სტალინმა შვილი არ გაცვალა ფელდმარშალ პაულიუსში, გაცვლის თუ არა პუტინი ნათელ-მირონ მედვედჩუკს დატყვევებულ მარიუპოლის დამცველებზე? - კვირის პალიტრა

სტალინმა შვილი არ გაცვალა ფელდმარშალ პაულიუსში, გაცვლის თუ არა პუტინი ნათელ-მირონ მედვედჩუკს დატყვევებულ მარიუპოლის დამცველებზე?

რუსეთ-უკრაინის ომის 48-ე დღეს უკიდეგანო ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ისევ ბრძოლები მიმდინარეობდა, მარიუპოლის დამცველები კვლავ არ ნებდებოდნენ და აგრძელებდნენ უთანასწორო ბრძოლას, მაგრამ ამ დღეს კიდევ ერთი რამ მოხდა და რამდენად გახდება ეს ფაქტი მნიშვნელოვანი, უახლოეს დღეებში გამოჩნდება...

თავად უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაქვეყნა დაკავებული და ხელბორკილდადებული ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო და ვიდეომიმართვა გაავრცელა - რუსეთის ფედერაციას ვთავაზობთ მედვედჩუკის გადაცვლას ტყვეობაში მყოფ უკრაინელ გოგო-ბიჭებზეო...

118462448-774cf894-3528-409d-8a00-476b20f0630c-1649839636.jpg
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის დასავლური კურსის მოწინააღმდეგე მედვედჩუკთან ისეთი ახლო ურთიერთობა აქვს, რომ შვილიც კი მოუნათლა...

ვინ არის ვიქტორ მედვედჩუკი ისეთი, რომ კრემლმა მის სანაცვლოდ რამდენიმე ათეული ან ასეული უკრაინელი ტყვე შეიძლება გაათავისუფლოს?

67 წლის ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე, საზოგადოებრივი მოძრაობა „უკრაინის არჩევანის“ ლიდერი და უმაღლესი რადას დეპუტატი გახლდათ, თუმცა 2021 წლის 11 მაისს მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით და მას შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

თუმცა ა.წ. 21 თებერვლის შემდეგ, როდესაც პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მედვედჩუკმა მოიხსნა ელექტრონული ბრასლეტი და გაუჩინარდა, სამ დღეში ომიც დაიწყო და მისთვის უკვე აღარავის ეცალა...

მაგრამ 12 აპრილს მედვედჩუკი, გამოწყობილი უკრაინის არმიის ფორმაში, კონსპირაციულ ბინაში დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და... მარიუპოლის ბოლო დამცველებს გადარჩენის გარკვეული შანსი გაუჩნდათ!

იკითხავთ, რა შუაშია მარიუპოლის „აზოვსტალში“ თავშეფარებული და სისხლის ბოლო წვეთამდე მებრძოლი „აზოვისა“ და სხვა უკრაინული დანაყოფების გმირი მებრძოლები, რომლებიც რუს ოკუპანტებთან დანებებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, მათ უკრაინის ხელისუფლება და არმია ვეღარაფრით დაეხმარება...

საქმე ისაა, რომ მედვედჩუკი უკრაინაში არა მარტო პრორუსული ძალების მთავარი მოკავშირე გახლდათ, არამედ - მას ნათელ-მირონი აკავშირებს თავად ...პუტინთან!

კერძოდ, 2004 წელს სანქტ-პეტერბურგის ყაზანის ტაძარში მედვედჩუკის მესამე ცოლთან შეძენილი გოგონა - დარია რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მონათლა, რითაც კიდევ უფრო განმტკიცდა მედვედჩუკის კავშირები კრემლთან, რაც შემდგომ წლებში არა ერთხელ დამტკიცდა, როდესაც მედვედჩუკი ყველანაირად ცდილობდა, უკრაინის ევროპასთან დაახლოების პროცესი ჩაეშალა და უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში დაებრუნებინა...

შესაბამისად, პუტინიც აფასებდა მედვედჩუკის ერთგულებას და მასთან არა ერთი საიდუმლო შეხვედრა გაუმართავს უკრაინის პრეზიდენტების, პოროშენკოსა და ზელენსკის ზურგს უკან.

პუტინის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია გასულ წელს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მედვედჩუკის შინაპატიმრობაში აყვანის ფაქტმა, რის შესახებაც სახალხოდაც გამოხატა თავისი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია.

სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს მედვედჩუკმა ელექტრონული ბრასლეტი თვითნებურად მოიხსნა, შინაპატიმრობიდან გაიქცა და კონსპირაციულ ბინაში იმალებოდა, პუტინის პირადი ბრძანებით, რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების (რომლებიც უკვე გოსტომელში, ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდნენ ანუ კიევის ცენტრიდან ოციოდე კმ-ში) სპეცჯგუფები ცდილობდნენ, კიევში მედვედჩუკის საიდუმლო ადგილსამყოფელის მოძებნას და მის სამშვიდობოს გაყვანას...

გაყვანას იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, პუტინი შეიძლება სწორედ მედვედჩუკს ამზადებდა უკრაინის ახალ „პრეზიდენტად“, თუკი რუსი ოკუპანტები აიღებდნენ უკრაინის დედაქალაქს და მოქმედი პრეზიდენტი ზელენსკი იძულებული გახდებოდა, ემიგრაციაში წასულიყო...

კრემლს ეს გეგმები კი ჩაეშალა, მაგრამ პუტინი, სავარაუდოდ, განსაცდელში მაინც არ დატოვებს მედვედჩუკს, თუმცა იმის სათქმელად, რომ პუტინი ნათელ-მირონის გამო მედვედჩუკს გადაარჩენს, ენა არ გვიბრუნდება - ის საშინელებები, რაც პუტინმა განვლილ 22 წელში ჩაიდინა და განსაკუთრებით იმას, რასაც ბოლო 49 დღეა, უკრაინას უკეთებს, პუტინის რამე სახით დაკავშირება ქრისტიანულ რელიგიასთან, ალბათ დიდ ცოდვად ჩაითვლება...

და მაინც, კიევში იმედი აქვთ, რომ კიდევ ერთი გზა სცადონ მარიუპოლის გმირი, მაგრამ თითქმის განწირული დამცველების გადასარჩენად...

სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი თავისი უფროსი ვაჟი - იაკობი არ გაცვალა სტალინგრადში დატყვევებულ გერმანელების სარდალ პაულიუსში და თითქოს ასეთი ფრაზაც უთქვამს: მე გენერალ-ფელდმარშალს უფროსს ლეიტენანტში არ ვცვლიო...

პუტინი სტალინი არ არის (თუმცა ძალიან ცდილობს, დაემსგავსოს) და არც მედვედჩუკია ფელდმარშალი პაულიუსი, მაგრამ პოლიტიკურ გარიგებებში, მათ შორის - ომის დროსაც ბევრი რამ გადამწყდარა კულუარებს მიღმა...

ჟენევის კონვენცია ტყვეებთან დაკავშირებით, საერთოდ, კრძალავს სამხედრო ტყვეებში სამოქალაქო პირების გაცვლას (თავად წარმოიდგინეთ, მოწინააღმდეგე მხარემ ტყვედჩავარდნილი თავისიანების დასაბრუნებლად შეიძლება ასეულობით სამოქალაქო პირი დააკავოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდეგ გადაცვლა მოითხოვოს, რასაც რუსეთის არმია ისედაც უკვე აკეთებს - მაგალითად, დაკავებული მელიტოპოლის მერის გამოსახსნელად უკრაინელებმა 9 რუსი სამხედრო ტყვე გაუშვეს), მაგრამ დაკავებულ მედვედჩუკს სამხედრო ფორმა ეცვა, რაც უკრაინელებს ფორმალურ საფუძველს აძლევს, კრემლს შესთავაზოს - ერთ დაკავებულში, მაგრამ როგორში - თავად პუტინის ნათელ-მირონში მარიუპოლის დამცველებისთვის ქალაქიდან უხიფათოდ გამოსვლის დერეფნის მიცემა...