"ავარია ჩემ თვალწინ მოხდა... შიშის დასაძლევად მამამ კარტინგზე შემიყვანა" - კვირის პალიტრა

"ავარია ჩემ თვალწინ მოხდა... შიშის დასაძლევად მამამ კარტინგზე შემიყვანა"

"გინდა თუ არა, კარტინგის მართვისას მაინც რისკავ, შიშს გრძნობ"

17 წლის ელიზავეტა ბაგრამოვი რბოლამ ბავშვობიდან გაიტაცა: კარტინგის საჭეს მიუჯდა, ევროპის ჩემპიონატშიც მონაწილეობდა, თუმცა, უცნაური შემთხვევის გამო, პირველ ადგილზე მყოფმა ფინალში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში ნებისმიერს დასწყდებოდა გული, მაგრამ დღეს მოტივაცია არ აკლია, რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

- ბაბუაჩემიც და მამაჩემიც ავტომრბოლელები არიან. ბავშვობიდან მეც ამ სფეროში ჩავერთე - 12 წლიდან კარტინგზე სიარული დავიწყე. ჯერ სპორტულ ავტომობილზე არ დავმჯდარვარ. ასტრა პარკში მხოლოდ კარტინგით დავდიოდი, ადგილობრივ შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი. მერე ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრე.

- აგვიხსენი, რა არის კარტინგი და რა ასაკის ხალხს შეუძლია სპორტის ამ სახეობას მისდიოს?

- ეს არის პატარა სპორტული მანქანა, რომელშიც 1 ადამიანი ჯდება. სხვადასხვა კლასის კარტინგი არსებობს. მაგალითად, ჩემპიონატზე ელექტროკარტინგს ვმართავდი. კარტინგს ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება მისდიოს, 4-5 წლიდანაც მართავენ.

- საფრთხის შემცველია?

- საფრთხე არის, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მანქანა "გახსნილია" - შეიძლება ამოტრიალდე. უნდა იცოდე, როგორ მართო, რომ ცუდი არაფერი დაგემართოს.

- ტრავმები მიგიღია?

- მიმიღია. არ დაგიმალავთ: რეალურად, თავდაპირველად, სისწრაფის მეშინოდა, მაგრამ როგორც კი საჭესთან დავჯექი და მივხვდი, რა როგორ არის, ეს სფერო შემიყვარდა. მგონი, ტრავმები ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა, ვინც სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. მუხლიც დამიზიანებია, ტერფიც, ტვინის შერყევაც მიმიღია... ერთხელ კინაღამ ამოვტრიალდი, მაგრამ გადავრჩი (იცინის).

- როცა კარტინგს მართავ, რას გრძნობ?

- შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ემოციების ყველანაირ სპექტრს განვიცდი. გინდა თუ არა, კარტინგის მართვისას მაინც რისკავ, შიშს გრძნობ, საკუთარი თავით ამაყობ კიდეც...

- რბოლით შენს დაინტერესებას მშობლები როგორ შეხვდნენ?

- კარტინგზე მამამ შემიყვანა, დედა თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი დარწმუნება მოვახერხე. როგორც აღვნიშნე, მამის მხრიდან მთელი ოჯახი ამ სფეროშია. მამას თავისი ავტოსერვისები აქვს, ავტომანქანები ჰყავს... რბოლის მიმართ სიყვარული ალბათ მეც ამიტომ გამიჩნდა. სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ შემდეგ მამას ავტოავარია მოუხდა... შეჯიბრება საქართველოში იმართებოდა, რომელსაც "აღმართის დაძლევა" ჰქვია. ავარია ჩემ თვალწინ მოხდა. სერიოზული არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩემთვის მაინც რთული იყო. მას მერე, სისწრაფის და საერთოდ, ავტომობილებთან დაკავშირებული შიში გამიჩნდა. სწორედ ამის დასაძლევად მამამ კარტინგზე შემიყვანა. თან უნდოდა, სპორტის ამ სახეობაში მევარჯიშა. მითხრა: მინდა, რომ მიჰყვე, მაგრამ მთავარია, ეს თავად თუ გინდაო?.. თავიდან, არ მინდოდა, მაგრამ ერთხელ კარტინგის საჭესთან რომ დამსვა, მივხვდი, მინდოდა (იცინის).

- როგორც მითხარი, ჩემპიონატში მონაწილეობდი...

- ეს იყო FIA MOTORSPORT GAMES 2019, რომელიც იტალიაში, რომში გაიმართა. 6 კატეგორია გახლდათ. ჩვენ, ანუ საქართველოს წარმომადგენლები 3 კატეგორიაში ვმონაწილეობდით. გუნდური შეჯიბრება იყო, თან - ე.წ. სლალომში: ასეთ დროს, მრბოლელი კარტინგით წრეზე კი არ დადის, არამედ - სტაფილოსფერი კონუსებისგან ტრასა-ფიგურებს აწყობენ და ამ ფიგურებში უნდა იაროს... ჩემპიონატისთვის 2 თვე რუსთავის ავტოდრომზე ვემზადებოდით. რთული პერიოდი იყო, განსაკუთრებით - თავიდან: მართლა ვერ წარმოგვედგინა, იმდენი სტაფილოსფერი კონუსიდან გზა როგორ უნდა დაგვენახა, მაგრამ მერე უკვე ეჩვევი; ხვდები, რა როგორ გააკეთო... შეჯიბრებისთვის ფიზიკური მომზადებაც საჭირო იყო და მორალურიც... ჩემპიონატში 28 ქვეყანა მონაწილეობდა. სიმართლე გითხრათ, წარმატების დიდი იმედი არ გვქონდა, რადგან ჯერ ერთი, ის კარტინგი (ბენზინზე), რომელიც გვყავდა, არ შეესაბამებოდა იმას, რაც ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო (ელექტრო). მათ შორის დიდი განსხვავებაა. იტალიაში რომ ჩავედით და ჩემპიონატის ტრასა ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ რეალურად, საქართველოში უფრო რთულ ტრასებს გავდიოდით, ამიტომ 28 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ჩემპიონატის პირველსავე დღეს, პირველი ადგილი "ამოვაგდეთ". მეორე დღესაც იგივე მოხდა. მესამე დღეს ფინალი უნდა გამართულიყო, მაგრამ მეორე დღეს გადმოიტანეს, რის შესახებაც ინფორმირებული არ ვიყავით. ამიტომაც ჩემპიონატს გამოვეთიშეთ.

- ეს როგორ მოხდა?

- სასადილოდ ვიყავით წასულები, როდესაც შემთხვევით დავინახე, რომ ფინალი იწყებოდა... რადგან პირველ ადგილზე ვიყავით, ფინალშიც პირველები გამოვდიოდით. არ ვიცოდით, 5 წუთში შეჯიბრების ადგილზე როგორ მივსულიყავით. მივედით, მაგრამ ნერვებს ავყევით. თან, როცა კარტინგს საბურავები ცივი აქვს, ჩათვალეთ, ყინულზე დადიხართ. საბურავები გახურებული უნდა იყოს, რომ კარტინგს კარგი მოჭიდება ჰქონდეს. ავტომობილის შემთხვევაშიც ასეა. მოკლედ, საბურავები ცივი იყო, ჩვენც ვინერვიულეთ... საერთო ჩათვლაში მე-12 ადგილი დავიკავეთ, როცა 2 დღის განმავლობაში პირველზე გავდიოდით...

- ამ შემთხვევამ შენზე როგორ იმოქმედა?

- ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მივხვდი - ე.ი. ასე უნდა მომხდარიყო. არა უშავს, წინ კიდევ ბევრი რამეა... ასეთ დროს ნებისმიერს დასწყდება გული: როცა 2 დღე პირველ ადგილზე ხარ - უკვე იცი, რომ ფაქტობრივად, ჩემპიონატიდან პირველი ადგილის მედლით დაბრუნდები, - უცებ კი ასეთი რაღაც მოხდება (იღიმის)...

- ჩემპიონატზე რომელ ასაკობრივ კატეგორიაში გამოდიოდით?

- 14-დან 16 წლამდე. გუნდში აუცილებლად გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყო. მე 15 წლის გახლდით, ჩემი გუნდელი კი - 16-ის.

- საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარების რა ეტაპზეა?

- ახლა უკვე კარგადაა განვითარებული, ძირითადად - ბავშვებს შორის. მაგალითად, კარტინგით 6 წლის ბავშვიცაა დაკავებული. დაახლოებით 14 წლამდე მოზარდები სპორტულ კარტინგში მონაწილეობენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს სფერო უფრო განვითარდა.

- ჩემპიონატის შემდეგ შენი საქმიანობა როგორ წარიმართა?

- ადგილობრივ შეჯიბრებაზე ერთი-ორჯერ გავედი და მაშინაც ხან კარტინგი გამიფუჭდა, ხან ავარია მომივიდა... ჩემთვის ცუდად დასრულდა. ამიტომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ცოტათი სურვილი გამიქრა, მაგრამ არ ვამბობ, რომ თავი დავანებე: ახლა აბიტურიენტი ვარ, ამიტომ სპორტი ცოტა ხნით გვერდზე გადავდე, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები (იღიმის).

- საკუთარი კარტინგი გყავს?

- არა. როცა ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, საავტომობილო სპორტის ფედერაციას კარტინგი სპეციალურად სავარჯიშოდ ჰქონდა შეძენილი. ბავშვებს საკუთარი კარტინგები ჰყავთ, პირადად მე კი ყიდვას არც ვაპირებ, რადგან ასაკის შესაბამისად, მინდა უფრო სერიოზული სპორტით დავკავდე, ანუ ავტომობილის საჭეს მივუჯდე. საერთოდ, ავტოსპორტში კარტინგი საწყის ეტაპად მიიჩნევა რაღაც სერიოზულ ნაბიჯამდე, ამიტომ მხოლოდ კარტინგზე გაჩერებას მეც არ ვაპირებ.

- ავტომობილს მართავ?

- კი. მართვის მოწმობა ჯერჯერობით არა მაქვს, მაგრამ ავიღებ - უკვე შემიძლია. როგორც ავტომრბოლელს, ჯერ სერიოზული ნაბიჯი არ გადამიდგამს.

- მამა როგორ გაფასებს?

- ჩემპიონატში ჩემი მონაწილეობის დროსაც ამბობდა, კარგი შედეგები გაქვსო, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონის შეჯიბრებაში პირველად ვმონაწილეობდი.

- დედმამიშვილები თუ გყავს და რბოლით დაინტერესებული თუ არიან?

- 3 და მყავს. 2 მათგანი ჯერ ძალიან პატარაა - ტყუპი ახალშობილია, ჩემს 11 წლის დას კი კარტინგი აინტერესებს, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზულად არ აღიქვამს.

- როგორი გეგმები გაქვს?

- პიარის მიმართულებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. ვფიქრობდი და მივხვდი, ამ სფეროში საქმიანობით შეიძლება, ასე ვთქვათ, ბევრ საინტერესო სფეროს "მოედო". ასევე ძალიან მინდა მოდელობა. სამოდელო სააგენტოში მისვლას ვაპირებ. ერთხელ უკვე ვიყავი, მაგრამ შემდეგ უარი ვთქვი: პატარა გახლდით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული არ მომეწონა, ახლა პირიქით ვარ განწყობილი (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"