"ფსონები ზღვრამდეა გაზრდილი: დონბასი სისხლიანი გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ფსონები ზღვრამდეა გაზრდილი: დონბასი სისხლიანი გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კორესპონდენტ ჯონათან ბილის სტატია სათაურით - "ფსონები ზღვრამდეა გაზრდილი: დონბასი სისხლიანი გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში".

„აღმოსავლეთ უკრაინის - დონბასის მოსახლეობამ იცის, რომ რუსეთი მათ მიწაზე ძლიერი შეტევისთვის ემზადება. როგორც ჩანს, ამას ძაღლებიც გრძნობენ - როგორც კი ჭურვის აფეთქებით გამოწვეულ გრიალს გაიგონებენ, ადამიანის ოთხფეხა მეგობრები“ ნერვულ ყეფას იწყებენ.

დონბასის მისადგომებიდან ასობით ათასმა ადამიანმა, ვისაც შეეძლო და ვისაც სურვილი ჰქონდა, თავი დასავლეთ უკრაინას შეაფარა. თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოსურათებზე ისევ მოჩანს რუსული ტექნიკის გრძელი კოლონები, დონბასისკენ კურსაღებული.

აქ, დონეცის ქვანახშირის აუზში, ასევე, ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ ბრძოლისთვის ემზადებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებიც - აღმოსავლეთისაკენ მიმართულ გზებზე გადაადგილდება მათი ჯავშანტექნიკა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მაგრამ უკრაინული კოლონების მასშტაბებს რუსეთისას ვერ შევადარებთ - რუსული ბევრად უფრო შთამბეჭდავია. ან იქნებ უკრაინა უფრო კარგად ნიღბავს თავისი ჯარების გადაადგილებას ან, სავარაუდოდ, კიევს ნაკლები ტექნიკა ჰყავს? როგორც ჩანს, ორივე ერთად უნდა ვიგულისხმოთ.

33-1649838897.png

ბევრი თვლის, რომ ომის მომდევნო ეტაპი აღმოსავლეთში ამ კონფლიქტის დასასრულს გადაწყვეტს. ასევე, ბევრი დარწმუნებულია, რომ რუსეთისა და უკრაინის ჯარების შეტაკება სისხლისმღვრელი იქნება.

ჩვენი თხოვნით, უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთ საარტილერიო პოზიციაზე მიგვიყვანეს, საიდანაც რუსული პოზიციების მიმართულებით ისვრიან. ირგვლივ მხოლოდ ვაკეა, მინდორი, ღია სივრცე. უკრაინელ მეომრებს გარკვეული უპირატესობა აქვთ, რადგან მათ კარგად მომზადება მოასწრეს - მტკიცე თავდაცვითი ზღუდეებით და ტრანშეა-სანგრებით.

საარტილერიო პოზიციებზე მისულებმა, ვნახეთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საკმაოდ ბევრი საშუალება, მათ შორის - დასავლეთის სახელმწიფოების მიერ მიწოდებული მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - „სტინგერები“ რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ.

მსგავსმა იარაღმა ამ ომში დიდი როლი შეასრულა - რუსეთს ჰაერში უპირატესობა კი აქვს, მაგრამ ჰაერს ბოლომდე მაინც ვერ აკონტროლებს.

უკრაინის არტილერიაც თავის ეფექტიანობას აჩვენებს: ვნახეთ მობილური სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებსაც, ბრძანების თანახმად, დისლოცირების ადგილის შეცვლა სწრაფად შეუძლიათ. რუსეთის არმია რაოდენობით უფრო დიდია, მაგრამ უკრაინელები უფრო მობილურები არიან და მათ თავდაცვის მეტი გამაგრებული ხაზი აქვთ.

სანამ უკრაინის არმიას ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და არტილერია აქვს, მანამ რუსებს შორს წინსვლა გაუჭირდებათ.

ბოლო დრომდე დაპირისპირებულ მხარეებს ამ რეგიონში თითქმის თანაბარი ძალები ჰყავდათ - თითოეულს, დაახლოებით, 30-40 ათასი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ რუსეთი, დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, ისწრაფვის, რომ თავისი ძალები გააძლიეროს - გააორმაგოს და უფრო მეტიც - გაასამმაგოს. თუმცა ექსპერტები იქვე ამბობენ, რომ მოსკოვს ჭარბი ძალების თავმოყრისათვის დრო დასჭირდება. საქმე ისაა, რომ მოსკოვს ომამდე კონცენტრირებული სამხედრო ქვედანაყოფების 20% უკვე გაუნადგურდა.

გარდა ამისა, დონბასში უკრაინას თავისი არმიის ყველაზე გამოწრთობილი ნაწილები ჰყავს განლაგებული, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება 2014 წლიდან აქვთ მიღებული - ისინი პრორუს სეპარატისტებს რვა წლის განმავლობაში ებრძვიან. მართალია, ზოგიერთი ქვედანაყოფი დაღლილად გამოიყურება, მაგრამ საბრძოლო სული მაღალ დონეზე აქვთ შენარჩუნებული.

უკრაინის უპირატესობა ისიცაა, რომ კიევი რეალურ დროში, განუწყვეტლად იღებს დასავლელი მოკავშირეების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის არმიის მოქმედებების შესახებ. ეს „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტებს დაუდასტურეს როგორც დასავლელმა ჩინოვნიკებმა, ასევე - უკრაინელებმაც, თუმცა - დეტალების გარეშე.

თავის მხრივ, რუსეთს უპირატესობა აქვს პირადი შემადგენლობის მხრივ: ათობით ათასი ჯარისკაცი კიევის რეგიონში წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ახლა დონბასში იქნა გადმოსროლილი. ამჟამად რუსეთს უფრო ნაკლები ფრონტები და ცოცხალი ძალის უფრო მეტი კონცენტრაცია აქვს, ვიდრე ეს ომის დასაწყისში ჰქონდა. [საწვავით და საბრძოლო მასალებით] მომარაგების შესაძლებლობაც მეტი აქვს, ადრინდელთან შედარებით.

უკრაინის პრობლემებს შორის შიდა მტრების საკითხიც დგას: კრამატორსკში ჩვენ პოლიციის პატრული ვნახეთ, რომელიც რუს დივერსანტებს ეძებდა. ფაქტია, რომ აქაური მოსახლეობის პრორუსული განწყობა უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის სხვა ნაწილებში. პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს გამვლელებს - რუსი დივერსანტების გამოვლენის მიზნით, ამოწმებს მობილურ ტელეფონებსაც - ვაითუ, რომელიმე აქაური პირი ფრონტის წინა ხაზიდან რამე ინფორმაციას ან ფოტოსურათებს უკრაინის პოზიციების თაობაზე ვინმე რუსს უგზავნის.

როგორც ადგილობრივი უკრაინული პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მალიში ამბობს, ისინი ყოველდღიურად აკავებენ საეჭვო პირებს და მათ სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცემენ. „არ მესმის, რას ფიქრობენ ისინი... შეიძლება რუსეთის პროპაგანდის ქვეშ არიან მოქცეულნი. ჩემი აზრით, ომის შემდეგ უკრაინელმა ხალხმა უნდა მოიფიქროს, რა უყოს იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანას ეხმარებიან“, - ამბობს პოლკოვნიკი და თვლის, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შედეგია.

აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქი რუსეთის არტილერიის ჭურვების ქვეშაა, იბომბება რუსული ავიაციის მიერ, ფეთქდება რაკეტებიც. კრამატორსკის სასაფლაოს ფართობი განუწყვეტლივ მატულობს - ითხრება ახალი საფლავები... მხოლოდ გასულ კვირას ქალაქის სარკინიგზო სადგურზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა.

ჩვენ ამას წინათ დაღუპული უკრაინელი ოფიცრის დაკრძალვის მომსწრენი გავხდით. 34 წლის ალექსანდრე ტისლენკო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში მსახურობდა და ფრონტზე დაიღუპა. დედამისს, ტატიანას მხოლოდ ის უთხრეს, რომ მისი ვაჟი რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის - „გრადის“ სარაკეტო შეტევამ იმსხვერპლა.

„ჩემმა შვილმა სიცოცხლე სამშობლოს - უკრაინას შესწირა. მე ვამაყობ, მაგრამ ჩემთვის შვილის დაღუპვა უდიდესი დანაკარგია, მას ვერ დავივიწყებ. წყეულიმც იყოს პუტინი ამ ომის დაწყების გამო“, - ამბობს ტატიანა ჩვენთან საუბარში, დაკრძალვის შემდეგ.

ომი აქ, აღმოსავლეთ უკრაინაში, უახლოეს კვირაში ბევრ დედას განუზომელ ვარამსა და მწუხარებას მოუტანს - უკრაინაშიც და რუსეთშიც. აქ რუსეთ-უკრაინის ომის უმძიმესი ეტაპი იქნება და, ბუნებრივია, ორივე მხარეს დიდ დანაკარგები ექნება.

ბრძოლის წინ ფსონები უმაღლეს ზღვრამდეა გაზრდილი“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ