"პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივეა - შესაბამისად, უკრაინაში ამ რანგის ვიზიტისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობა გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივეა - შესაბამისად, უკრაინაში ამ რანგის ვიზიტისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობა გვჭირდება"

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივეა - შესაბამისად, უკრაინაში ამ რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის გარკვეული წინაპირობების არსებობა გვჭირდება, რაც არის არა თვითმიზანი, არამედ ელემენტარულად ჟესტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას მეგობრობის სურვილი აქვს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, რამდენად მოსალოდნელია, რომ პირადად ის, როგორ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, უკრაინაში კოლეგებთან ერთად გაემგზავროს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, უკრაინაში გამგზავრების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია. მისი თქმით, უკრაინაში გამგზავრების სურვილი უმრავლესობიდან ბევრ დეპუტატს აქვს, თუმცა რამდენი დეპუტატი გაემგზავრება და როდის, ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარისგან პროტოკოლური ინფორმაციის მიღებას ელიან. ამასთან, კობახიძის განმარტებით, დელეგაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შედგება.

ამასთან, კითხვაზე, იმ საკითხების გარკვევის მიზნით, რაც უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ერთგვარი დაპირისპირების მიზეზად იქცა, რატომ არ არის მიზანშეწონილი სწორედ მაღალი რანგის დელეგაციის გამგზავრება, კობახიძემ განაცხადა, რომ „კომუნიკაციის პრობლემა არ არის“.

„კომუნიკაცია წლებია გრძელდება. საკითხი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში კრიმინალები არ უნდა იყვნენ, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დადგა. გახსოვთ, შეხვედრები უმაღლეს დონეზე იმართებოდა, თუმცა პრობლემა არ გადაწყდა. კომუნიკაცია გრძელდება. ჩვენ ამის პრობლემა არა გვაქვს. უკრაინაში ვიზიტი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის.

მეგობრობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის არის სუფთა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს 100 პროცენტით ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში არ გადაიზარდა, რასაც ერთი მიზეზი აქვს - უკრაინის ხელისუფლებაში კვლავაც კრიმინალები არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ინფორმაციით, უკრაინაში უმრავლესობა და ოპოზიცია ერთიანი დელეგაციით გაემგზავრება.