"თუ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მაშინ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება უპასუხოს დასავლეთმა" - კვირის პალიტრა

"თუ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მაშინ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება უპასუხოს დასავლეთმა"

„ყველა ვარიანტს განვიხილავთ“ იმის შესახებ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში, - ამის შესახებ დღეს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაუდასტურებელი ცნობები გავრცელდა უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ შეუძლია გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება.

„მკაფიოდ ვაცხადებ, თუ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება უპასუხოს დასავლეთმა“, - დასძინა ჰიპიმ.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება "ეფექტური" და "კარგად აწონილ-დაწონილი" პასუხი.

„არის რაღაც, რაც მიუღებელია და ქიმიური იარაღის გამოყენებას ექნება პასუხი. ყველა ვარიანტს განვიხილავთ თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პასუხი", - აღნიშნა მან.

ჰიპის განცხადებით, უახლოეს დღეებში, რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დიდ ბრიტანეთში ჩავა, რათა 120 ბრიტანული ჯავშანტექნიკის მართვა ისწავლოს.