აზოვის“ სამი მებრძოლი მოიწამლა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე...
მანამდე, ერთი დღით ადრე კი, დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ღიად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ისინი არ აპირებენ, თავი შეაკლან „აზოვის“ ფანატიკოს მეომრებს „აზოვსტალის“ მიწისქვეშა ლაბირინთებში ბრძოლისას - უბრალოდ, ამ მიწისქვეშა საამქროებში მომწამვლელ აირს შეუშვებენ და „როგორც ვირთხებს, ისე გამოყრიან“ იქიდან მარიუპოლის ბოლო დამცველებს, რომელთა საერთო რიცხვი, შეიძლება, 3 ათას კაცსაც კი აღემატებოდეს. თავად რუსეთის არმია კი მარიუპოლის დარჩენილ ნაწილს 10-ათასიანი შემადგენლობით უტევს...
რუსეთის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგ იმიტომაც გაიზარდა, რომ პუტინმა რამდენიმე დღის წინ უკრაინაში შეჭრილი საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალი, არმიის გენერალი დვორნიკოვი დანიშნა, სწორედ ის დვორნიკოვი, რომელსაც თავად პუტინმა რუსეთის გმირის ვარსკვლავი ჩამოჰკიდა, სირიაში გამოჩენილი „მამაცობისთვის“, რასაც თავად სირიელები პირიქით აფასებენ და დვორნიკოვს „ალეპოს ყასაბადაც“ მოიხსენიებენ ქალაქების მასობრივი დაბომბვისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამოც...
არც ის დაგვავიწყდეს, რომ 2002 წელს მოსკოვში, „ნორდ-ოსტის“ მიუზიკლის დროს შეიარაღებული ჩეჩნების მიერ მძევლად აყვანილი 916 მაყურებლის „გასათავისუფლებლად“ თეატრის დარბაზში სწორედ პუტინის პირადი ბრძანებით შეუშვეს მაღალი კონცენტრაციის დამაძინებელი აირი, თითქოს ტერორისტების „გასათიშად“, რომ მათ ბომბები არ აეფეთქებინათ...
აირის შეშვების შემდეგ ჩეჩნები კიდევ ოციოდე წუთი ისროდნენ და იბრძოდნენ, მაგრამ ბომბები არ აუმოქმედებიათ, სამაგიროდ, ამ აირის მაღალმა კონცენტრაციამ 174 მაყურებელი იმსხვერპლა იმიტომაც, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა არ გაამხილეს საიდუმლო აირის შემადგენლობა, რომ ექიმებს სასწრაფოდ საჭირო ანტიდოტები გაეკეთებინათ და გადაერჩინათ უდანაშაულო ადამიანები...
როგორ გგონიათ, თუკი პუტინმა ჯერ კიდევ თავისი საპრეზიდენტო კარიერის დასაწყისში (როდესაც ჯერ კიდევ „მორიდებულად“ იქცეოდა) არ დაინდო თავისივე მშვიდობიანი მოქალაქეები (ისევე, როგორც 2004 წელს ბესლანის სკოლიდან მძეველების განთავისუფლების ოპერაციას 333 ბავშვი და მშობელი შეეწირა, იმიტომაც, რომ რუსი სპეცრაზმელები ყუმბარსატყორცნებიდან და ტანკებიდანაც კი ესროდნენ სკოლის სპორტდარბაზის შენობას), ის „აზოვის“ მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დაფიქრდება?
მანამდე კი უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დასავლელ პარტნიორებთან ერთად იკვლევს 12 აპრილის ინციდენტს - რუსეთმა მართლაც გამოიყენა მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის რომელიმე კომპონენტი, თუ ეს ე.წ. ფოსფორის ბომბი იყო, უფრო სწორად, ცეცხლგამჩენი საბრძოლო ელემენტი გახლდათ, რომლის წვის დროსაც ასევე გამოიყოფა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა შესუნთქვაც მოწამვლას იწვევს, მაგრამ შეიარაღების ეს სახეობა არ განეკუთვნება ქიმიური იარაღის კლასიკურ ნიმუშებს...
პ.ს. საგულისხმოა, რომ, ფაქტობრივად, განადგურებული „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის, რომელიც ცნობილ უკრაინელ ოლიგარქს - რინატ ახმეტოვს ეკუთვნის, გენერალური დირექტორი მეთერთმეტე წელია, ენვერ ომარის ძე ცქიტიშვილია.
61 წლის ენვერ ცქიტიშვილი ლუგანსკის ოლქშია დაბადებული და ჰაბიტუსითაც ნაკლებად წააგავს ქართველს, მაგრამ ის მეტალურგიული საქმის პროფესიონალია და ამასთან - უკრაინის პატრიოტი.
მისი ხელმძღვანელობით „აზოვსტალმა“ 2020 წელს 8 მლნ ტონამდე თუჯი და ფოლადი გამოადნო. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პუტინის ოკუპანტების მარიუპოლიდან გაყრის შემდეგ „აზოვსტალი“ ისევ აღდგება, ისევე, როგორც ჰიტლერის სამხედროების სამწლიანი ოკუპაციის შემდეგ განახლდა...
სავარაუდოდ, ენვერ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, „აზოვსტალის“ ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთანავე „აზოვის“ პოლკს დიდად შეუწყო ხელი ამ უზარმაზარი კომბინატის ტერიტორიაზე თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად და საბრძოლო საჭურვლის მარაგის უხიფათო ადგილას შესანახად.
„აზოვსტალი“ მარიუპოლის გმირი დამცველების ბოლო თავდაცვით ზღუდედ რჩება, იმ „აზოველებისა“, რომლებმაც იციან, რომ დახმარება აღარ მიუვათ და მხოლოდ ორი გზა დარჩენიათ - ან დანებდნენ, ან კიდევ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლონ რუს ოკუპანტებს...
პ.ს.ს. როგორ მაგონებს ეს განცდა 1993 წლის სექტემბრის ბოლო დღეებს, როდესაც დიდ დამხმარე ძალას ყოველ წუთს ველოდით სოხუმთან ალყაში ჩარჩენილები და ბოლოს მდინარე კოდორთან ალყის გარღვევა და საშველად მოსვლა მხოლოდ გია ყარყარაშვილის სამასკაციანმა რაზმმა თუ შესძლო, არადა, ოჩამჩირესთან რამდენიმეათასიანი ქართული სამხედრო დაჯგუფება ფეხს ითრევდა...