"პა-სეანსი" უკვდავია და საუკეთესო მკურნალია" - 1990-იანი წლების იუმორისტულ გადაცემას 30 წელი შეუსრულდა - კვირის პალიტრა

"პა-სეანსი" უკვდავია და საუკეთესო მკურნალია" - 1990-იანი წლების იუმორისტულ გადაცემას 30 წელი შეუსრულდა

1990-იანი წლების იუმორისტულ გადაცემას - "პა-სეანსი" 30 წელი შეუსრულდა.

"პა სეანსი" - ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. გადაცემის სატირული სკეტჩები აღწერდნენ იმ დროინდელი საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ პრობლემებს, ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის კორუფცია, "ძველბიჭობა" და კრიმინალი, მაშინდელი პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, უცხოპლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და სხვა.

გადაცემა რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე. მისი ავტორები და მონაწილეები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის) თეატრის მსახიობები და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები.

გადაცემის ძირითადი ნაწილი მიჰყავდათ მსახიობებს - ლევან ლელაშვილს ("კიჭა"), ირაკლი ფრანგიშვილს, ალეკო თეთრაშვილს ("მათე მელიავა") და ცუცა კაპანაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ამერიკაში მცხოვრები მსახიობი ცუცა კაპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"13 აპრილს პა-სეანსი 30 წლის ხდება, ვულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს იუბილეს,

უღრმესი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს რომელსაც დღემდე ახსოვს ეს გადაცემა, ამ გადაცემამ თავისი სათქმელი თქვა და თავის დევიზს დღემდე ამართლებს.

"პა-სეანსი" უკვდავია და საუკეთესო მკურნალია.

ამ გადაცემამ დროს გაუძლო ბრავო!".