დაჭრილმა უკრაინელმა ტანკისტმა, რომელიც დაღუპული ეგონათ, 6 კმ მოტეხილი ფეხით იხოხა და გადარჩა - ნახეთ, რას ჰყვება იგი - კვირის პალიტრა

დაჭრილმა უკრაინელმა ტანკისტმა, რომელიც დაღუპული ეგონათ, 6 კმ მოტეხილი ფეხით იხოხა და გადარჩა - ნახეთ, რას ჰყვება იგი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის - ბავშვები. მოქალაქეების გადასარჩენად უკრაინელი თუ სხვა ეროვნების ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან. ერთ-ერთი ასეთი უკრაინელი მებრძოლი სერგეი ხრაბრო გახლავთ, რომელიც თანამებრძოლებს დაღუპული ეგონათ...

"ამბავი უკრაინის სამხრეთით მოხდა, სერგეი ტანკ Т-64-ის მექანიკოსია, მისი ტანკი კოლონას მიუძღვებოდა, როცა ნაღმზე აფეთქდა.

როდესაც სერგეი გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ მძიმედ იყო დაჭრილი და ისევ ტანკში იმყოფებოდა. უკრაინელი მებრძოლი გადმოძვრა ტანკიდან, გადავიდა ქუჩის ნაპირას და ასე აპირებდა გზის გაგრძელებას, თუმცა აფეთქებების ხმა შემოესმა და შეამჩნია, რომ მტრის ტანკი უახლოვდებოდა. მან მიწის თხრა დაიწყო, სხეულზე მიწა და ფოთლები დაიყარა, რათა რუსულ ტანკს არ შეემჩნია. რუსებმა იფიქრეს, რომ სერგეი უკვე გარდაცვლილი იყო და ყურადღება არ მიაქციეს. ისინი ერთ-ერთ უკრაინულ სოფელში გამაგრდნენ და უკრაინულ ჯარს შეუტიეს.

საათები გადიოდა და ის ვერავის დაუკავშირდა. იმედი დაკარგა, რომ ვინმე უშველიდა, თუმცა გაუსაძლისი ტკივილისა და დაზიანებული ფეხების (მრავლობითი მოტეხილობების) მიუხედავად, მტერს მაინც დაემალა. მხოლოდ ერთზე ფიქრობდა - უნდა გადარჩენილიყო.

საბოლოოდ, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - დაჭრილი როგორმე უნდა მისულიყო თანამებრძოლებთან. უწყლოდ და აუტანელი ტკივილით, მებრძოლმა 6 კილომეტრი ცოცვით გაიარა და თან მტრის უპილოტოებსა და ჯარისკაცებს ემალებოდა.

მხოლოდ მაშინ, როცა გორაკზე ავიდა, მობილურმა ტელეფონმა კავშირი დაიჭირა და თანამებრძოლებს დაუკავშირდა. სერგეიმ უკრაინელებს შეატყობინა, ზუსტად სად იმყოფებოდა და უკრაინელ მებრძოლთა უახლოეს თავშესაფრამდე ცოცვა გააგრძელა. თანამებრძოლებმა ის მაშინ იპოვეს, როცა სერგეი უკვე ვეღარ მოძრაობდა, ძალაგამოცლილი, სიტყვასაც ვეღარ ამბობდა. უკრაინელებმა ის ექიმებთან მიიყვანეს“, - ვკითხულობთ უცხოურ საინფორმაციო საშუალებებში.

რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ სერგეი გამოფხიზლდა და თავად ჰყვება იმ ისტორიას, როგორ გაიარა ხოხვით რამდენიმე კილომეტრი და თავი დააღწია მტრის ჯარს. სერგეი არც გაუსაძლის ტკივილზე საუბრობს და არც იმაზე, რომ ახლა მებრძოლს ეტლით უწევს გადაადგილება. როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ის აღელვებს, რომ ექიმის ცნობით, წელიწად-ნახევარში შეძლებს ნაბიჯის გადადგმას.

უკრაინელი მებრძოლი დარდობს, რომ მის სამშობლოში ისევ რუსი ოკუპანტები რჩებიან, თუმცა დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები გაიმარჯვებენ.