"დაღლილი ხარი რომ გაოფლიანებული მოდის სამუშაოდან, რქაზე ბუზი აზის და ბუზი იძახის, უჰჰ, დავიღალეთ ერთად ვხნავდითო, ეს ბუზია მთავრობა საერთაშორისო სოლიდარობის საქმეში" - კვირის პალიტრა

"დაღლილი ხარი რომ გაოფლიანებული მოდის სამუშაოდან, რქაზე ბუზი აზის და ბუზი იძახის, უჰჰ, დავიღალეთ ერთად ვხნავდითო, ეს ბუზია მთავრობა საერთაშორისო სოლიდარობის საქმეში"

იცით რას მაგონებს თქვენი განცხადება? - დაღლილი ხარი რომ გაოფლიანებული მოდის სამუშაოდან, რქაზე ბუზი რომ აზის, ეზოში შემოდის და ბუზი იძახის, უჰჰ, დავიღალეთ ერთად ვხნავდითო. ამ ბუზების როლი არის დღეს თქვენი, მთავრობის საერთაშორისო სოლიდარობის საქმეში, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.

უკრაინის სოლიდარობის თემაზე საუბრისას გოცირიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის გვერდით არ იყოს.

ამასთან, გოცირიძემ თავის გამოსვლაში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საქართველოს მთავრობა სანქციებზე საუბრობს, უნამუსოდ იტყუება.

„ალბათ, ყველამ იცით, რომ რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკური გაკოტრების ზღვარზეა. უკვე შერჩევითი დეფოლტი გამოცხადდა, ვალების გადახდა არ შეუძლიათ და ეკონომიკის ბევრი სექტორი გაკოტრების პირასაა. ეს არის იმ სანქციების შედეგი, რომელიც რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი და ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია იმისა, რომ გადარჩეს უკრაინა, გადარჩეს საქართველო და რუსეთმა არ გაბედოს გამოლაშქრება სხვა ქვეყნებისკენ. როდესაც საქართველოს მთავრობა სანქციებზე საუბრობს, იტყუება. არა მხოლოდ იტყუება, არამედ, უნამუსოდ იტყუება. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე განსაკუთრებულად აკონტროლებენ საბაჟოს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე სანქცირებული საქონელი ვერ შევა რუსეთში. მაშინ მითხრას პრემიერ-მინისტრმა საბაჟო კოდი 39220000000 ამ კოდით შევა თუ არა საქართველოს ტერიტორიიდან ეს საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე? ეს არის ის საქონელი, რომელმაც დასცა რუსეთის სამშენებლო სექტორი. ამ სასაქონლო ოდით რუსეთში შედიოდა და ახლა ვერ შედის უნიტაზები. გლოვობენ! უნიტაზები, აბაზანის სისტემები, მილები, ონკანები, სანქციების ქვეშ მოაყოლა ევროკავშირმა და ახლა რუსეთი იმას ფიქრობს, როგორმე შემოიტანოს ჩინეთიდან. გაჩერდა მშენებლობა. ახლა მინდა მთავრობას მივმართო - საქართველოში რომელიმე ფირმამ რომ იყიდოს 1000 უნიტაზი ევროპაში, შემოიტანოს საქართველოში და შემდეგ რომელიღაც რუსულ კომპანიას მიყიდოს, ამას საბაჟოზე ვინმე გააჩერებს? ვერავინ ვერ გააჩერებს, რა უფლებით გააჩერებთ, როცა არც კანონი მიგიღიათ, არც ბრძანებულება გამოგიციათ, არც სანქციებს შეერთებულხართ? სანქციებს მიერთებული არ ხარ და სანქცირებულ საქონელს როგორ აჩერებ? ვის ატყუებ? წადით და თქვენი მსგავსები მოატყუეთ! ქართველი ხალხი ბნელი არ არის. თქვენი ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არ იყოს უკრაინის გვერდით და არ გამოუცხადოს მას სოლიდარობა“, - განაცხადა გოცირიძემ.